ბორის ყურუა - სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ამერიკელებს ეუბნება საუბარზე უარს, ვიღაც რუსები რომ ურეკავენ, თბილად პასუხობს ტელეფონს

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ამერიკელებს ეუბნება საუბარზე უარს, ვიღაც რუსები რომ ურეკავენ, თბილად პასუხობს ტელეფონს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ბორის ჩელე ყურუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

ბორის ჩელე ყურუას თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებით გავიგეთ, რომ „თურმე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“.

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი ამბობს, რომ ადრე იყო დრო, როცა ჩვენ უნდა გვებრძოლა ხმლებით და ხიშტებით, ახლა არის დრო სიბრძნისა და ლავირებისა, მოთმენისა და საუბრისა. მოთმენა და საუბარი მხოლოდ რუსეთის შემთხვევაში უნდა იყოს? ამერიკელებს და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს რატომ არ უნდა მოვუთმინოთ, რატომ არ უნდა ველაპარაკოთ? მე არ ვარ იმის მომხრე, რომ რუსეთი გავაღიზიანოთ, უბრალოდ რატომ უნდა გავაღიზიანოთ აშშ? როგორ უხსნიან ამას თავიანთ ამომრჩეველს, ვისაც ჰგონია, რომ კულუარებში რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს? დღეს გავიგეთ, რომ თურმე არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ჩვენ რომ გვეგონა, რომ ბიძინას ვიღაც ჰყავდა გაშვებული და ასე მიმდინარეობდა კომუნიკაცია, თურმე მართლა უპატრონოდ ვართ და არავინ ჩვენ არ გველაპარაკება. მსოფლიოში პირველ სახელმწიფოს ჩვენი ფაქტობრივი მმართველი ეუბნება უარს და იმათ ატყუებს, თითქოს ფაქტობრივი მმართველი არ არის.

ყველამ ვიცოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი აქ არის სუპერმოქალაქე, რომელიც ყველაფერს მართავს. რამდენი პრემიერიც არ უნდა გვყავდეს, ან მინისტრიც არ უნდა გვყავდეს, ან რამდენი პარლამენტარიც არ უნდა გვყავდეს ჩვენ ვიცით, რომ ვინმეს მართლა სერიოზულად ლაპარაკი თუ უნდა და თავისი „მესიჯის“ მიტანა თუ უნდა, თან არ უნდა რომ „გატეხილი ტელეფონი“ ითამაშოს, მიდის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან“, - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის 26 მაისის მისალოცი წერილის გამოგზავნას, ბორის ჩელე ყურუა აცხადებს, რომ ეს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის შეიძლება იყოს პრობლემა, ვინც თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილი ისევ ლეგიტიმური პრეზიდენტია.

„მეც მაქვს კითხვები. რაციონალურად მგონია, რომ არ მოიტყუებდნენ, თუმცა კარგი იქნებოდა გვენახა წერილის დედანი, რადგან ხანდახან თარგმანში იკარგებიან ხოლმე. კარგი იქნება, რომ ოფიციალური ვნახოთ, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ მართლა მიულოცა ტრამპმა.

ვნახე, რომ ამას ვიღაცები ტრაგედიად აღიქვამენ და თითქოს ლეგიტიმაციის მინიჭებად. ეს არ მგონია სწორი და ზედმეტად დიდი მნიშვნელობაც არ უნდა მივანიჭოთ. მნიშვნელოვანია ის, რომ აშშ-მა ზოგადად ხელი არ ჩაიქნია საქართველოზე და „ქართულმა ოცნებამ“ არ მიაღწიოს თავის საწადელს და ჩვენგან არ გააბრუნოს იქით ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. ყველაზე დიდი პრობლემა ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც გვეუბნებიან, რომ სალომე ზურაბიშვილი დღესაც ჩვენი ლეგიტიმური პრეზიდენტია, ამის იქით სხვა ადამიანს რატომ უნდა ჰქონდეს პრობლემა, ვერ ვხვდები“, - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა