ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიში ადასტურებს იმას, რომ შეუძლებელია „ქართულმა ოცნებამ“ რამე ურთიერთობა გადატვირთოს ევროკავშირში , - ასე აფასებს დიპლომატი, გია ჯაფარიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშს, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია და მოუწოდებენ ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.
როგორც ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ევროკავშირთან ურთიერთობის "გადატვირთვის" პერსპექტივა არ არსებობს, რადგან მმართველი გუნდის პოლიტიკა შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან:
მისივე თქმით, ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ იზოლაციის პროცესი შეუქცევადია.
„შეუძლებელია ევროკავშირის პოზიცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადამიანებს აწამებენ, კლავენ, ხელისუფლება, რომელიც ისტორიის მანძილზე ყველაზე ანტიქართულია, ანტიევროპულია - [ევროკავშირმა] რამე გადატვირთოს.
ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ იზოლაციის პროცესი შეუქცევადია. გამორიცხულია, ისინი ოდესმე, როგორმე გახდენ ლეგიტიმური ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თვალში.
დააკვირდით, როგორ აწუხებს „ქართულ ოცნებას“ არალეგიტიმურობა, ვიღაცა მხარზე ხელს შემოარტყამს, ამას უწოდებენ შეხვედრა იყო ფრანგ პრეზიდენტთანო. დააკვირდით, მერამდენე წრეზე მიდიან მეზობელი ქვეყნების მაღალი თუ დაბალი თანამდებობის პირებთან შეხვედრებში. ვის ხვდებიან? თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ჩინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, უნგრეთი. მერამდენედ შეიძლება წავიდნენ?! ყოველ კვირას ვიღაც ხვდება უნგრელს, ყოველ კვირა ვიღაც მიდის თურქეთში. ცივილიზებული სამყარო მათ არ ცნობს და ეს ანგარიში ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. შეუძლებელია ეს ანგარიში ევროპულმა კომისიამ არ გაითვალისწინოს თავის განცხადებებსა და ქმედებებში. არ არსებობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს ლეგიტიმაცია და იზოლაციიდან გამოსვლა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
ამასთან, დიპლომატმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომელმაც აღნიშნა, რომ გასული 45 წლის განმავლობაში ჩინეთი იყო ზუსტად ის ზესახელმწიფო, რომელსაც არცერთ ომში არ მიუღია მონაწილეობა და ეს ზესახელმწიფო იყო თავიდან ბოლომდე ორიენტირებული.
ჯაფარიძის თქმით, ჩინეთის მიერ ბოლო 45 წლის მანძილზე მიღწეული ეკონომიკური წინსვლა არ ნიშნავს, რომ ქვეყანა ავტომატურად მშვიდობის ან განვითარების ეტალონია.
მისივე თქმით, ჩინეთი არ შეიძლება იყოს „მოდელი სახელმწიფო“ საქართველოსთვის:
„ჩინეთი ჯერ-ჯერობით არ არის ზე-სახელმწიფო. ჩინეთს უნდა, რომ გახდეს ზე-სახელმწიფო. თუ რომელიმე არის ზესახელმწიფო ეს არის ისევ ამერიკის შეერთებული შტატები. მეორე ტყუილი არის ის, რომ ჩინეთი ბოლო 45 წლის განმავლობაში განიცდის პროგრესს - 45 წლის წინ ჩინეთი ძალიან ჩამორჩენილი სახელმწიფო იყო, ამიტომ გასაკვირი არ არის რომ 45 წლის მანძილზე ვითარდება, რადგან ცდილობს სხვა განვითარებულ სახელმწიფოებს დაეწიოს.
მესამე, ჯერ ჩვენ არ ვიცით ჩინეთს რა უნდა და რა არ უნდა. ჩინელები თავიანთ ქვეყანას უწოდებენ შუა ქვეყანას, მათთვის სამყაროს ცენტრი არის ჩინეთი. როდის და სად მოუნდებათ ექსპანსია, ეს არავინ იცის. ამ განცხადებაში ყველაზე საგულისხმო არის ის, რომ თურმე ჩინეთი შეიძლება იყოს მოდელი სახელმწიფო. ჩინეთი არის ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც არ არსებობს ადამიანის უფლებები, დემოკრატია. ჩინეთი არის ერთპარტიული დიქტატურა. შეიძლება ჩვენთვის მოდელი სახელმწიფო იყოს ერთპარტიული დიქტატურა? თუ ჩვენ გვინდა მრავალპარტიული დემოკრატია, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება თვითონ აირჩიონ საკუთარი მთავრობა. ჩინეთი როგორ შეიძლება იყოს ჩვენი მოდელი“,- განაცხადა ჯაფარიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"