პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის განცხადებით, პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტენ, ერთიან უპარტიო კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, შეიძლება უპარტიო კანდიდატმა ხელი შეუწყოს ამომრჩევლების მობილიზებას.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, არჩევნების დღის წესრიგს გადაიყვანს ინფრასტრუქტურულ თემებზე - რაც, მისი შეფასებით, კარგად მუშაობს პროპაგანდისტული მიზნებისთვის.
„მგონია, რომ პარტიები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტენ, მაინც უნდა შეთანხმდნენ ერთიან ტექნოკრატიულ, უპარტიო კანდიდატზე, რადგან „ქართული ოცნება“, მაინც წაიყვანს ამ არჩევნებს კანალიზაციის მხარეს, ასფალტის მხარეს, ხოლო თუ მეორე მხარე დაუწყებს საზოგადოებას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ლაპარაკს ევროკავშირზე და ანტონიო კოშტას განცხადებაზე ა.შ. ეს იქნება არაადეკვატურობა. „ქართული ოცნების“ უძლიერესი მხარეა უბინძურესი პროპაგანდა. შეიძლება უპარტიო კანდიდატმა ხელი შეუწყოს ამომრჩევლების მობილიზებას. შეიძლება ოპოზიციამ ქართველ ამომრჩეველს პირდაპირ უთხრას, რომ ჩემი მიზანია აქციებისა და სანქციების მიღმა თბილისში ბრძოლით, ლეგიტიმაციის დამატებითი კრიზისი შევუქმნათ ხელისუფლებას“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
პოლიტოლოგი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა წარუდგინოს ალტერნატივა, რადგან დღეს რევოლუციური ცვლილებები მხოლოდ მძლავრი საზოგადოებრივი მობილიზებით არის შესაძლებელი, რაც, მისი თქმით, არსებულ რეალობაში რთულად წარმოსადგენია.
„არჩევნებზე თუ არ წახვალ რა ალტერნატივა არსებობს? რევოლუციას სჭირდება ხალხის დიდი მობილიზება. არ არის მე-18 საუკუნე, რომ პატარა ბუნტიდან დაიწყოს დიდი რევოლუციური ცვლილებები. თუ არჩევნებზე არ მიდიხარ, რაღაც ალტერნატიული გეგმა უნდა გქონდეს. მგონია, რომ სიტყვა გეგმა მოსახლეობას უკვე შესძულდა. ადამიანებს, რაღაც გეგმას ჰპირდებიან, რომელიც არ ჩანს, აქციები და სანქციები არ არის საკმარისი, არჩევნებზეც საერთო კანდიდატით არ უნდათ გასვლა, ბოლოს გამარჯვებული და ტრიუმფატორი გამოდის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ქუჩის პროტესტი, სანქციები და სხვა პროცესები ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ვითარდება, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ მომზადებული რეალური გეგმა და სტრატეგია საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად.
ლორთქიფანიძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი, რომ თუკი საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივ არჩევნებთან ერთად დაინიშნება, ოპოზიციას არც სათქმელი ექნება და არც სტრატეგია, როგორ შეხვდეს ასეთ არჩევნებს. მისი შეფასებით, არ არის დალაგებული არც გეგმები, არც ხედვა:
„ქუჩაში პროტესტი თავისით მიდის. სანქციებიც სალომე ზურაბიშვილის კოორდინირებით თავისით მიდის და ა.შ. პოლიტიკურ პარტიებს უკვე უნდა ჰქონდეთ მზად მეთოდები და გზები, როგორ შეიძლება გვქონდეს უკეთესი საარჩევნო გარემო. საპარლამენტო არჩევნები რომ დაინიშნოს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, სათქმელიც არ აქვთ ამათ, რა არის შესაცვლელი, როგორ, ან როგორ მივდივართ ამ საპარლამენტო არჩევნებზე, საერთოდ არაფერზე აქვთ ნამსჯელი“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"