სალომე ზურაბიშვილი თინა ბოკუჩავას განცხადებაზე - ეს უკვე ამ რეჟიმის განაჩენია - აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს ლაპარაკი, facebook-ზე რაღაცის დაწერა - ეს არის სრული კონტროლის მცდელობა

კოტე იოსელიანმა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული, გამოთქვა რვა წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა „შიშველი მეფის" ოჯახს, ეს უკვე არის ამ რეჟიმის განაჩენი , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ქმედებები მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სისუსტის ნიშანია და „ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება და ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“.

„არ შეიძლება არ ვიყოთ ყველანი შეშფოთებული იმით, რაც მოხდა კოტე იოსელიანის შემთხვევაში. ეს გატაცება, მუქარა, რაც მოხდა იმიტომ, რომ ადამიანმა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული, გამოთქვა რვა წლის წინ და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, ეს უკვე არის ამ რეჟიმის განაჩენი. ეს რეჟიმი ყოველდღიურად გვაჩვენებს, თუ როგორი შეშინებულია თვითონ, როგორ არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს, აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, არა მხოლოდ სიტყვების გამოყენება, თუნდაც facebook-ზე რაღაცის დაწერა, ეს არის მცდელობა სრული კონტროლისა. მგონი, უკვე გადავედით ჩრდილოეთ კორეის დონეზე, არ ვიცი იქ ამ დონის კონტროლი თუ არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ სისუსტის ნიშანია. არ არსებობს რეჟიმი, რომელსაც გააჩნია შიდა შემართება და რომელსაც აქვს მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის - რაც არ უნდა დიქტატორული რეჟიმი იყოს, თუ აქვს ოდნავ მაინც მხარდაჭერა თავისი მოსახლეობის, ასე არ იქცევა და არც სჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ჩვენ ერთის მხრივ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება და ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში".

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა