თუ არსებობს ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო ადამიანი ციხეში უნდა გაუშვას, მისთვის მაქვს ცუდი ამბავი, ის თავისი გონებრივი განვითარებით კაცობრიობას უფურთხებს ევოლუციის მრავალწლიან ისტორიაში, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ყოფილმა თანაპარტიელმა ბორის ყურუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჯაფარიძის დაპატიმრება ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯია.
„ზურა ჯაფარიძეს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომ გირაო არ გადაეხადა და კომისიაზე არ მისულიყო. შესაბამისად, მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მოხდებოდა აღკვეთის ღონისძიების სახით მისი დაკავება. მოსამართლეს შეეძლო გირაო კიდევ უფრო მეტად გაეზარდა. მე არ მგონია, რომ შურისძიება იყოს „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი. ლოგიკასაც კი ვერ ვიჭერ ამ საქციელში, თუ რატომ უნდა დააკავო აქტიური პოლიტიკოსი. ეს მსოფლიოსგან კიდევ უფრო მეტი ნეგატიური ყურადღების მიქცევას გამოწვევას. მათ აქვთ შიში იმ შესაძლო პასუხისმგებლობის გამო, რომელიც შეიძლება დაეკისროთ იმ უბედურებისთვის, რაც ამ ქვეყანაში დაატრიალეს და ასევე, ბიძინა ივანიშვილს აქვს შიში და მისთვის მიღებული სქემაა, ბოლომდე „მიაწვეს“ და თავისი გაიტანოს. ასე მიაღწია მან ბიზნესში საწადელს. თუმცა ქვეყანაში, სადაც ლეგიტიმაციას ხალხი გაძლევს, ამ სქემით არ მგონია რამე გამოვიდეს. თუ არსებობს ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ საგამოძიებო კომისიაზე არ მისვლის გამო ადამიანი ციხეში უნდა გაუშვას, მისთვის მაქვს ცუდი ამბავი, ის თავისი გონებრივი განვითარებით კაცობრიობას უფურთხებს ევოლუციის მრავალწლიან ისტორიაში“, - განაცხადა მან.
შეკითხვაზე საპასუხოდ, თუ რატომ რატომ არ გამოჩნდა თუნდაც ერთი მოსამართლე, ერთი პროკურორი, რომელიც იტყვის, რომ „ყველაფერზე ხელს არ მოაწერს“, ყურიამ განაცხადა, რომ მოსამართლეების აზრით, „შავი საქმის გამკეთებელი და ენაჩაგდებული მოსამართლე“ ყოველთვის ყველას მოუნდება და მათ აქვთ მოლოდინი, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, მათ როგორც დიდი სისტემის პატარა ჭანჭიკებს ისევ დატოვებენ პოზიციებზე“.
„ამ კომისიაზე, სადაც დაიბარეს ჯაფარიძე, არ დაუბარებიათ მურუსიძე, ჩინჩალაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრები, რომლებიც დღეს „ქართულ ოცნებაში“ არიან. მათ არ დაიბარეს ის ადამიანები, რომლებიც მართლა უნდა დაებარებინათ, თუ სიმართლის გარკვევა უნდათ. ეს ხალხი, რომლებიც დღეს პროკურორები და მოსამართლეები არიან, უყურებენ მათ კოლეგებს, რომლებიც წინა ხელისუფლებისგან გადმოიბარა ამ ხელისუფლებამ და თვლიან, რომ შავი საქმის გამკეთებელი და ენაჩაგდებული მოსამართლე ყოველთვის ყველას მოუნდება. მათ აქვთ მოლოდინი, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, მათ როგორც დიდი სისტემის პატარა ჭანჭიკებს ისევ დატოვებენ პოზიციებზე. ასე აზროვნებენ ისინი, ყველანი, მანდატურიდან დაწყებული მოსამართლის თანაშემწით დასრულებული“, - განაცხადა მან.
კითხვაზე საპასუხოდ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ პოლიტიკოსები და რომელია სწორი გზა - გირაოს გადახდა თუ არ გადახდა, ბორის ყურუამ განაცხადა, რომ პოლიტიკოსებმა მსგავსი გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად უნდა მიიღონ და ამის გამო მათი გაკიცხვა სწორი არ არის.
„როგორც ზურა ჯაფარიძემ გუშინ განაცხადა, გირაო გადახდა არ იცავს დღეს პოლიტიკოსს დაკავებისგან. ამის გამო ჩვენ პოლიტიკოსები არ უნდა ვლანძღოთ. იმ პოლიტიკოსს, ვინც გირაო გადაიხადა, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან მისი გარეთ ყოფნა ბევრად უფრო მეტი შედეგის მომტანი უნდა იყოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ყველას არ შეუძლია. უნდა გვესმოდეს, რომ ზურას მაგალითი „ქართული ოცნებისთვისაც“ გარდამტეხი უნდა იყოს, რადგან ადამიანმა გადაწყვეტილება საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე მიიღო და მზად არის თავისუფლების თუნდაც ერთი დღე მაინც დათმოს“, - განაცხადა მან.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"