სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე - ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა - ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

[ირაკლი კობახიძის წერილი] ეს არის სამარცხვინო, აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა. ძალიან დიდი ნერვიულობა არის „ქართული ოცნების“ რიგებში, ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის აშშ-ის მთავრობას მიმართავს.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს წერილი არის მაჩვენებელი ამ ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის.

„საზოგადოებას მოვუწოდებ, წაიკითხოს ე.წ. პრემიერის წერილი აშშ-ის პრეზიდენტისადმი. ეს არის, პირველ რიგში, სამარცხვინო. აქ დაცული არ არის არცერთი არც პროტოკოლური, არც მეგობრული ურთიერთობები და წერილს ამის არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია. არ ვიცი ვინ დაუწერა, არ ვიცი რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ რაც ჩანს, ამას უნდა ვუყურებდეთ. აქ ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთა. ეს ალბათ პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა, ვერც ვერაფერს დაალაგებს. ის ვერც „MEGOBARI აქტის“ შედეგებს დაალაგებს და ცხადია, რომ ძალიან დიდი ნერვიულობა არის „ქართული ოცნების“ რიგებში. ამის გამომჟღავნებაა ეს წერილი. ძალიან მაინტერესებს ოდესმე თუ წაიკითხავს ამას ამერიკის პრეზიდენტი. ალბათ დღეს ამისთვის არ სცალია, ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი. გამაოგნებელი იქნება იმ ქვეყნიდან წამოსული წერილი, რომელსაც ამერიკა 30 წელზე მეტია ყველა კუთხითა და ფორმით ეხმარება. ამერიკა, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა, მოამზადა იმისთვის, რომ მას ჰქონდეს თანამედროვე სტანდარტები, რომელიც მოგვეხმარება იმისთვის, რომ ქართული ეკონომიკა იყოს თავის ადგილზე და 30 წელი ვიყავით ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების. ეს არის ჩვენი პასუხი. ეს არის ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი, მაგრამ ეს რომ არის მაჩვენებელი ამ ხელისუფლების მორალურად და პოლიტიკურად ჩამოშლის, ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს უნდა დავინახოთ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

კობახიძე წერილში საუბრობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქციებზე და აშშ-ის ადმინისტრაციას მისამართით ამბობს, რომ გასაკვირია, რომ ისინი ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებენ.

გარდა ამისა, კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის სრული თანხვედრაა.

მან ასევე „დიფ სთეითზეც“ ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, „რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება“.

„ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ“,- წერს ირაკლი კობახიძე წერილში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა