გრიგოლ გეგელია - თავდასხმა ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო, რამდენიმე ძლიერი დარტყმა მომაყენა თავის არეში - ეს პირი იდენტიფიცირებულია

„ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, მას თავს ერთი პირი დაესხა, რომელიც სამართალდამცავების მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გეგელია აცხადებს, თავდამსხმელმა ფიზიკური შეურაცხყოფა თავის არეში მიაყენა. მისივე განმარტებით, აღნიშნული ქმედება პირმა პოლიტიკურ ნიადაგზე განახორციელა.

„ახლა პოლიციაში გამოკითხვაზე ვიმყოფები, ეს პირი იდენტიფიცირებულია. რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივ ზომას გამოვიყენებ მის წინააღმდეგ. „ტიტუშკებმა“ უნდა გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში ბოგინი არ გამოუვათ, ეს ქვეყანა ამას არ შეეგუება, ჩვენ არ ვართ ასეთი ხალხი და არც კულტურა გვაქვს ასეთი, რომ ქუჩაში ერთმანეთს თავში ვურტყათ, ეს არ არის არც ქართული, არც წესიერი, არც კანონიერი და არც კაცური.

სახლთან ახლოს, ეზოში, „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს ვეწერებოდი, როგორც ჩანს, ეს პირი უკვე იქ იყო მობილიზებული, აღმართზე ფეხით ასვლისას, ნელი სვლით მანქანა მომიახლოვდა, მძღოლს უკვე ჩართული ჰქონდა ვიდეო, აწარმოებდა გადაღებას, საუბარი პოლიტიკური თემებით დაიწყო, ჯერ მანქანიდან მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ყველა შესაძლო ხერხით სცადა სიტუაციის ესკალაცია, შემდეგ დატოვა მანქანა, გადმოვიდა, ჩემკენ გამოეშურა და თავის არეში მომაყენა რამდენიმე დარტყმა. ტერიტორია საკუთარი მანქანით დატოვა“, - აცხადებს გეგელია.

მისივე განმარტებით, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირება ჰქონდა.

„რეაგირება ნამდვილად დროული იყო, ძალიან მალევე გამოცხადდა სასწრაფო, ასევე მალე პოლიციის სამი პოლიციელი მოვიდა, რეაგირება ადეკვატური და სრულიად დროული იყო. იდენტიფიცირებაში მანქანის ნომრით დავეხმარე. პირველადი სამედიცინო შემოწმება ჩამიტარდა, ვსაჭიროებ შემდეგ, უფრო სიღრმისეულ კვლევას, რადგან თავის არეში რამდენიმე ძლიერი დარტყმა მომაყენა.

ეს ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო, მან თავიდანვე მკითხა - შენ ხომ პოლიტიკოსი ხარო? ხშირია, როცა საზოგადოების წევრებს კითხვები აქვთ, ჩვენც ამისთვის ვართ, რომ ვუპასუხოთ. ასე რომ, როგორც პოლიტიკოსს, ასე მომმართა და როგორც პოლიტიკოსს, ისე დამიპირისპირდა წმინდა პოლიტიკური თემებით“, - განაცხადა გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში