ალბერტ პარკი - საქართველომ რუსეთის მიმართ სანქციებით სარგებელი მიიღო, რადგან ტვირთების გადაზიდვა სხვა მარშრუტებით გახდა სასურველი, მაგრამ თუ უკრაინაში მშვიდობა დამყარდა, შესაძლოა, ქვეყანამ დაკარგოს ბიზნესების ის ნაწილი, რომელიც ამ პერიოდში მოიზიდა

საქართველომ სარგებელი მიიღო რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, რადგან ტვირთების გადაზიდვა სხვა ქვეყნების მარშრუტებით გახდა სასურველი, მაგრამ ახლა არსებობს გაურკვევლობები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ, „აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) მთავარმა ეკონომისტმა, ალბერტ პარკმა მილანში მიმდინარე შეხვედრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პარკმა ყურადღება გაამახვილა სამ ძირითად გეოპოლიტიკურ „გაურკვევლობაზე“: რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო მოხსნა, უკრაინაში მშვიდობის დამყარება და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ არსებული პოლიტიკის შეცვლა.

ADB-ის მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ თუ აღნიშნული სამი მოვლენა განხორციელდა, საქართველო დაკარგავს იმ ბიზნესების ნაწილს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოიზიდა, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ გარკვეული ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება.

„საქართველომ, ისევე როგორც რუსეთის მეზობელმა ზოგიერთმა ქვეყანამ სარგებელი მიიღო რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, რადგან ტვირთების გადაზიდვა რუსეთის ნაცვლად სხვა ქვეყნების მარშრუტებით სასურველი გახდა. ამ გარემოებამ, რასაკვირველია, შექმნა გარკვეული ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ, ახლა არსებობს გაურკვევლობა, კერძოდ, თუ სანქციები მოიხსნება, უკრაინაში მშვიდობა დამყარდება და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეიცვლება, შესაძლოა, ყველაფერი ძველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს. შედეგად, საქართველო დაკარგავს იმ ბიზნესების ნაწილს, რომელიც ამ პერიოდში მოიზიდა“, - აცხადებს ალბერტ პარკი.

კითხვაზე, რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ შეძლოს გეოპოლიტიკური გაურკვევლობების ფონზე ბიზნესის ნაწილის შენარჩუნება, პარკი ამბობს, რომ ქვეყანამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტში ხარჯთეფექტური გახდეს.

„მე ვფიქრობ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ საქართველო მაქსიმალურად ეფექტური გახდეს შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტში - შეამციროს ტრანზაქციების ხარჯები და აღმოფხვრას ნებისმიერი არსებული შეფერხება. ეკონომისტები ასე ვხედავთ - როდესაც ადამიანები ეჩვევიან იმ გზას, რომელიც ხარჯების კუთხით ეფექტურია, მათ ძველ სისტემაზე დაბრუნება არ სურთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია შეინარჩუნოს ეს ბიზნესი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება კონკურენტული სერვისების მიწოდებაში. ამ ეტაპისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს მომსახურების ეფექტიანობის შენარჩუნება მანამ, სანამ სანქციები მოიხსნება. ვვარაუდობ, რომ საქართველო შეძლებს ამ ბიზნესის ნაწილის შენარჩუნებას, მაგრამ არა მთიანად - ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად შეძლებთ მომსახურების მიწოდებას“, - განაცხადა ალბერტ პარკმა „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ 58-ე ყოველწლიური შეხვედრები მილანში 4-7 მაისის პერიოდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა - „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის შენება”.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე