ირაკლი ქადაგიშვილი „ვაიმარის სამკუთხედის“ განცხადებაზე - სამწუხარო ტრადიციად დაამკვიდრეს, რომ არასდროს კონკრეტდება, რაში გამოიხატება დემოკრატიისგან უკუსვლა: იმაში, რომ ოპოზიცია დამარცხებას არ აღიარებს, თუ იმაში, რომ ქალს ქალი ჰქვია, კაცს - კაცი?

როგორ სამწუხარო ტრადიციად დაამკვიდრეს ის, რომ არასდროს კონკრეტდება, რაში გამოიხატება დემოკრატიისგან უკუსვლა: იმაში, რომ ოპოზიცია დამარცხებას არასდროს აღიარებს და ამ დამარცხების გასამართლებლად მხოლოდ სპეკულაციები მოჰყავთ? თუ ის, რომ პოლიცია პირდაპირ შეტევას და შტურმს აღკვეთს ხოლმე ქალაქზე, პარლამენტზე, პოლიციაზე? - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი „ვაიმარის სამკუთხედის“ ერთობლივ განცხადებას.

მისი თქმით, „ვაიმარის სამკუთხედის“ განცხადება ემსახურებოდა იმას, რომ ისინი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას გმობენ.

„26 მაისი არის თანამედროვე, დემოკრატიული საქართველოს დაფუძნების დღე და სწორედ ჩვენ, დღეს 26 მაისს ვზეიმობთ, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს დაბადების დღეს. ამ დროს გარკვეული პოლიტიკური წრეებიდან გვესმის საქართველოს მიმართ კრიტიკა. „ვაიმარის სამკუთხედის“ განცხადებაც ამას ემსახურებოდა, რომ ისინი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას გმობენ. როგორ სამწუხარო ტრადიციად დაამკვიდრეს, რომ არასდროს კონკრეტდება, რაში გამოიხატება დემოკრატიისგან უკუსვლა. იმაში, რომ ოპოზიცია დამარცხებას არასდროს აღიარებს და ამ დამარცხების გასამართლებლად მხოლოდ სპეკულაციები მოჰყავთ? თუ იმაში გამოიხატება დემოკრატიიდან უკუსვლა, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიის უპირობო მოთხოვნაა გამჭვირვალობა ყველგან და ყველაფერში. მათ შორის, უცხოურ დაფინანსებაში. ეს გამჭვირვალობაა დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისგან უკუსვლა? თუ უკუსვლა არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალს ქალი ჰქვია, კაცს - კაცი და ოჯახი, რაც ღმერთმა შექმნა და რაც კაცობრიობის ისტორია არსებობს, სწორედ იმ წესით არის ჩვენს ქვეყანაში? თუ დემოკრატიისგან უკუსვლა არის ის, როდესაც მედია თავისუფალია და თუ ოპოზიციური მედია იხურება, იხურება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თვითონ ოპოზიციური მედიის მესვეური თავისსავე მედიას ქურდავს, მილიონობით თანხას იპარავს და შემდეგ ამ მედიის ჩამოშლის იძულება ხდება. თუ ის, რომ პოლიცია პირდაპირ შეტევას და შტურმს აღკვეთს ხოლმე ქალაქზე, პარლამენტზე, პოლიციაზე? თუ ის არის დემოკრატიისგან უკუსვლა, რომ უცხოური დაფინანსებით საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლისკენ წახალისება, ზიზღის და დაპირისპირების ენის პოლიტიკის გატარება ხდება?

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დღეს ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, გაშიფრა. ისტორიული გამოცდილება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა დღეს ისე ცოცხალია ქართველ ხალხში, როგორც არასდროს. ამიტომ, ჩვენ ამ ჩვენი ათასწლოვანი ისტორიული გამოცდილებით ვცხოვრობთ და ვიბრძვით მომავლისთვის. ეს ბრძოლა ყოველთვის ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, რომელთან ურთიერთობაც ექნება ევროპას, აზიას და ყველას, ვისაც მართლაც სურს ჩვენთან ერთად კეთილმეზობლური თუ ფასეულობებსა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა. ეს არის საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ქართველი ხალხის არჩევანი და რაც არ უნდა მცდელობა იყოს, რომ ეს არჩევანი გამრუდდეს და დამახინჯდეს, არ მოხდება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ვაიმარის სამკუთხედმა“ - საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და საქართველოს ხელისუფლების იმ ქმედებებს გმობენ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლას იწვევენ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება