ეკა გიგაური - „MEGOBARI აქტი“ ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა - „ქართული ოცნების“ ადგილზე, ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი დაფიქრდებოდა, როგორ უნდა გააგრძელოს საქმიანობა

ეს არის ქართველი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება, თანაც ორპარტიულის - „ქართული ოცნების“ ადგილზე, ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი დაფიქრდებოდა, როგორ უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ „MEGOBARI აქტის“ მხარდაჭერას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ, თუ არ სურთ, რომ მათი მომხრეები და წევრები არ მოხვდნენ სანქციების ქვეშ.

„ეს არის ქართველი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება, თანაც ორპარტიულის. ჩვენ ვიცით, რომ ორივე პარტია - „რესპუბლიკელებისაც“ და „დემოკრატებისაც“ მხარს უჭერს „MEGOBARI აქტის“ მიღებას. თუკი ჩვენ მთლიანად ამ დისკუსიას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ერთმანეთისგან გამოყოფილია ქართველი ხალხის საქართველო და „ქართული ოცნება“, რადგანაც ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესი აბსოლუტურად სხვაა და „ქართული ოცნების“ რამდენიმე მაღალჩინოსნის ინტერესი არის აბსოლუტურად სხვა. ყველამ ვიცით, რომ მათ საქართველო მიჰყავთ რუსეთის მიმართულებით და საკუთარ ქვეყანას ძირს უთხრიან. ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ადგილზე, ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი დაფიქრდებოდა, როგორ უნდა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. მათ იციან, რა არის ქართველი ხალხის ინტერესი - რეპრესიების გაჩერება, იმ 47 პატიმრის გათავისუფლება, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ არიან ციხეში, ამასთან, არადემოკრატიული კანონების გაჩერება და ასევე, ახალი არჩევნების დანიშვნა, რომლის მიმართაც მოსახლეობას დიდი ნდობა ექნება. ამიტომ, ეს არის, რაც მათ უნდა გააკეთონ. იმ შემთხვევაში, თუკი მათ უნდათ, რომ მათი მომხრეები, წევრები არ მოხვდნენ სანქციების ქვეშ, რაც გათვალისწინებულია „MEGOBARI აქტით“, კარგად იციან, რა შეიძლება მათ გააკეთონ“, - განაცხადა გიგაურმა.

ამასთან, გიგაური გამოეხმაურა გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც აქტივისტ ნუცა მახარაძეს თავს დაესხნენ. გიგაურის თქმით, „ორგანიზებული ჯგუფები თავისი შეხედულებებით არ მოქმედებენ“.

„ეს ქვეყანა და ყველა ინსტიტუტი მიტაცებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ამიტომ, თუ ვინმეს აქვს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცები, ორგანიზებული ჯგუფები თავისი შეხედულებით მოქმედებენ, ეს ასე არ არის. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ყველა ის გაშავების კამპანია, დისკრედიტაციის კამპანია, ეს მეთოდები ადრე რუსეთის პუტინის მთავრობის მიერ უკვე გამოყენებულია და დღეს, საქართველოს ტერიტორიაზევე გამოიყენება. არაფერს ახალს ისინი არ იგონებენ, უბრალოდ რუსულ მეთოდებს იყენებენ სხვადასხვა ჯგუფის წინააღმდეგ“, - განაცხადა გიგაურმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა