სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება და მისი ფუნქციების გენერალური პროკურატურისთვის გადაცემა, ასევე დაზვერვის სამსახურის გადასვლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მორგებულია იმ საჭიროებებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ჯგუფმა დასახა . მათ სჭირდებათ პოლიტიკური ძალების მეტი კონცენტრაცია. ისინი არ ფიქრობენ ევროპულ ინტეგრაციაზე და მასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ტუღუშის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯები ძალიან სერიოზული შეცდომაა და მიზნად მათთვის არასანდო ხალხის სამსახურიდან გაშვებასა და ერთგული ხალხი დატოვებას ისახავს, რაც ძალაუფლების კონცენტრაციაში დაეხმარებათ.
„როდესაც უწყებები გაყოფილია, ეს გარკვეულწილად რისკებსაც შეიცავს. ძალაუფლების კონცენტრაცია კი მათ დაეხმარებათ მათთვის არასანდო ხალხი გაუშვან სამსახურიდან და ერთგული ხალხი დაიტოვონ, რომლებიც ნებისმიერ ბრძანებას მოაწერენ ხელს, იმის მიუხედავად იქნება თუ არა ის არაკონსტიტუციური.
მსგავსი სიტუაციაა დაზვერვაშიც. დაზვერვის „სუს“-ისთვის დაქვემდებარება ძალიან სერიოზული შეცდომაა. არ შეიძლება დაზვერვა და კონტრდაზვერვა ერთად იყოს. მათ შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდეთ. ეს იქნება სერიოზული დარტყმა ჩვენს საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე, როგორც ჩანს, რუსული ხაზი სერიოზულად მუშაობს.
ამას ემატება ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ხდება. საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა ბევრმა ადამიანმა. მათგან ბევრი ათწლეულების განმავლობაში აშენებდა სისტემას. ამ ადამიანებს აქვთ ღირებულებები და ისინი აღმოჩნდებიან დაზვერვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიღმა. ფაქტობრივად, მიმდინარეობს ნგრევა ისეთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, როგორიც არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მათ საკუთარი პოზიცია ღიად გამოხატეს და ამის გამო მოუწევთ სამინისტროს დატოვება. მსგავსი პროცესი მიდის ძალოვან სისტემებშიც, იუსტიციის სამსახურებშიც,“ - განაცხადა მან.
რაც შეეხება სხვა თემებს, ლაშა ტუღუშმა პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა და მასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერის დაპატიმრების საფრთხეზე ისაუბრა.
„დღეს მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ოპოზიციის განადგურების მცდელობა. ზეწოლა, რომელიც მათზე ხდება, იმსახურებს ასეთ განსაზღვრებას. ეს არის იმ დანაპირების შესრულება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გასულ წელს გააჟღერა. ჩვენ ვართ ამ იდეის განხორციელების მომსწრენი. „ქართული ოცნება“ გავა იქამდე, სადამდეც შეძლებენ“, - განაცხადა მან.