კახა კალაძე - რეზოლუციის მიღებით დასტურდება, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები მტრობენ საქართველოს და მის ევროპულ მომავალს

ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, მაგრამ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, რეზოლუციის მიღებით დასტურდება, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები საქართველოს ევროპულ მომავალს მტრობენ.

„ამ ტიპის რეზოლუციები ჩვენ ბევრი გვინახავს. ეს არის ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან მათ ჰქონდათ ილუზია შექმნილი, რომ საქართველო მათი უკანა ეზო იყო. დღეს, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ატარებს ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესს. არაერთი შანტაჟის, შემოტევის, შეურაცხყოფის მიუხედავად, არ მივეცით შესაძლებლობა, ქვეყანა თავიანთი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ.

ამ რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ EPP და კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომლებიც ამ გაერთიანებაში არიან, მტრობენ საქართველოს, ქვეყნის ევროპულ მომავალს. ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, პირდაპირი მოწოდებები სააკაშვილის გათავისუფლებაზე, როცა თითქოს ცუდად იყო. ისიც გვახსოვს, რეზოლუციით სანქციებზე შეერთებისკენ რომ მოგვიწოდეს. წარმოიდგინეთ, ეს გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, დღეს ქვეყანაში როგორი ეკონომიკური მდგომარეობა გვექნებოდა. საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს და ხელს შევუწყობთ ქვეყანაში მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებას. ამ ტიპის ბიუროკრატები ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებას ხელს ვერ შეუშლიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ „ყველაზე დიდი უბედურება თავად ეს ბიუროკრატები არიან“.

„ეს ადამიანები საქართველოში ვერაფერს გახდნენ. ისინი დამარცხდნენ. ქართველმა ხალხმა ბოროტება დაამარცხა. ყველაზე დიდი უბედურება თავად ეს ბიუროკრატები არიან. ჩვეულებრივ დღის წესრიგად იქცა სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები, მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი ევროპულ მომავალზე. ამის მთავარი მიზეზი იყო ის ძირითადი ფუნდამენტები, რაზეც ევროპა და ევროპული ღირებულებებია დაფუძნებული. ახლა ეს ყველაფერი მოშლილია. მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის პროპაგანდას, სიძულვილის ენას ვხედავთ, თეთრზე გვეუბნებიან რომ შავია. ამ კონკრეტულ ბიუროკრატებს სურვილი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, ხელში ჩაეგდოთ საქართველო და შემდეგ გამოეყენებინათ თავიანთი ინტერესების გასატარებლად. ისინი ქვეყანაში დამარცხდნენ. საქართველოსთან მიმართებით ყველა მტერი იქნება დამარცხებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე