ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

* * *

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

ირაკლი კობახიძის წერილში აშკარად ჩანს ავტორის განაწყენებული ტონი და ასევე ისიც, რომ იმ ვითარებაში, რაც მივიღეთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, თითქოსდა ადანაშაულებს ტრამპს, რაც ძალიან არასწორია. ამასთანავე, კობახიძე კი ლაპარაკობს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, მაგრამ არ ჩანს კონკრეტულად რით, რა მიმართულებით ფიქრობს “ქართული ოცნება” გაუმჯობესებას, ეს უნდა იყოს პოლიტიკური ხასიათის, ეკონომიკური თუ სხვა... ეს არის უფრო წერილი-ელეგია, “ხმად მღაღადებლისა”, რომელშიც არ ჩანს ის დეტალიზაცია, რაც ამ რანგის მიმართვას უნდა ახლდეს. აქამდეც ამბობდნენ, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობდა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დამყარებას, რაც არ გამოუვიდათ. არ ვამბობ, რომ ამას კვლავაც არ შეეცდებიან, მაგრამ დღეს კობახიძის წერილი შეიძლება მივიჩნიოთ ამ წარუმატებელი ეტაპის ერთგვარ შეჯამებად. ეს ეტაპი უკავშირდებოდა პოლიტიკური კავშირის ძიებას, რაშიც, დიდი ალბათობით, დიდი ფული დაიხარჯა”, - აცხადებს ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სტამბოლში რაც მოხდა, ეს ერთი მაყურებლის თეატრია და ეს მაყურებელი ტრამპია”.

“ამასთანავე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ემზადება დიდი შინაარსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ცდილობენ განწყობების შემზადებას ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება, ალბათ, დაუკავშირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ოფიციალურ დეკლარირებას, ამას სჭირდება კონკრეტული ნიადაგი და იდეოლოგიური საფუძველი, რის შემზადებაც ხდება. აქედან გამომდინარე, ამ წერილს შიდაპროპაგანდისტული მიზანიც ჰქონდა. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება, ალბათ, წლის ბოლომდე გაცხადდება... 2008 წლის ომში წინა ხელისუფლების ასეთი ღია ტექსტით დადანაშაულებას პირდაპირ ვერ დავუკავშირებდი მოსალოდნელ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაზე გამუდმებით ლაპარაკი მიუთითებს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ ერთ ნაკლზე - მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია. ძალაუფლების შენარჩუნების სურვილმა გადაფარა სახელმწიფოებრიობის განცდა, სახელმწიფო ინტერესების პრიმატის შეგრძნება ნებისმიერ აზრსა თუ შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რაც შეიძლება გვქონდეს “ქართულ ოცნებასთან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ყიფიანი.

“საქართველოს პარლამენტის განცხადება ნამდვილად კობახიძის წერილის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს, საერთო ჯამში კი აჩვენებს, რომ “ქართული ოცნების” მოქმედებები არ არის ერთჯერადი და მიუთითებს იმაზე, რომ გეოპოლიტიკური განვითარების გზის შესახებ გადაწყვეტილება არსებითად მიღებულია. ფაქტობრივად, ეს განზრახვა უკვე ზედაპირზეა. ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი აქტით გაფორმება. თუ ვითარება კარდინალურად არ შეიცვალა, ამის გაფორმებას აუცილებლად ვიხილავთ წლის მიწურულამდე. ყველაფერი, რისი მომსწრენიც ვართ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დასავლური ღერძის რომელიღაც სხვა ღერძით ჩანაცვლებას ემსახურება. რა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში? ეს არის უპირველესად “3+3“ პლატფორმასთან შეერთება, ასევე ბოლო ხანს “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები სოციალურ ქსელებში არცთუ იშვიათად მსჯელობენ “ბრიკსის” ავკარგიანობაზე. აშკარაა კონტაქტების ინტენსიფიკაცია რუსეთის თუ ჩინეთის მიმართულებით”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“არავინ დაობს იმაზე, რომ რუსეთთან გვაკავშირებს გეოგრაფია, მასთან უნდა იმუშაოს არა მხოლოდ ამ ხელისუფლებამ, არამედ ნებისმიერმა მომდევნომაც, მაგრამ ამ მუშაობას, ურთიერთობების ამგვარ მართვას აქვს ზღვარი და თავისი წითელი ხაზები. რა მომენტში შეიძლება გადაკვეთოს “ქართულმა ოცნებამ” ეს ხაზები, ჯერ არ ვიცით, ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. თუ გლობალურად შევხედავთ მსოფლიოს, ჩინეთთან ურთიერთობს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქვეყანა და ხელისუფლება, მაგრამ ეს პოლიტიკა არ უნდა ემსახურებოდეს ჩვენი მაგისტრალური ვექტორის დაზიანებას. მულტივექტორული პოლიტიკის განჭვრეტა მომავალში იქნება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, მაგრამ ამ ვექტორებშიც, თავისთავად ცხადია, პრიორიტეტები განსაზღვრული იქნება. მათში დასავლური ვექტორი, რომელიც კონსტიტუციით არის გამყარებული და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირებით შევსებული, დომინანტი უნდა იყოს. დანარჩენები კი უნდა სარგებლობდნენ იმ პრიორიტეტით, რასაც ფაქტობრივი კონიუნქტურა ან გარემოებები გამოკვეთენ”, - მიიჩნევს “ჯეოქეისის” თავმჯდომარე.

“ალბანეთში კობახიძე ამ სამიტს ესწრებოდა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნოდა იქ ყოფნა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო პროტოკოლური, ფორმალური აუცილებლობა. შესაბამისად, ამ ვიზიტიდან შორს მიმავალ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. დიდი განსხვავებაა საუბარსა და გასაუბრებას შორის. ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა, სახელისუფლებო იქნება თუ ოპოზიციური, მიგვაჩვია, რომ ორსიტყვიან გასაუბრებასაც კი საუბრად, განხილვად, მსჯელობად ასაღებენ. ესეც პოლიტიკური სიმწიფისა და კულტურის დაბალ ნიშნულზე მეტყველებს. ჩვენ ვნახეთ სამთავრობო მედიის სპეციალურად მომზადებული სამთავრობო ამონარიდები და ოპოზიციური მედიის საგანგებოდ შეკრული ამონარიდები, რაც სრულად იყო აცდენილი ერთმანეთთანაც და რეალობასთანაც. ესეც ქვეყანაში არსებული ტოქსიკური ჯაჭვის ერთი რგოლია. თუ სრულ სურათს არ დავინახავთ, რაც ხდება, ყველა მანკიერებაზე არ ვისაუბრებთ, მაშინ ვერ დავარქმევთ სახელს იმას, რაც ჩვენს თავს ხდება. როდესაც ვლაპარაკობთ აზრით მანიპულაციაზე, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით განწყობების შექმნაზე, მოდი, ვიყოთ ობიექტურები და გამოვუტყდეთ საკუთარ თავს, ჩვენ სად ვცოდავთ ამ პროცესში, თუ გვინდა სწორი დიაგნოზი დავსვათ და განკურნების გზაც ვიპოვოთ”, - დაასკვნის ვიქტორ ყიფიანი.

“რაც შეეხება რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრას, სადაც პუტინმა დაბალი დონის დელეგაცია გაუშვა, რაც ტელეეკრანზე ვიხილეთ, დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ შეხვედრა სტამბოლში იყო ერთი მსახიობის თეატრი კი არა, ერთი მაყურებლის თეატრი და ის დონალდ ტრამპი იყო. ჩემი შეფასებით, ორივე მხარე, რუსულიც და უკრაინულიც, ცდილობდა ჯანსაღი, სამოკავშირეო თუ არა, კეთილგანწყობილი დამოკიდებულების შენარჩუნებას ტრამპთან. ერთადერთი ხელშესახები რაც მოხდა, ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმებაა. ასევე ითქვა, რომ გაგრძელდება მოლაპარაკება... დანარჩენი ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, შემდგომი პროცესისას ტრამპის ვის უფრო დიდი მხარდაჭერა ექნება. მინდა საგანგებოდ აღვნიშნო, ტრამპის და არა აშშ-ის. საქმე ის არის, ამ ფორმაციის ამერიკის მიდგომა უფრო პერსონალურია, ვიდრე ინსტიტუციური”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ტრამპს შეუძლია დღის განმავლობაში გადათქვას მანამდე გაკეთებული განცხადებები და სხვა განწყობა და სხვა მუხტი შემოიტანოს. ამაშიც გამოიხატება ამ პროცესის არაპროგნოზირებადობა. ამ მხრივ გაცილებით დიდი გაგებით ვეკიდები უკრაინულ მხარეს, რომელიც ტრამპსა და პუტინს შორის შესაძლო მსოფლმხედველობრივი თანხვდენის უნებლიე მძევლად იქცა. ეს შეიძლება არაპოპულარული ნათქვამია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ასე ჩანს... ამას ჩვენი ინტერესების კუთხიდანაც უნდა შევხედოთ. მომგებიან ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს ზელენსკის ჩასვლა ანკარაში, ცხადი იყო, რომ პუტინი არ ჩავიდოდა, რაც კი არ დაგმო ტრამპმა, არამედ მის გამართლებას შეეცადა, ისევ საკუთარ როლს გაუსვა ხაზი, რომ მისი უშუალო ჩართულობის გარეშე ყველაფერი მეათეხარისხოვანია. ამ პროცესში მეტისმეტად ჭარბია პერსონიფიკაციის ხარისხი. ადამიანს, მის პიროვნულ ქარიზმას საგარეო ურთიერთობებში, საზოგადოდ პოლიტიკაში, ყოველთვის ჰქონდა დატვირთვა, მაგრამ ის, თუ როგორ დაირღვა დღეს ბალანსი ინსტიტუციურ მართვასა და პიროვნულ ქარიზმას შორის, ნამდვილად ბევრ კითხვას აჩენს. ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ უკრაინის ომის კონტექსტში, როდესაც მთავარი მოთამაშეები არცთუ სანიმუშო მაგალითს იძლევიან”, - დასძენს ვიქტორ ყიფიანი.

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

“პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. გახარია არც ერთ არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებს და სავარაუდოდ, მზადებაც დაწყებული აქვს. გახარიამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ემზადებიან ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის მუნიციპალურისთვისაც. მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. ანალიტიკოსები მის გადაწყვეტილებას აფასებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ მას “ძლიერი საქართველოც” შეუერთდეს. “ჩემი აზრით, ის პარტიები, რომლებმაც თავის დროზე 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ასევე, გამორიცხული არაა “ძლიერმა საქართველომაც” არ თქვას უარი”, - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი.

“ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ არც ერთხელ, არც ერთი სიტყვით ბოიკოტი არ გამოგვიცხადებია მომავალში არც ერთი შესაძლო არჩევნებისთვის. ჩვენს ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს არ ვატყუებთ, რადგან პოლიტიკური პარტიის მთავარი ინსტრუმენტი არის, არჩევნებში მონაწილეობის გზით მიაღწიოს ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და ვთვლი, რომ ნებისმიერი რადიკალური რევოლუციური სცენარი დღეს საქართველოსთვის იქნება დამღუპველი. მე მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ბოიკოტს უცხადებენ და ა.შ. ეს საუბარი და მოწოდება იქნება კონსტრუქციული და შინაარსობრივი მაშინ, თუ მსგავსი მოწოდებების და პოზიციების ავტორები გააგრძელებენ ამას ყველაფერს და იტყვიან, რომ ბოიკოტის პარალელურად რა არის მათი შემოთავაზება, რა არის მათი სცენარი, გეგმა. ბოიკოტი ბოიკოტისთვის არის ჩიხი და ჩვენ არ გვაქვს ჩიხების დრო, ჩვენ გვაქვს ძალიან ცოტა დრო, რომ ქვეყანა ნორმალურ მდგომარეობაში დავაბრუნოთ”, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ მათ, ვისაც დემოკრატიის და ევროპული სტანდარტების დაცვის პრეტენზია აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, თუ ის დემოკრატიის და ევროპის სტანდარტებს იცავს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. თუ ეს არ უნდათ, მაშინ შეიარაღებული აჯანყება უნდა დაიწყოს. აჯანყება თანამედროვე სტანდარტი აღარ არის და ამიტომ თხზავენ რაღაცებს, რომ ვითომ არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს ხელისუფლების აღიარებას და ა.შ. ეს არაღიარება უნდათ იმისათვის, რომ საპროტესტო აქციები შეინარჩუნონ. საპროტესტო აქციები კი სჭირდებათ უცხოელებს, თორემ ჩვენს ოპოზიციას არაფერში უნდა, ამათ მხოლოდ პარლამენტში ყოფნა და პოლიტიკური აქტიურობა სჭირდებათ. ქუჩაში პოლიტიკური აქტიურობით ყველა აქტიურია და კიდევ სამზარეულოში. ეს არაა პოლიტიკა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ნიკა ჩიტაძეს კი გიორგი გახარიას გადაწყვეტილება არასწორად მიაჩნია. “გახარიას გადაწყვეტილება სწორად არ მიმაჩნია, რადგან თუ ის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად აცხადებს, რომ დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება არელიგიტიმურია, მაშინ იმ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, რომელსაც არალეგიტიმური მთავრობა ნიშნავს. თუმცა, მას თავისი გათვლები აქვს და გარკვეულწილად ემიჯნება სხვა ოპოზიციონერებს. მას თავისი მიზნები აქვს დასახული და სხვებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. თუნდაც ის, რომ “ქართულ ოცნებასთან” ერთად აკრიტიკებს “ნაციონალურ მოძრაობას”. ამ გზით სურს, საკუთარ მხარეს ბევრი ადამიანი გადმოიყვანოს. თუმცა, მაინც მგონია, რომ სუფთა თამაში არაა, როდესაც “ოცნებას” და “ნაცმოძრაობას”ერთ ქვაბში ხარშავს, ვინაიდან, ჩემი აზრით, ამ ორს შორის განსხვავება არსებობს. გახარიას გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან ის წინასწარ ნიადაგს ამზადებდა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

რამაზ საყვარელიძეს უჭირს წინასწარ იმის თქმა, კიდევ ვინ შეიძლება მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციიდან. “მგონი იაგო ხვიჩიას “გირჩი” აპირებს თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. მან ეს ადრეც თქვა და დანარჩენი ოპოზიცია გაბუტვის გამო გააკრიტიკა. ჯერჯერობით ადრეა იმის პროგნოზი, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს სურვილი და მიჭირს თქმა. აი, ხომ ხედავთ, ტრამპი დღეში სამჯერ ცვლის გადაწყვეტილებას. ეს იმიტომ, რომ წინასწარი გეგმები ცხოვრებას არ ემთხვევა”, - თქვა საყვარელიძემ. ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ძირითადად ის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებმაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. მათ კი, შესაძლოა კოალიცია “ძლიერი საქართველოც” შეუერთდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩემი აზრით, ის პარტიები, რომლებმაც თავის დროზე 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. გამორიცხული არაა “ძლიერმა საქართველომაც” არ თქვას უარი, მით უმეტეს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გირაო გადაიხადეს. ანუ, გარკვეულწილად, ამ ხელისუფლებასთან რაღაც კონტაქტში იმყოფებიან. უფრო ნათლად ჩანს, რომ “ნაცმოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას”, - თვლის ჩიტაძე და შეკითხვაზე - “ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე რამდენად მისაღებია ოპოზიციისთვის არჩევნებში მონაწილეობა?” - პასუხობს:

„ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ოპოზიციისთვის არჩევნებში მონაწილეობა მომგებიანი არ იქნება. ამის პირველი მიზეზი არის დღევანდელი ცენტრალური საარჩევნო კომისია და მოგეხსენებათ, როგორიცაა; და მეორეც, ოპოზიციას ახლა არ გააჩნია ფინანსები, რომ საარჩევნო კამპანია აწარმოოს. თუ არჩევნებში ჩაერთვებიან, ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აღიარებენ”...

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

წერილის გამოქვეყნება ემოციურ გადაწყვეტილებად არ უნდა განვიხილოთ, რომ ვინმე ვინმეზე გაბრაზებულია ან ნაწყენი, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამ წერილს აქვს უმთავრესად საშინაო ამოცანები. ის გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის - “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა ამომრჩეველს გაუმხილოს ის, რაც მან დიდი ხანია ისედაც კარგად იცის. ხელისუფლებამ იცის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა არა აქვს, უბრალოდ, არსებობდა ტექნიკური დამთხვევები “ოცნების” ხელისუფლების რიტორიკასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის და პროპაგანდა ამას იყენებდა იმისთვის, რომ ამომრჩევლისთვის მცდარი წარმოდგენა შეექმნა, თითქოს ეს ორი ძალა ერთ აზრზეა. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან ეს გამოაშკარავდებოდა და “მეგობარი აქტის” მიღების შემდეგ უკვე გასაგები გახდა. მცდარია ფიქრი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და მისივე უმრავლესობით დაკომპლექტებული კონგრესი, როგორც ქვედა, ისე ზედა პალატაში, სხვადასხვა აზრზე იყვნენ საქართველოს საკითხზე. ახლა ხელისუფლება ცდილობს საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის მაინც შეამციროს ის შედეგები, რაც ამ გამოაშკარავებას მოჰყვება”, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”.

“ამიტომ დაიწყეს ლაპარაკი, რომ შეიძლება დიპ სტეიტთან ტრამპიც დამარცხდეს. ეს წერილი ნამდვილად არ დაეხმარება “ოცნებას” ტრამპის ადმინისტრაციასთან სიტუაციის ნორმალიზებისთვის, პირიქით, უფრო გაამწვავებს მდგომარეობას. “ოცნების” მხარდამჭერები უნდა გავყოთ ორ ნაწილად: ერთნი არიან პროპაგანდისტები, კულტურული თუ პოლიტიკური ელიტა, რომელიც კონკრეტული სარგებლის მიღების გამო უჭერს მხარს “ქართულ ოცნებას” და მეორე - ისინი, ვინც დაექვემდებარნენ პროპაგანდას. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებზეც არაფერი მოქმედებს, მაგალითად, როგორც მიშას ჰყავს მიმდევრები, რომლებმაც დღემდე ვერ დაიჯერეს, რომ სააკაშვილი ავტორიტარული მმართველი იყო და “ნაცმოძრაობას” ქართველი ხალხის წინაშე ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. ვიღაცები ასევე ფიქრობენ “ოცნების” ხელისუფლებაზეც... ჩვენი ამოცანაა შემცირდეს პროპაგანდის მსხვერპლი ამომრჩეველი და თანაუგრძნონ ხალხის იმ ნაწილს, რომელიც იბრძვის ეროვნული ინტერესებისთვის, რაც მხოლოდ ევროპასა და დასავლეთს არ უკავშირდება. ეს არის დემოკრატია, რომელსაც გვართმევენ. თუ იქნება დემოკრატია, მერე ერთად უნდა გადავწყვიტოთ, დასავლეთით წავალთ თუ საით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახუშტი მენაბდე.

“ოპოზიციაზე კარგს ვერაფერს ვიტყვი. ისინი ხშირად ისე იქცევიან, რომ საკუთარ ამომრჩეველს შეურაცხყოფენ. ხალხს აქვს კითხვები, რომლებზე პასუხებიც უნდა ჰქონდეს ოპოზიციას. როდესაც ძალაუფლების მქონე ხელისუფლებას უპირისპირდები და გინდა ჩაანაცვლო, უნდა გქონდეს გეგმები, რათა ხალხს რაღაც შესთავაზო. აქციებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ერთ საკითხზე ჩამოკიდებული მოთხოვნა არ არის საკმარისი, რომ თავი მოუყარო იმდენ ხალხს, რომელიც ხელისუფლებაზე ზეწოლის საშუალებას მოგცემს, რომ მან დათმოს ძალაუფლება ან რაღაც ნაწილი მაინც. საქართველოში ამდენი ხალხი ქუჩაში არ გამოსულა. უახლესი ისტორიიდან გვახსოვს, რომ ამაზე ბევრად ნაკლები ხალხის გამოსვლით მომხდარა ცვლილებები, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სხვა ტიპის რეჟიმთან საქმე, რომელსაც სხვა ინსტრუმენტებით უნდა ვებრძოლოთ, მხოლოდ ერთი საკითხითა და გეოპოლიტიკით ეს საკმარისი არ არის. მეტი თემის შემოტანა გვჭირდება, რათა საზოგადოების მეტი ნაწილი ჩაერთოს პროტესტში”, - განაგრძობს რესპონდენტი..

“ჩვენი მთავარი სუსტი რგოლი ქართული ოპოზიციაა, რომელმაც ვერ შეძლო სტიქიურად ქუჩაში გამოსული ხალხის პოლიტიკურად ორგანიზება. იმის ნაცვლად, ამხელა ტალღა სტრატეგიაში ჩაერთო, პირიქით, თავისი უნიათობით ფრუსტრირება გაუკეთა. ოპოზიციას აზრის შექმნა ეზარება ან არ შეუძლია. საპარლამენტო არჩევნებში თბილისი კი მოიგეს, ბათუმიც და ქუთაისიც, მაგრამ მოიგეს პატარა უპირატესობით. აქ რომ დიდი უპირატესობა მოეპოვებინათ, მაშინ რეგიონების ის ხმები, რომლებიც ასევე მანიპულირებული და უსამართლოდ გამოყენებული იყო, არ იქნებოდა საკმარისი “ოცნების” გამარჯვებისთვის. ოპოზიციამ ეს ქალაქები იმიტომ მოიგო, რომ მოსახლეობას “ქართული ოცნება” არ უნდოდა, და არა იმიტომ, რომ ოპოზიციას უჭერდა მხარს. მათ რეალური სათქმელი რომ ჰქონოდათ, მეტ ხმას მოაგროვებდნენ”, - მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი.

“წინააღმდეგობის პირველ ეტაპზე ხალხი აფექტის მდგომარეობაში გამოვიდა. ეს იყო ინდივიდუალური პროტესტი, შეიძლება იქ 100 ათასი კაციც იდგა, რაც ქმნიდა კოლექტიურ განწყობას, მაგრამ რეალურად ეს იყო ინდივიდუალური პროტესტი. ყველა საკუთარი დღის წესრიგით მოვიდა, ერთმანეთს დროსა და სივრცეში დაემთხვნენ და შეიქმნა ერთობის ილუზია. ადამიანების გაერთიანება გეგმებისა და იდეების გარშემო არის ნამდვილი ერთობა, ჩვენ კი სინერგია ვერ მივიღეთ, რადგან ამას სჭირდება იდეა, ორგანიზება, პოლიტიკურობა. აღმოჩნდა, რომ ოპოზიცია არ იყო მზად ამისთვის. ახლაც ეს გვჭირდება _ კოლექტიური პროტესტი, ორგანიზება პატარ-პატარა ჯგუფებად და მერე მათი გაერთიანება. თუნდაც რამდენიმე ასეული კაცი იყოს ერთად, მთავარია, საერთო ინტერესი ჰქონდეთ. ქართველი ხალხის გაბრაზება არ გამქრალა, უბრალოდ, პირველადმა აფექტმა გაიარა. დაიღალა ხალხი, თუმცა ახალი ენერგიით ისევ აღივსება და როცა ეს მოხდება, ჩვენ თუ სტრუქტურებს დავახვედრებთ ამ პროცესს, მერე გაცილებით ეფექტიანად შევძლებთ პროტესტის მართვას”, - ამტკიცებს ვახუშტი მენაბდე.

“ჩემი აზრით, პასუხისმგებლიან ოპოზიციურ პარტიას ასეთი სტრატეგია უნდა ჰქონდეს - მან გადაჭრით არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ეს პოლიტიკური პროცესია. თავის მხრივ, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა გარკვეულ კომფორტს შეუქმნის “ქართულ ოცნებას”, თუმცა აქვე იბადება კითხვა, თუ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, ამის სანაცვლოდ რა სარგებელს მიიღებს ქართული დემოკრატია? ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში იქნებიან მზად არჩევნებში მონაწილეობისთვის. მე მგონია, მკვდარ ბოიკოტსა და უპირობო მონაწილეობას შორის არსებობს შუალედი, რომლის გამოყენება უნდა სცადოს ოპოზიციამ, რათა არჩევნებში უკეთესი სასტარტო პირობებით მიიღოს მონაწილეობა. ცხადია, მოთხოვნების სიაში პირველი უნდა იყოს პატიმრების უპირობო გათავისუფლება, დრაკონული კანონების გაწვევა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი რომ გახდეს?” - პასუხობს:

“ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტია. მაშინ იმ ნარატივზე ყველამ უარი უნდა თქვას, ვინც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილია დღეს პრეზიდენტი - თან ქალაქის მერი იყო და თან პრეზიდენტი, არ გამოვა. ამ იდეას არ ვეთანხმები, თუმცა ეტაპობრივად შესაძლოა პოლიტიკური სტრატეგია ისე გამოიჭედოს, რომ ეს გონივრული იყოს”.

“რაც შეეხება 26 მაისს, მიმდინარეობს კოორდინაცია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ხალხს შესთავაზოს საინტერესო დღე, სადაც იქნება პროტესტის განსხვავებული ფორმა, რომელიც, ერთი მხრივ, 26 მაისსა და მის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს, მეორე მხრივ, საპროტესტო მუხტს გააძლიერებს. რაც შეეხება სააკაშვილის ბანერებს, ძალიან რთულია “ნაცმოძრაობასთან” რაიმე ბერკეტი გქონდეს ან რამე შეთანხმება დაიცვა. არსებობენ პირები, რომელთაც მიშას იქით არაფერი აინტერესებთ. ამიტომ შესაძლებელია 26 მაისს “სიურპრიზი” მოაწყონ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად და ამას კოლექტიური ინტერესი გადააყოლონ. ამისგან ნამდვილად არა ვართ დაზღვეული.... ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით: პირველი - რეგიონებში წევრების გაზრდა და დასაყრდენის გაჩენა. სტრუქტურული გამართულობა და შიდადემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება; მეორე - გვქონდეს პროგრამა, როგორი ქვეყანა გვინდა. ჩვენ ხომ მხოლოდ ბიძინას წასვლისთვის არ ვიბრძვით, არამედ უკეთესი საქართველოსთვის და ამისთვის რეფორმებია საჭირო. ჩვენ ვმუშაობთ პროგრამულ საკითხებზე და 26 მაისს ჩვენი გეგმების პირველი პრეზენტაცია გვექნება. და მესამე - არსებულ სოციალურ პროტესტებთან თანამშრომლობა”, - დასძენს ვახუშტი მენაბდე.

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

“ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება მარტივდება. დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა 16 მაისს მოაწერა. მთავარი ცვლილება ისაა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებს, სხვა უცხოელებისაგან განსხვავებით, რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა არ მოეთხოვებათ. რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი და რა პოლიტიკური გათვლა აქვს კრემლს? ყოფილი სახელწმიფო მინისტრი და პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ ეს რუსეთის პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს.

“მოქალაქეობის მისაღებად ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებმა განაცხადით შს სამინისტროს უნდა მიმართონ. დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნის მიზნით განაცხადის შეტანისას რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება. “მთავრობამ დაადგინოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გაცემის პროცედურა იმ პირებისთვის, რომელთა მიმართაც გადაწყვეტილება მიღებულია ამ დადგენილების შესაბამისად, რაც ითვალისწინებს მისი გაცემის შესაძლებლობას, მათ შორის, აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიებზე”, - ნათქვამია დოკუმენტში. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანები განაცხადის წარდგენას ადგილზე მდებარე რუსეთის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეძლებენ. გარდა ამისა, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე რუსეთში ცხოვრობენ, შეუძლიათ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას რუსეთის შს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს მიმართონ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსეთს თავისი გეგმები აქვს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან. რუსეთის გეგმებში კი ჩადებულია, ვთქვათ, არჩევნები, ეკონომიკა, ტრანსპორტი... ალბათ დღის წესრიგში ეს გამარტივებული წესით მოქალაქეობის მიღებაც ჰქონდათ. ეს არ არის მთავარი, თუ რატომ მაინცდამაინც ახლა გადადგა ეს ნაბიჯი. როცა საჭიროდ ჩათვალეს, მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება. ტრაგედია ის არის, რომ აფხაზებსა და ოსებს ძალიან უჭირთ საქართველოს მოქალაქეობის მიღება იმის ფონზე, რომ რუსები ამას ამარტივებენ. თქვენ რომ შსს-ში გააკეთოთ განაცხადი და მოითხოვოთ პასუხი, გამოჩნდება რამდენი ადამიანი ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას და რამდენს ეუბნებიან უარს. 10-დან 8-ზე უარია. ამ დროს რუსეთი გამარტივებული წესით აძლევს მოქალაქეობას აფხაზებს. რუსები ასევე მათ ხელს უწყობენ მსუბუქად და იოლად რუსულ უნივერსიტეტებში ჩაბარებაში. ჩვენთან კი უაღრესად გართულებულია ეს პროცესი. ბევრი მსგავსი მაგალითის მოყვანა შეიძლება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რუსეთს სჭირდება აფხაზებისა და ოსების მაქსიმალურად ინტეგრირება, რათა ქართულმა მხარემ ვერ მოახდინოს მათი დაინტერესება საქართველოში დაბრუნებით. ის კომისიაც, წულუკიანის კომისიაც, ამაზე მუშაობს - რომ გადააბრალოს ყველაფერი საქართველოს. ერთი სიტყვით, მიდის გამალებული ანექსია ამ ტერიტორიებისა. აფხაზები და ოსები კიდევ უფრო მეტად ჩაერთვებიან რუსეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში, უფრო მარტივად იმოგზაურებენ, მოახერხებენ იქ ფეხის მოკიდებას, ქონების შეძენას, განათლების მიღებას, სამსახურის წამოწყებას. შესაბამისად, უფრო მეტად ინტეგრირებული იქნებიან რუსეთში, ვიდრე საქართველოში. მომავალში, როცა “ოცნება” აღარ იქნება, როცა საქართველოში მოვა სხვა ძალა, აღმოჩნდება, რომ ეს ხალხი იმდენად გარუსებული და გაუცხოებულია, რომ საქართველოს მიმართ არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ. ერთ სიტყვით, ისინი უფრო მეტად ინტეგრირებული იქნებიან რუსეთთან”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

"რუსეთ-უკრაინის ომის 1 177-ე დღეს სტამბოლში გამართული რუსულ-უკრაინული პირდაპირი მოლაპარაკება, როგორც თავიდანვე მოსალოდნელი გახლდათ, უშედეგოდ დამთავრდა (თუ არ ჩავთვლით ერთ კარგ ამბავს - სამხედრო ტყვეების 1 000 X 1 000-ზე გაცვლის შეთანხმებას). ეს მოლაპარაკება თავიდანვე განწირული იყო, რადგან პუტინმა მოლაპარაკების მაგიდასთან მეორეხარისხოვანი რუსი ჩინოვნიკები დასხა, ხოლო დიალოგი ორ საათსაც კი არ გაგრძელებულა და თანაც თარჯიმნის მეშვეობით (ისე, საინტერესო სანახავი იქნებოდა რუსულიდან უკრაინულზე და პირიქით სინქრონული თარგმანის მოსმენა), თუმცა ამ მცირე პერიოდშიც რუსულმა დელეგაციამ ისეთი გამაოგნებელი პირობები წაუყენა უკრაინულ მხარეს, წესით, უკრაინელები მაშინვე უნდა წამომდგარიყვნენ და შეხვედრა დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ. მაგრამ სწორედ ეს იყო პუტინის გათვლაც, რომ უკრაინის დელეგაციას დემონსტრაციულად დაეტოვებინა შეხვედრა, რის შემდეგაც კრემლი უკრაინულ მხარეს დასდებდა ბრალს სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლაში”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

“შეხვედრაზე რუსულმა მხარემ უკრაინულს ხუთი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა: უკრაინის ნეიტრალიტეტი, ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებაზე უარის თქმა და უცხო ქვეყნების სამხედრო კონტინგენტებისა და მასობრივი განადგურების იარაღის განუთავსებლობა უკრაინის ტერიტორიაზე; რეპარაციაზე უარის თქმა; რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა; უკრაინის პრეტენზიების მოხსნა ყირიმის, ასევე ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის კუთვნილებაზე და მომავალში მათი საერთაშორისო აღიარებისთვის ხელის შეუშლელობა; ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის არმია დატოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რომელთაც რუსეთი თავისად მიიჩნევს - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების იმ ნაწილებსაც, რომლებიც რუსეთს ჯერ კიდევ არ დაუპყრია. ამ ცინიკური პირობების, განსაკუთრებით კი იმ ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობა, რომლებიც პუტინის არმიას ჯერ არ დაუპყრია და კაცმა არ იცის, შეძლებს თუ არა, შესრულება წარმოუდგენელია, მაგრამ ეტყობა, სწორედ ამაზეა გათვლილი კრემლის სტრატეგია, რომ თან მსოფლიოს და პირველ რიგში აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს თავი მოაჩვენოს, რუსეთი თითქოს არ გაურბის სამშვიდობო მოლაპარაკებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაგრამ ამასთან სურს დრო მოიგოს, უკეთესად მოემზადოს, რათა დაიწყოს... ფართომასშტაბიანი საზაფხულო შეტევა უკრაინის ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე. ამაზე მეტყველებს სტამბოლის მოლაპარაკებაზე რუსული მხარის გამომწვევი განცხადება - რუსეთი შვედეთს 21 წელი ებრძოდა და ახლაც მზადაა ეს ომი გააგრძელოს, მაგრამ თქვენ, უკრაინელები, გაუძლებთ კი ამასო? სად და როგორ შეიძლება დაიწყოს და გაგრძელდეს რუსეთის საოკუპაციო ძალების ფართომასშტაბიანი საზაფხულო შეტევითი ოპერაცია? უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე ამჟამად 1 100 კმ სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს მეტ-ნაკლებად აქტიური საბრძოლო მოქმედებები, რომელშიც რუსეთის საოკუპაციო ძალები 640 ათასამდე მებრძოლს იყენებენ, თუმცა ზრდიან ცოცხალი ძალის რაოდენობას.”, - განაგრძობს გამოცემა.

“საზაფხულო შეტევები აუცილებლად გაგრძელდება კონსტანტინოვკაზე, კრამატორსკ-სლოვიანსკის მიმართულებით გასაჭრელად, რათა დონეცკის ოლქი ადმინისტრაციულ საზღვრამდე დაიპყრონ. პოკროვსკის დაპყრობას რუსეთის გენშტაბი დიდი ხანია ცდილობს, რადგან მიადგება უკრაინის კიდევ ერთ - დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს. გარდა ამისა, მოსალოდნელია შეტევები ფრონტის ჩრდილოეთ ნაწილში კუპიანსკის ხელახლა დასაპყრობად, რუსმა ოკუპანტებმა ნაწილობრივ უკვე გადალახეს მდინარე ოსკოლი. თუმცა უკრაინული მხარისთვის შეიძლება უფრო დიდ საფრთხედ იქცეს ის, რომ რუსეთის არმიამ ჩრდილოკორეულ სამხედრო დანაყოფებთან ერთად სცადოს ხარკოვისა და სუმის ოლქების სიღრმეში კვლავ შეჭრა, მით უმეტეს, სტამბოლის სამიტზე სწორედ ამით იმუქრებოდნენ რუსული დელეგაციის წევრები”, - დასძენს გამოცემა.

“დღეს უკრაინის ჩრდილოეთ მხარეს არ არსებობს ერთიანი ფრონტი, თუმცა ბრძოლები მიმდინარეობს ვოვჩანსკსა და ბელგოროდისა და კურსკის ოლქების საზღვრის მონაკვეთებში. იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გასული წლის აგვისტოში უკრაინის საექსპედიციო კორპუსი შეიჭრა რუსეთის კურსკის ოლქში და რვა თვის განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდა რუსეთის ეს პატარა ტერიტორია, იმითაც იყო ნაკარნახევი, რომ რუსეთის საოკუპაციო არმიისთვის ჩაეშალათ სუმის ოლქში ხელახლა შეჭრა, როგორც რუსეთმა ეს გააკეთა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმის დროს. საერთოდ, ჩრდილოეთიდან რუსეთის შეტევა უკრაინისთვის ბევრად სახიფათოა, რადგან მისი დედაქალაქი მხოლოდ 200 კმ-ითაა დაშორებული ბრიანსკის ოლქიდან, ხოლო ბელარუსის საზღვრამდე 90 კმ-იც არ არის, რაც უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მუდმივ საფიქრალს უჩენს, რომ მტერი ისევ არ მიადგეს მათ დედაქალაქს, როგორც ომის დაწყების პირველ დღეებში”, - წერს სტატიის ავტორი.

“იმ ძალებით, რაც დღეს ჩრდილოეთ მიმართულებაზე ჰყავს მობილიზებული რუსეთის გენშტაბს, სამმილიონიანი კიევის აღება შეუძლებელია, თუმცა რუსეთის არმია ყოველთვის მიმართავს ერთსა და იმავე ტაქტიკას ქალაქების დაპყრობისას - ანადგურებს მათ სისტემატური საარტილერიო და საჰაერო დაბომბვებით. ასე იყო მეორე მსოფლიო ომის დროს და ასე ხდება დღესაც უკრაინაში. ვინც თავიდანვე ადევნებს თვალს რუსეთ-უკრაინის ომს, აქამდეც დაებადებოდა ეს კითხვა - ნუთუ არა და არ ამოიწურა აგრესორი რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომ როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგის მიუხედავად, კრემლს კიდევ რჩება იმის შესაძლებლობები, რომ კვლავ განუწყვეტლივ გადავიდეს შეტევებზე ამ ისედაც გახანგრძლივებულ ფართომასშტაბიან ომში? ბევრი დასავლელი და ჩვენებური ექსპერტის არაერთი მტკიცების მიუხედავად, რომ “გამოფიტვის ომში” რუსეთი დაემხობოდა, ეს პროგნოზი არ გამართლდა და არც გამართლდებოდა, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა სააშკარაოზე გამოიტანა დასავლეთის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სამხედრო მმართველობის ის სისუსტეები, რაც ათწლეულების განმავლობაში მიჩქმალული იყო”, - ამტკიცებს სტატიის ავტორი.

“დასავლეთის გეგმამ “რუსეთის გამოფიტვის” შესახებ არ გაამართლა რამდენიმე მიზეზის გამო: რუსეთი ისტორიულად არაფრად აგდებს თავისი მებრძოლების დიდ მსხვერპლს; პუტინმა შეძლო რუსეთის ეკონომიკის სამხედრო ლიანდაგებზე გადაყვანა და დღეს ბევრად უფრო მეტ შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე ომის წინ; დასავლეთის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სანქციებმა არ იმუშავა. რუსეთი შეიძლება უფრო ძვირად, მაგრამ მაინც ყიდულობს სანქციადადებულ დასავლურ პროდუქციას შეიარაღების დასამზადებლად. ბევრად შედეგიანი იქნებოდა, თუკი დასავლეთი რუსეთს თავიდანვე სწორედ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტზე დაუწესებდა მკაცრ სანქციებს, რაც რუსეთის “ომის ხაზინას” დააცარიელებდა, მაგრამ ეს არც ევროპელმა და არც ამერიკელმა პოლიტიკოსმა ლიდერებმა არ გააკეთეს...” - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“მართალია, დღეს ტრამპი თითქოს სწორედ ამით ემუქრება პუტინს, თუკი ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება, მაგრამ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს შვიდი პარასკევი აქვს დღეში და მისი “მუქარები” უკვე ძნელად დაიჯერება, თუმცა გააქტიურებულმა ევროპამ შეიძლება მართლაც დაუწესოს მეორადი მკაცრი სანქციები იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ენერგომატარებლებს შეიძენენ. ასეთ შემთხვევაში დასანქცირება საქართველოსაც დაემუქრება, რომელიც დღეს რუსეთისგან ბევრად მეტ ბუნებრივ აირს ყიდულობს, ვიდრე აზერბაიჯანისგან. რუსეთის საზაფხულო ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყების შემთხვევაში უკრაინის დამცველებს მეტი დახმარება დასჭირდებათ, რისთვისაც ევროპის რამდენიმე წამყვანი სახელმწიფო - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი თითქოს მზად არიან. აშშ-ისგან მხოლოდ ის იქნება საჭირო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი არ შეუშალოს უკრაინის ბრძოლას აგრესორ რუსეთთან და დაუშვას ამერიკული იარაღის მიყიდვა უკრაინისთვის, თუნდაც ძვირადაც”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება