ადვოკატის ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი, სანდრო წივწივაძე დააკავეს

ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის

ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ერთი პირი - სანდრო წივწივაძე დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კაკაბაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, ამ დროისთვის დამატებითი დეტალები, მათ შორის, ბრალდების ფორმულირება უცნობია.

"დაკავებულია სანდრო წივწივაძე. ჩვენ არაერთი კომენტარი გავაკეთეთ აღნიშნულთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი გარკვეულ იარაღებს ფლობდა, რაც შემდეგ სხვის მფლობელობაში გადავიდა. არსებობს ვარაუდი, რომ ამ იარაღებიდან ერთ-ერთით არის ლევან ჯანგველაძე მოკლული. სანდრო წივწივაძის გამოკითხვა, შესაბამისი მოქმედებების ჩატარება მოხდა. თუ რა მუხლით დააკავეს, ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია. სხვა რამის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. როგორც კი, შესაბამისი მასალები მექნება, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით",- აცხადებს კაკაბაძე.

"ინტერპრესნიუსი" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ყოფილი ძალოვანი, გელა უძილაურია დაკავებული. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს