ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა The Guardian-ს განუცხადა. ჟურნალისტი დენიელ ბოფი სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით, „როგორ აღმოჩნდა საქართველოს დე ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი მიმალვაში“. აღნიშნული სტატია გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებამდე, 26 მაისს გამოქვეყნდა.
როგორც გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, „ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა აცნობეს, რომ მისი მკვლელობის გეგმა არსებობს. ჩრდილოეთ კავკასიური ჯგუფების მიერ, სავარაუდოდ, ჩეჩნების მიერ“.
ამასთან, ინტერვიუში გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი იყო.
„ყველაზე ახლო ადამიანი. მარჯვენა ხელი. ვიტყოდი, რომ კონსილიორი (მრჩეველი) ვიყავი. კონსილიორებიც ბევრ ბნელ საქმეებს აკეთებენ“, - აღნიშნავს ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოდან წასვლაზე.
„არ არის მარტივი, რადგან ყველაფერს უკან ტოვებ. არც იცი წარმატებით გამოგივა თუ არა ეს, მაგრამ ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი“, - აღნიშნავს ბაჩიაშვილი.
ამასთან, ბაჩიაშვილმა The Guardian-ს სთხოვა, მისი უსაფრთხოების მიზნით, ინტერვიუს ჩატარების ადგილი საიდუმლოდ დაეტოვებინა.
ბაჩიაშვილის ცნობით, მიმალვაში ყოფნისას სხვადასხვა მთავრობებს მისი მომავლის შესახებ ესაუბრებოდა და სწორედ მაშინ უთხრეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
თუმცა, ბაჩიაშვილს არ სჯერა იმის, რომ მისი მკვლელობის ბრძანება ბიძინა ივანიშვილმა გასცა.
„მითხრეს, რომ არა მხოლოდ რისკს ხედავენ, არამედ იციან, რომ [მკვლელობის] ბრძანება გაცემულია. ვშიშობ, რომ ეს შეიძლება მოხდეს რომელიმე ქვეყნის საიდუმლო სამსახურების ან სამხედრო ძალების მიერ, რომლებსაც სურთ, რომ ივანიშვილი უფრო დაუცველი გახდეს. თუ მკვლელობასთან მას დააკავშირებენ, მაშინ ნაკლები შანსია იმისა, რომ აშშ-თან ნორმალური დიალოგის წარმოება შეძლოს და კიდევ უფრო მეტი კონტროლის ქვეშ იქნება“, - აღნიშნავს ბაჩიაშვილი.
ასევე, ბაჩიაშვილმა ისაუბრა ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ ივანიშვილი მის წინააღმდეგ მას შემდეგ წავიდა, რაც მან ჩათვალა, რომ მას (ბაჩიაშვილს) მისი დავალებების შესრულება აღარ შეეძლო და შესაძლოა, დასავლეთის ჯაშუშიც ყოფილიყო.
„ივანიშვილისთვის ძალაუფლებაზე კონტროლის შენარჩუნებას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ის მისი სიცოცხლისთვის იბრძვის. ის მანქანას ჰგავს, რომელიც მხოლოდ მისი რეპტილიური სურვილების დასაკმაყოფილებლად მუშაობს. მისი სურვილი კი სიცოცხლის შენარჩუნებაა“, - ამბობს ბაჩიაშვილი.