ნიკა გვარამია, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა, რუსთავის მე-12 საპატიმროსთან თავად მივიდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით დაწესებული გირაო პატიმრობით შეეცვალა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან თავად მივიდა.

ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა.

სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. პროკურატურის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

ბრალდებულმა პოლიტიკოსმა მისთვის დაკისრებული გირაო კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის