ახალ გენერალურ პროკურორს პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით აირჩევს

ახალ გენერალურ პროკურორს პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით აირჩევს. მის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. გენერალურ პროკურორის არჩევა 6 წლის ვადით ხდება.

საპარლამენტო პროცედურის დაწყებამდე პროცესი საპროკურორო საბჭოში დაიწყება.

„პროკურატურის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭო აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს.

კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს ეყრება. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მიიღო, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ამავე წესით სხვა კანდიდატებს შეარჩევს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით პარლამენტს წარუდგენს.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა