სააკაშვილი ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის, არამედ ეს იყო მავნებელი, ბოროტი ძალა, როგორც ბატონმა სოზარმა თქვა, ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა. კითხვა ყველას გვაქვს, დღეს არის თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში, პასუხი ყველამ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე გამოსწორდება, - ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
პარლამენტში დღევანდელ კომისიაზე განიხილება ყოფილ დეპუტატზე, ვალერი გელაშვილზე მომხდარი თავდასხმის ფაქტი, სადაც კომისიის წევრთა კითხვებს თავად ვალერი გელაშვილი პასუხობს. კომისიის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, უმძიმესი იყო ის კადრი, რომელიც ვალერი გელაშვილზე ანგარიშსწორების შემდეგ ტელევიზიით გამოჩნდა, ის, თუ როგორ იყო დაზიანებული დეპუტატი.
„ადამიანს სახე, როგორც ასეთი, ცემისგან წაშლილი ჰქონდა. ასეთ კადრს „ბოევიკში“ თუ ნახავდი. ცოცხალი ადამიანი ასეთი ნაცემი თანამოქალაქე, ფაქტობრივად, ნანახი არ ჰყავდა საზოგადოებას. ამიტომ ეს იყო ერთგვარი შოკი საზოგადოებაზე - აი, რა მოუვა იმას, ვისაც რაიმე სხვა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილთან ან მის ხელისუფლებასთან. ეს კადრი იყო ყველაზე მძიმე და ცუდი გაგებით, შთამბეჭდავი“, - განაცხადა განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
სწორედ ქადაგიშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა თეა წულუკიანი და აღნიშნა, რომ ყოფილ დეპუტატზე მომხდარი თავდასხმის კადრები საგამოძიებო კომისიის დასკვნას დანართებად დაერთვება.
„ბატონ ირაკლის ვუერთდები ამ პათოსში. ეს, ის ფოტო და ვიდეო მასალაა და არამხოლოდ ამ საქმეზე, რომლის [წაშლას] ძალიან დიდი ძალისხმევა მოანდომეს სააკაშვილმა, მისმაა NGO-ებმა და მთელმა პარტიებმა, იმიტომ, რომ მერე მარტივ მამრავლებად დაიშალა „ნაციონალური მოძრაობა“. დღემდე ცდილობენ, რომ ეს წაიშალოს, დაიკარგოს, განადგურდეს, წაიშალოს მეხსიერებიდან და ჩვენი კომისიის ვალია, რომ მათ ამის საშუალება არ მისცეს. შესაბამისად, რომელი მასალაც ბატონმა ირაკლიმ ახსენა, რა თქმა უნდა, ეს დანართებად ექნება ჩვენ დასკვნას, თითოეული, ფოტო-ვიდეო, რომელსაც მომავალი თაობის რამდენიმე წარმომადგენელი, პარლამენტის სტაჟიორები აქ გვესწრებიან, გარედან გვიყურებენ ახალგაზრდები, ჩახედავენ და ნახავენ, რომ ეს ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის სააკაშვილი, არამედ ეს იყო მავნებელი, ბოროტი ძალა, როგორც ბატონმა სოზარმა თქვა, ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა. კითხვა ყველას გვაქვს, დღეს არის, თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში. პასუხი ყველამ ვიცით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ესეც მალე, ასე დავარქვათ, რომ გამოსწორდება“, -განაცხადა წულუკიანმა.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თეა წულუკიანმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, მაშინ როდესაც ე.წ. ზილების საქმეზე დისტანციური ჩართვით იკითხებოდა, გოჩა კაკოიშვილი.
"ბატონი ალუდა კითხულობდა, სააკაშვილმა, ღირსება მაინც რატომ არ შეინარჩუნა, თუნდაც „ვივამდეში“. ამაზე კითხვა მხოლოდ რიტორიკული არ არის, მე მგონი. კითხვაზე პასუხი არსებობს, ის ებრძოდა ყველაფერს, რაც არის ქართველი კაცი იმიტომ, რომ თვითონ არ არის ქართველი კაცი. მე ვერ გავიგე, ის, ვინ არის - კი ვიცით, მაგრამ ასე ვიტყვი. ებრძოდა იმას, რაც არის ქართველი კაცების ღირსება, ქართული ღირსება. ის ღირებულებები, რაც ჩვენ ქვეყანაში ქალს და კაცს უნდა ჰქონდეს. ის ცდილობდა ამ ყველაფრის წაშლას, მათ შორის ისეთი ადამიანების წაშლით და განადგურებით, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ბატონო გოჩა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.