სალომე სამადაშვილი - გამოდის ინფორმაცია, რომ ჩამოწერილია სია, ვინ უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან, რეჟიმი არავის დაინდობს, ვინც არ არის მზად რუსული დავალების შესასრულებლად - ისე შეაგდებს მატარებლის ქვეშ და გასრესს, თვალსაც არ დაახამხამებს

გამოდის ასეთი ინფორმაციაც, რომ ჩამოწერილია სია, ვინ უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან. ეს ხალხიც, შეიძლება, ფიქრობდა, რომ დაჯდება, თავის საქმეს გააკეთებს და რეჟიმი მას დაინდობს. არ დაინდობს ეს რეჟიმი არავის, ვინც არ არის მზად რუსული დავალების შესასრულებლად, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, „თუ ვინმეს დღეს დაბალანსებული ურთიერთობა აქვს რეჟიმთან, როცა რეჟიმს დასჭირდება, მატარებლის ქვეშ შეაგდებს და გადაუვლის“.

„ჩვენი საზოგადოების გამოწვევა არ არის არცერთი კონკრეტული ადამიანის კარიერული მომავალი. ჩვენი საზოგადოების გამოწვევა დღეს არის სხვა რაღაც და ეს არის რუსეთისა და ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფო. ასეთ სახელმწიფოში ვერავინ შეძლებს საკუთარი ინტერესების დაცვას. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ დღეს დაბალანსებული ურთიერთობა აქვს რეჟიმთან და რეჟიმი მას არ ეხება, მან უნდა იცოდეს, რომ ხვალ, როცა ამ რეჟიმს დასჭირდება ისე შეაგდებს მატარებლის ქვეშ, ისე გასრესს და ისე გადაუვლის, რომ თვალსაც არ დაახამხამებს. ეს არის რეჟიმი. ეს არ არის ან სახელმწიფო ინტერესებზე ან კანონის უზენაესობაზე ან რაღაც წესების პატივისცემაზე აგებული სისტემა და ასეთი სისტემა ებრძვის და უპირისპირდება ნებისმიერ ადამიანს და გასრესს ნებისმიერს, ვინც არ უნდა იყოს ის.

როდესაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთის მიერ მართული სისტემით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმით საქართველოს სახელმწიფოს გაუქმება მიმდინარეობს, ამ რეჟიმთან დაპირისპირება მარტო ოპოზიციის ვალდებულება კი არ არის ან არასამთავრობო ორგანიზაციების ან დამოუკიდებელი მედიის, დიდი საზოგადოებრივი წინააღმდეგობაა საჭირო ამ რეჟიმის შესაკავებლად და მე ამ საზოგადოებაში მოვიაზრებ ყველას, მათ შორის, იმ ხალხს, რომელსაც დღეს გასაგდებად ამზადებენ იგივე დიპლომატიური სამსახურიდან.

გამოდის ასეთი ინფორმაციას, რომ ჩამოწერილია სია, ვინ უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან. ეს ხალხიც, შეიძლება, ფიქრობდა, რომ დაჯდება, თავის საქმეს გააკეთებს და რეჟიმი მას დაინდობს. არ დაინდობს ეს რეჟიმი არავის, ვინც არ არის მზად რუსული დავალების შესასრულებლად. რუსულ რეჟიმს ან ბოლომდე უნდა ჩაბარდე და ემსახურო ან უნდა შეეწინააღმდეგო ისე, რამდენადაც ეს შეგიძლია და ეს გაკვეთილი უნდა გამოიტანოს აქედან საზოგადოებამ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე შეაფასა „ქართული ოცნების“ სანქცირების შესახებ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან კრიტიკის მიზეზი გახდა.

სამადაშვილის თქმით, ელჩი ვალდებულია, ქართულ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, რითაც „ქართული ოცნების“ პროპაგანდას უშლის ხელს.

„ყველა განხილვა, რომელიც ბრიუსელში იმართება გასული თვეების მანძილზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დონეზე, იქ მთავარი განხილვის თემა არის სწორედ სანქცირების თემა. ევროკავშირის ელჩის ვალდებულება რა არის, თუ არა ის, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ქართულ საზოგადოებას იმაზე, თუ რა დამოკიდებულება არის დღეს ევროკავშირში. ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ელჩი იქცევა, როგორც კეთილსინდისიერი დიპლომატი, უბრალოდ, მისი კეთილსინდისიერება და სიმართლის თქმა ხელს უშლის „ქართული ოცნების“ რუსულ პროპაგანდას, რომლითაც ისინი ადამიანების მოტყუებას ცდილობენ, თითქოს მათ რაღაც რესურსი აქვთ მათ ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზაციის, ახალი არჩევნების ჩანიშვნის გარეშე. ეს არის განწყობა ევროკავშირში და ქართველი ხალხი იმსახურებს სიმართლეს, მითუმეტეს, სწორედ ამ ხალხის დამსახურებით არის დღეს ის ვითარება, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი ჯერჯერობით ფორმალურად მაინც გვაქვს“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია