ირაკლი მელაშვილი - “დღეს ხელისუფლებას რისიც ეშინია, არის თბილისში ოპოზიციის კონსოლიდაცია მერობის მოსაგებად”
რა მოხდა 6 წლის წინ ჩორჩანაში - ადგილობრივ არჩევნებამდე შეიძლება ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი დაიჭირონ
არჩილ გამზარდია - “ხელისუფლება აკეთებს ზუსტად იმდენს, რამდენიც გაუვა”
ირანის ბირთვული ობიექტებიდან რადიაციის გაჟონვა დადასტურდა - რა საფრთხე ელის საქართველოს
ვახტანგ კაპანაძე - “მეორე ფრონტის გახსნა და ნატოს რომელიმე ქვეყანაზე შეტევა რუსეთის აბსოლუტური განადგურება იქნება”
* * *
ირაკლი მელაშვილი - “დღეს ხელისუფლებას რისიც ეშინია, არის თბილისში ოპოზიციის კონსოლიდაცია მერობის მოსაგებად”
“ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კონსტიტუციის მე-11 მუხლის ნორმა, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია სამართლის წინაშე, აღარ მუშაობს. “ოცნებამ” მიიღო კანონი, რომლითაც გვითხრა, რომ, თუ, მაგალითად, ირაკლი მელაშვილი შეაგინებს დიტო სამხარაძეს, ირაკლი მელაშვილი დაისჯება, მაგრამ, თუ დიტო სამხარაძე შეაგინებს ირაკლი მელაშვილს, დიტო სამხარაძე არ დაისჯება - ანუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი კანონის ძალით დაეცვა, რომ მათთვის შეურაცხყოფის მიყენება უნდა ისჯებოდეს კანონით, ხოლო ისინი თუ შეურაცხყოფენ მოსახლეობას - აგენტებს, უსამშობლოებს, გაყიდულებს დაუძახებენ, ამაზე პასუხს არავინ აგებს. ამიტომ ამხანაგ ზარქუას შეუძლია, რაც უნდა, ის ილაპარაკოს ჩვენზე, მაგრამ ჩვენ თუ პასუხად იმავეს დავუბრუნებთ, სისხლის სამართლის დამნაშავეები აღმოვჩნდებით. ამასთან, XXI საუკუნეში “ფეისბუკპოლიციის” შექმნა მძიმე შეცდომაა და კონტრპროდუქტიულია...” - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დღეს ხელისუფლებას რისიც ეშინია, არის თბილისში ოპოზიციის კონსოლიდაცია მერობის მოსაგებად”.
“ხედავთ, რას დაემსგავსა ეს სასამართლო პროცესები? მოწმეს ეკითხებიან კონკრეტულ ბრალდებულზე, აქ რომელიაო, და ისიც უთითებს ვიღაცაზე, ეს არისო, და ამ დროს ის ბრალდებული იმ სასამართლო დარბაზში საერთოდ არ იმყოფება. ეს კარგად აჩვენებს, რამდენად ბლეფია ეს ყველაფერი და სამართალთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მოუწევთ პასუხის გაცემა იმისთვის, რასაც აკეთებენ. ამიტომ, ვფიქრობ, უნდა შედგეს სიები ყველა იმ ცრუ მოწმის, ყველა იმ ცრუ ბრალდების წამყენებლის, იმ მოსამართლეების, რომლებიც ამ ცრუ ბრალდებებზე იღებენ განაჩენებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებებს, რადგან სინამდვილეში ყველაზე საშიში, ყველაზე ცუდი ადამიანები ისინი არიან, ვინც სახელმწიფო სამსახურშია და მზად არიან ყველაფერი შეასრულონ. ასე დაცულები არიან, არ ეშინიათ იმის, რომ პასუხს მოსთხოვენ. ამის იმედად მზად არიან, დაჩაგრონ მოქალაქეები, ემსახურონ ამ რეჟიმს და ამ გზით მოიპოვონ კეთილდღეობა. საკუთარ კეთილდღეობას აგებენ სხვისი უბედურების, სხვისი უსამართლოდ დაჩაგვრის ხარჯზე. ეს ამბავი საქართველოში არა და არ დამთავრდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“ქართული სამართალდამცავი სისტემა არასოდეს ყოფილა კანონის სადარაჯოზე, ის ყოველთვის ხელისუფლების სადარაჯოზეა და ეს პრობლემაა. ეს მის აზროვნებაში დევს, რომ ქვეყანასა და ხალხს კი არა, ხელისუფლებას უნდა ემსახუროს. ეს ადამიანები არ ემსახურებიან სახელმწიფოს, საზოგადოებას, ემსახურებიან მხოლოდ ხელისუფლებაში მყოფ პირებს. ასე იყო “მოქკავშირის” დროსაც, “ნაცმოძრაობის” დროსაც და ასეა ახლაც.... კიდევ ერთი კატასტროფა ის არის, რაც მოსამართლეთა კორპუსში ხდება. ბევრ ქვეყანაში უცდიათ ავტორიტარული რეჟიმის დამყარება, მაგრამ, მგონი, საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც არ გამოჩნდა არც ერთი მოსამართლე, რომელიც კანონს დააყენებდა საკუთარ კეთილდღეობაზე მაღლა, ეს კატასტროფაა და ჩვენ ამაზე დიდი დაფიქრება გვმართებს, როგორც საზოგადოებას. ახლა რაც ხდება, ეს ქართველი საზოგადოების რაღაც განსაწმენდელივითაა, რომ საკუთარ თავს კრიტიკულად შეხედოს. ძალიან ვბაქიბუქობთ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო, მაგრამ ეს პერმანენტულად ხდება ჩვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად უპრინციპო, ღირებულებებს მოკლებული ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე სხვისი ბედის გადამწყვეტი და მოქალაქეების ბედს წყვეტენ საკუთარი კეთილდღეობიდან გამომდინარე”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, რეალურად დღეს “ოცნებას” რისიც ეშინია, არის თბილისში კონსოლიდირებული ოპოზიციის გასვლა მერობის მოსაგებად. ერთადერთი, რაც მას ადარდებს, სწორედ ეს არის. ყველა ნაბიჯი იდგმება სწორედ იმისათვის, რომ ოპოზიციამ თავად თქვას უარი არჩევნებზე და შექმნას ისეთი მორალური კლიმატი, როდესაც დაკავებულთა მშობლები, პროტესტში მონაწილე ახალგაზრდები მიადგებიან ოპოზიციას და ეტყვიან, არაფრით არ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობაო. თუ მაინც ვინმე გადაწყვეტს მონაწილეობას, ეს იყოს ის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება ადვილად დააბულინგებს და დააბრალებს, რომ მათ უღალატეს საპროტესტო მოძრაობას. “ოცნება” შეუწყობს ხელს, რომ საზოგადოებაში ეს აზრი განმტკიცდეს და ამით უზრუნველყოს ამ არჩევნებშიც გამარჯვება. ახლა ამოცანა აქვთ, რომ ამ არჩევნებზე რაც შეიძლება მაგრად მოიგონ და ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ოპოზიციამ არ მიიღოს მონაწილეობა და არ დასჭირდეთ არც გაყალბება, არც არანაირი სირთულის გადალახვა, რათა მთელ მსოფლიოს დაანახონ, ჩემგან რა გინდათ, აი, გაუყალბებელი არჩევნები ჩავატარე და თუ უნდოდათ, მიეღოთ მონაწილეობაო”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“ყოველი შემთხვევისთვის, ისინი ეცდებიან ამით დამატებითი ქულები მოიპოვონ საერთაშორისო საზოგადოების თვალში. მე არა მგონია, ეს მაინცდამაინც კარგად გამოუვიდეთ, მაგრამ აშკარაა, ეს არის ხელისუფლებისთვის უკეთესი სცენარი, ვიდრე ის, რომ ოპოზიცია ერთიანი კანდიდატებით წავიდეს არჩევნებზე. ოპოზიციას ერთიანი კანდიდატებით ამ არჩევნების მოგების სერიოზული შანსი აქვს, მაგრამ რამდენადაც ვხვდები, ეს უკვე შეუძლებელია, რადგან ეს ბულინგი და წნეხი ოპოზიციაზე უკვე ძალიან დიდია. მე ვხვდები ოპოზიციის ლიდერებს და ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ერთია, რასაც ეს ადამიანები პირად საუბრებში ამბობენ და მეორე, რასაც საჯაროდ ამბობენ. ძალიან ბევრი ხვდება, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელი და საჭიროა, მაგრამ ამ ფონზე, რომელიც არის შექმნილი და შეიძლება ხელისუფლებაც უწყობდეს ხელს სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ რადიკალური განწყობების გაღვივებას, ამას ხმამაღლა ვეღარ ამბობენ. თუმცა მეორე საკითხია, რომ ემოციებიც გასაგებია და ისიც, რომ შეუპოვარი ბრძოლა და გამარჯვება გინდა, მაგრამ არ მესმის, ოპოზიციის ბოიკოტი არჩევნებისთვის პოლიტპატიმრებს ციხიდან როგორ გამოიყვანს და არსებულ სიტუაციას როგორ შეცვლის”,- ამტკიცებს ირაკლი მელაშვილი.
“ბრძოლას ყოველთვის უნდა ჰქონდეს ერთი მთავარი მიზანი - რა უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ამ ხელისუფლებას. თუ ვინმეს კიდევ აქვს იმის უნარი და სურვილი, რომ დასხდნენ, კარგად გათვალონ, რა არის ქვეყნისთვის მომგებიანი ოპოზიციისთვის, საზოგადოებისა და ქვეყნისთვის, თბილისის წართმევა ხელისუფლებისთვის თუ ბოიკოტზე წასვლა. ჩემი აზრით, საღ აზრზე მყოფი ადამიანი აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის წართმევა ყველა ვარიანტში უკეთესია. ამის მერე უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი, თუ ამას როგორ უნდა მივაღწიოთ. ხელისუფლების შესაცვლელად სულ სამი გზა არსებობს - არჩევნები, რევოლუცია და სამხედრო გადატრიალება, სხვა გზა კაცობრიობას არ მოუგონია. არჩევნებზე თუ უარს ვამბობთ, რჩება რევოლუცია და სამხედრო გადატრიალება. სამხედრო გადატრიალება არ არის პარტიების და საზოგადოების გზა, გამოდის, მხოლოდ რევოლუციური გზა რჩება. რევოლუცია რომ მოახდინო, ამისთვის გჭირდება ბელადი, ლიდერი, ლიდერთა ჯგუფი, რომელსაც ექნება ძალიან დიდი ავტორიტეტი და ხალხი თვალდახუჭული გაჰყვება. რაც მთავარია, გჭირდება რევოლუციურად განწყობილი მასა, რომელიც ამ იდეით იქნება აღტყინებული. ვინმემ მითხრას, ამ მოცემულობებიდან ერთი მაინც არსებობს?” - ამბობს რესპონდენტი.
“მე ვერ ვხედავ, მაგრამ ეტყობა, სხვები ხედავენ, მაგრამ ჩვენც ხომ უნდა გვითხრან? ან ციური მანანას იმედი აქვთ, რომ ამ ყველაფერს ღმერთი გადმოგვიყრის. ლოგიკას ვერ ვხედავ იმაში, რომ არჩევნებზე უარი ვთქვათ. არგუმენტად მხოლოდ ის აქვთ, რომ გააყალბებენ. რა თქმა უნდა, გააყალბებენ და ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ გაყალბების გარეშე მოიგონ და “ოცნებას” ნამუსი მოვწმინდოთ? თუ მივდივართ არჩევნებზე და “ოცნება” გააყალბებს, ეს დამატებითი არგუმენტი იქნება ისევ “ოცნების” საწინააღმდეგოდ. შევძლებთ თუ ვერა ამის გამოყენებას, ეს ერთი თემაა, მაგრამ პინაზე “ოცნების” დანაშაულების კიდევ ერთი გირი დაიდება. ახლა ვიბრძვით იმისათვის, რომ ეს გირი არ დაიდოს და “ოცნებამ” გაუყალბებლად მოიგოს? კი ბატონო, თუ ეს არის მიზანი, მე არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი იმ ადამიანების მაგივრად, ვინც ამას ქადაგებს”, - თვლის ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ოპოზიციას დასავლეთის იმედი აქვს. დასავლეთს თუ აქვს ისეთი ინსტრუმენტი, რომ ამ მოცემულობაში არჩევნების გარეშე მიაღწიოს ოპოზიციამ გამარჯვებას - ანუ ივანიშვილი სახლში გაუშვას?” - პასუხობს:
“არა, რა თქმა უნდა. დასავლეთი რუსეთი არ არის, აქ ჯარს არ შემოიყვანს და ომს არ დაიწყებს. დასავლეთს იმდენი პრობლემა აქვს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკა და ბიძინა ივანიშვილის პრობლემა მეასე კი არა, მეათასეხარისხოვანია მისთვის. საქართველოზე განცხადებებს ევროპარლამენტის მხოლოდ 3-4 დეპუტატი თუ აკეთებს. იცით, რამდენი დეპუტატია ევროპარლამენტში? 720 და 1%-ც კი არ არის იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც აქტიურად რეაგირებენ საქართველოს საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ფეხებზე ვკიდივართ, მაგრამ დასავლეთის დღის წესრიგში დღეს არ არის საქართველო. გარდა ამისა, ევროპარლამენტი ერთია და აღმასრულებელი სექტორი საქართველოს საკითხით დაკავდებაო, ძალიან არარეალისტური გათვლაა. თუ ვინმე ოპოზიციაში ასე ფიქრობს, ძალიან ცდება. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ვფიქრობ, არათუ კონსენსუსი, არამედ ის 15 ხმაც კი არ არსებობს, რაც შეჩერებისთვის არის საჭირო”.
“ეს შეჩერება მოიტანს იმას, რომ ამით მოხდება საქართველოს კიდევ უფრო მეტი იზოლირება დასავლეთისგან და ქართული სახელმწიფო უფრო ჩაკეტილ სისტემაში აღმოჩნდება, სადაც ავტორიტარიზმის შენარჩუნება უფრო ადვილია. რაც მთავარია, ის საზოგადოება, რომელსაც “ოცნება” ამდენი ხანია ჩასძახის, დასავლეთი სუვერენიტეტს გვართმევსო, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ვის დააბრალებს? ცხადია, ისევ ევროკავშირს და ამას რა შედეგებიც მოჰყვება, ადვილი წარმოსადგენია. ამიტომ ტუსკის ინიციატივა, არა მგონია, ჭკვიანური იყოს. რამდენად ესმის მას საქართველოს პრობლემების ბუნება, ეჭვი მეპარება. ამიტომ მე არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში, შემოდგომამდე უვიზო რეჟიმის შეჩერებას ან გაუქმებას. ვფიქრობ, სერიოზულ გადაწყვეტილებებს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიიღებენ. სხვათა შორის, ევროპელებმა მკაფიოდ თქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს. ერთია, რომ ევროპა ბოიკოტისკენ არასოდეს მოუწოდებს, მეორე მხრივ კი ევროპისთვისაც დასაფიქრებელია, თუ რას წარმოადგენს ქართული ოპოზიცია”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.
“ევროპა ძალიან კარგად ხვდება, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოში შეიძლება შეიქმნას ვითარება, როდესაც ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ახლა პროტესტში არიან ჩართული, არც ერთ არჩევით ორგანოში არ იქნებიან წარმოდგენილი და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ რამდენად ლეგიტიმურია ეს ხალხი, რამდენად გამოხატავენ ქართველი საზოგადოების ინტერესებს. ამიტომ უნდათ ოპოზიციას რაღაც პოლიტიკური სტატუსი ჰქონდეს, თავისუფლად შეძლოს ხმის მიწვდენა და ა.შ. ოპოზიცია ამას არ აკეთებს, უარს ამბობს და ვნახოთ, შედეგი რა იქნება. დღეს იმის იმედზე ვართ, დაუშვებს თუ არა ხელისუფლება მორიგ დიდ შეცდომას, რაც არავინ იცის. ოპოზიციას რა სჭირს ვერ გეტყვით, მეც სულ ამას ვკითხულობ. შესაძლოა სხვადასხვა ინტერესია, შესაძლოა სხვადასხვანაირად ვხედავთ რეალობას, ან არ სწამთ გამარჯვების და კიდევ ერთხელ წაგება არ უნდათ. ვიმეორებ - ძალიან კარგად ვიცი, რომ ის ხალხი, ვინც გარეთ ძალიან აგრესიულად ლაპარაკობს იმაზე, რომ არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, ძალიან ბევრი პირად საუბრებში მეუბნება, რომ მონაწილეობა აუცილებელია. არ ვიცი, რა სჭირთ, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ ეს კარგს არაფერს მოიტანს. ასე რომ, ყველა დამოკიდებული ვართ იმაზე, კიდევ რამე დიდ სისულელეს გააკეთებს თუ არა “ოცნება”, - დასძენს ირაკლი მელაშვილი.
რა მოხდა 6 წლის წინ ჩორჩანაში - ადგილობრივ არჩევნებამდე შეიძლება ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი დაიჭირონ
“ქართულმა ოცნება” გადაწყვიტა სოფელ ჩორჩანაში მომხდარი 6 წლის წინანდელი ამბავი გამოიძიოს. ამის საფუძველზე მაშინდელ შს მინისტრსა და ამჟამად ოპოზიციური პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას შესაძლოა ბრალი წაუყენონ. ანალიტიკოსთა ნაწილი ამას 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებს, სადაც გახარიას პარტიას, სხვა რეიტინგული ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი მონაწილეობა. 14 ივნისს ამ საკითხზე პროკურატურას ჩვენება მისცა მაშინდელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა. გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მან არ გამორიცხა, რომ მისი და ასევე სხვა ყოფილი მაღალი რანგის ძალოვნების ჩვენებათა საფუძველზე, პროკურატურამ გახარიას დაკავების გადაწყვეტილება მიიღოს. “მე მზად ვარ, თუ დანაშაული ჩავიდინე, პასუხი ვაგო, პირველ რიგში ჩემი სამშობლოსა და ხალხის წინაშე”, - განაცხადა გომელაურმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდა 6 წლის წინ ჩორჩანაში - ადგილობრივ არჩევნებამდე შეიძლება ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი დაიჭირონ.
“პროკურატურის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე. “საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, სადაც განმარტების მისაცემად იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. “ქართულ ოცნებას” ეშინია გახარიასი, რადგან მან, სხვებისგან განსხვავებით, არჩევნებზე უარი არ თქვა”, - ასე შეაფასა პროკურატურაში გამოძიების დაწყება ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ნაკლებად ვარაუდობს გახარიას ადგილობრივ არჩევნებამდე დაკავებას, თუმცა, მისი აზრით “ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დასკვნას დადებს პროკურატურა თავის გამოძიების შედეგად”, - აღნიშნავს გამოცემა.
“2019 წლის აგვისტოში შსს-მ, რომელსაც მაშინ გახარია ხელმძღვანელობდა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტყის მასივში პოლიციის საგუშაგო გახსნა. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებს ეს ტერიტორია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ნაწილად მიაჩნდათ და აქ თავად აპირებდნენ დე ფაქტო საზღვრის გავლებასა და საგუშაგოს გახსნას. ყოველივე ამან ვითარების სერიოზული დაძაბვა გამოიწვია, თუმცა ღია კონფრონტაციამდე საქმე არ მისულა და რამდენიმე კვირაში კონფლიქტი ამოიწურა. ანალიტიკოსთა ნაწილი და გახარიას მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მაშინდელმა შს მინისტრმა თავისი მოქმედებით ეს კონკრეტული ტერიტორია საქართველოს კონტროლის ქვეშ დატოვა და ოკუპანტებს მისი მავთულხლართების მიღმა მოქცევის საშუალება არ მისცა. ოპონენტები კი გახარიას იმაში ადანაშაულებენ, რომ თვითნებურად მოქმედებდა, საქმის კურსში არ ჩააყენა სახელმწიფოს მეთაური და სხვა ძალოვანი სტრუქტურები და ქვეყანა ფაქტობრივად ახალი შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე დააყენა. გარდა ამისა, საპასუხოდ, ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის სხვა მონაკვეთებზე გახსნეს თავისი დამატებითი საგუშაგოები და ახალი ქართული ტერიტორიები მოაქციეს თავისი კონტროლის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, 2019 წლის სექტემბერში, გიორგი გახარია უკვე პრემიერ-მინისტრი გახდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ჩორჩანაში რაც ხდებოდა, ყველაფერი “ქართული ოცნების” ნებით იყო და რაც ახლა ხდება ამორალურია. ეს არჩევნების წინ ხდება, ანუ აშკარაა, რომ “ოცნებას” ეშინია გახარიას მონაწილეობის. ამიტომ ამას ჩორჩანასთან საერთო არაფერი აქვს. ჩორჩანაში მოხდა ის, რომ ქართულმა მხარემ ჩათვალა, რომ არსებობს რაღაც საფრთხეები, ოსურ მხარეს შესაძლებელი იყო გაეფართოვებინა კონტროლის ტერიტორია ტყეში და შესაბამისად, მოვლენებს დაასწრო. ამაში განსაკუთრებული არაფერია და ამით სახელმწიფო არ დაქცეულა. მე, როგორც ამ სფეროში ჩახედული ადამიანი, გეტყვით, რომ ჩორჩანის ამბით საქართველომ არც არაფერი მოიგო და არც არაფერი წააგო. საბოლოო ჯამში არაფერი მომხდარა. შედეგი ისევე ნულია, რაც მანამდე იყო. აქედან გამომდინარე ამაზე არანაირი ლაპარაკი არ უნდა იყოს. გამორიცხულია, პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს არ სცოდნოდათ, რომ გახარია ამას აპირებდა. ასევე აუცილებლად შეათანხმებდა ბიძინა ივანიშვილთან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ქართულ ოცნებას" ეშინია გახარიასი, რადგან მან, სხვებისგან განსხვავებით, არჩევნებზე უარი არ თქვა. ამიტომ რაღაცებს ქექავს. ეს რომ ყოფილიყო ნებისმიერი სხვა, მაგალითად, ბახტაძე, რომელიც არავის ახსოვს და მას მოენდომებინა არჩევნებში მონაწილეობა თავისი შექმნილი პარტიით, იმასაც რაღაცას ამოუქექავდნენ. ამიტომ ამას არაფერი საერთო არ აქვს რეალობასთან. გამოძიების დაწყება ლოგიკურია არჩევნების თემასთან დაკავშირებით. იქნებ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბოიკოტზე მიდიან, გონს მოეგონ და მიხვდნენ, რამდენად დიდ შანს უკარგავენ საქართველოს და რამდენად ჩუქნიან “ოცნებას” ძალაუფლებას, თანაც მრავალი წლით. ამ ფონზე ეს არის წმინდა წყლის საარჩევნო კამპანია. თუ გახარია დააკავეს იმ ფონზე, რომ პარტია მაინც მონაწილეობს არჩევნებში, მაშინ ეს გახარიასთვის კარგი იქნება, რადგან უფრო მეტი ხალხი მივა და ციხეში მჯდომ გახარიას ხმას მისცემს, სოლიდარობას გამოუცხადებენ. მთავარია, ისე როგორც “ნაცმოძრაობამ”, უკან არ დაიხიოს. ყველას ხომ არ ჩასვამენ ციხეში?! “ოცნების” მიზანიც ესაა, რომ უარი თქვან”, - დაასკვნის პაატა ზაქარეიშვილი.
“მე ასე დეტალურად ამ საკითხში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ერთი რაც ვიცი, შემიძლია გითხრათ, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები არსებობს ამ საგუშაგოს გახსნა-არგახსნასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ გამოძიება ალბათ დაადგენს, კონკრეტულად ამ საგუშაგოს გახსნით ჩვენს სახელმწიფოს ზარალი მიადგა, თუ ეს საგუშაგო რაღაცნაირად სარგებლის მომტანი იყო. ჩემი აზრით, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო, ანუ შექმნა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, როდესაც პირობა დადო, რომ პოლიტიკიდან მოკვეთდა “ნაცმოძრაობას” და მასთან აფილირებულ პარტიებს, ეს ამ პოლიტიკურ კარკასში ჯდება და გახარიას საქმეც ერთ-ერთი პატარა შემადგენილი ნაწილია. შესაძლოა უბრალოდ მანამდე მათ ვერ მოიცალეს ამისთვის და ახლა დაიწყეს გამოძიება. ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა, მე არ ვარ ამ სფეროს ქსპერტი, რომ უსაფრთხოების კუთხით ვისაუბრო. მეორე საკითხი არის ის, თუ რატომ არ მოხდა უფრო მჭიდრო კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის. თუკი, დავუშვათ, უსაფრთხოების სამსახური მიიჩნევდა, რომ საგუშაგო არაფრის დიდებით არ უნდა გახსნილიყო, შსს კი თვლიდა, რომ აუცილებელი იყო, სად იყო მაშინდელი პრემიერ-მინისტრი? რატომ არ ჩაერია საკითხის განხილვაში? აქ უკვე წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მენეჯმენტთან გვაქვს საქმე”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“ჩემთვის რთულია თქმა, დაიჭერენ თუ არა გახარიას იქიდან გამომდინარე, თუ რა რეაქციები მოჰყვება ხოლმე ყოველი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას და ციხეში გაშვებას ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. მაინც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ადგილობრივ არჩევნებამდე ხელისუფლება გახარიას არ დააკავებს. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დასკვნას დადებს პროკურატურა თავისი გამოძიების შედეგად. თუ დასკვნაში ცალსახად გამოიკვეთა ის, რაც პროკურატურის განცხადებაში წერია, მაშინ ღიად დადგება საკითხი, რომ ამ გადაწყვეტილების მიმღებმა პასუხი უნდა აგოს კანონის შესაბამისად”, - თვლის ანჯაფარიძე. ჩორჩანას მოვლენებზე გამოძიების დაწყებას პარტიის “გახარია საქართველოსთვისა” და “ნაციონალური მოძრაობის” დაპირისპირებაც მოყვა. ექსპრემიერის პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ამასთან დაკავშირებით ენმ-ის ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადების კონტექსტი”, - დასძენს გამოცემა.
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, “გომელაურის დაბარების რეალური მიზეზი გახარიასთვის არჩევანის ცხადად წარმოჩენაა - ციხე, ან ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა”. საპასუხოდ “გახარია საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური წერს, რომ არც ერთ “ნაცს” არ უთქვამს, ჩორჩანას თემით “ოცნება” მოღალატეობრივ ნარატივს ატარებს და ედავება ყოფილ შს მინისტრს. “წერენ “ნაცები”, რომ გახარიას ბიძინა იჭერს იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოსო! კაცი იძახის, მონაწილეობას ვიღებო და ბიძინა იჭერს რათა აიძულოს - მონაწილეობა მიიღეო! ლოგიკა, როგორც ასეთი... სინამდვილეში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, არცერთ „ნაცს", არცერთს (!) არ უთქვამს, რომ ჩორჩანას თემით “ოცნება” ატარებს მოღალატეობრივ ნარატივს და ედავება ყოფილ შს მინისტრ გახარიას, რატომ დაიცავი სახელმწიფოს ტერიტორიაო” - წერს ანა ბუჩუკური “ფეისბუქზე”. მისივე აზრით, “აი, ამიტომ არის 13 წელი “ნაცმო” სამარცხვინოდ, სასაცილოდ წარუმატებელი”.
არჩილ გამზარდია - “ხელისუფლება აკეთებს ზუსტად იმდენს, რამდენიც გაუვა”
“ჩემთვის, როგორც ძალაუფლების კვლევის სფეროს მეცნიერისთვის, უპირველესი ამოცანაა გავაანალიზო, როგორ მუშაობს ძალაუფლება რეალურ დროში. როცა ვსაუბრობ ტოტალიტარიზმის განვითარებაზე, ვგულისხმობ ერთ ძალიან სპეციფიკურ მახასიათებელს - საყოველთაობას. ეს ნიშნავს შიშის მასობრივად დათესვასა და კონტროლის მაქსიმალურად გავრცელებას მთელ საზოგადოებაზე. ტოტალიტარიზმი არ ჰგავს ჩვეულებრივ დიქტატურას. თუ ჩვეულებრივ დიქტატს აქვს კონკრეტული სამიზნეები - ოპოზიცია, აქტივისტები და მედია, ტოტალიტარიზმი ზეწოლას ახდენს ყველაზე: საშუალოსტატისტიკური მოქალაქიდან საზოგადოებრივ ავტორიტეტებამდე, ყველა სახელმწიფოს მუდმივ კონტროლშია. სახელმწიფო ესწრაფვის მოქალაქის ნების წარმართვას, მისი უფლებების რედუქციას, მის ქცევებზე ზემოქმედებას შიშის, მათ შორის ირაციონალური შიშის მეშვეობით”,- აცხადებს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერიუში, სათაურით “ხელისუფლება აკეთებს ზუსტად იმდენს, რამდენიც გაუვა”.
“ტოტალიტარულ სისტემაში ხელისუფლება წარმოდგენილია როგორც ერთადერთი სიკეთე, რომელიც თითქოს ებრძვის ბოროტ ძალებს, მაგალითად, ე.წ. დიპ სტეიტს. იქმნება ილუზია, თითქოს მთელი მსოფლიო ვერ უმკლავდება იმ ბოროტებას, რომელსაც მხოლოდ ჩვენი ხელისუფლება ებრძვის. სწორედ ამ ფონზე იმკვიდრებს დიქტატურა ძალაუფლებას. თანამედროვე დიქტატურა განსხვავდება კლასიკურისგან - ფორმალურად არსებობს დემოკრატიის ნიშნები: მედიასაშუალებები, პარტიები, სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მთავარი ინდიკატორი ის არის, აქვს თუ არა საზოგადოებას ძალაუფლების შეზღუდვის უნარი. თუ ძალაუფლება საზოგადოების ზეწოლას არ ექვემდებარება, მაშინ ქვეყანაში დიქტატურაა. შესაბამისად, დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში დიქტატი გვაქვს. კიდევ უფრო სახიფათო მოვლენაა ტირანია, მასში სამართლებრივი ლოგიკა საერთოდ უგულებელყოფილია. ადამიანები ისჯებიან არა თავიანთი ქმედებების სიმძიმის მიხედვით, არამედ პრევენციულად, საჩვენებლად, დასაშინებლად. ბოლო დროს უკვე ვხედავთ, რომ ძალადობა სამართლებრივ სივრცეშიც შეიჭრა - მაგალითად, ადამიანების დაუსაბუთებელი, არათანაზომიერი დასჯის პრაქტიკით. მათე დევიძის საქმეს თუ დავაკვირდებით, მისი სამართლებრივი გადაცდომა შეიძლებოდა დასჯილიყო თუნდაც 1-თვიანი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით. ის კი, რაც მოხდა, ტირანიის ნიშნებს შეიცავს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
“დემოკრატიული სამართლებრივი სისტემა ითვალისწინებს დანაშაულის შინაარსს, დამნაშავის ასაკს, სოციალურ სტატუსს და ა.შ., ტირანიის დროს კი ხდება სამართლის ინსტრუმენტალიზება - იარაღად გამოყენება. გავიხსენოთ მზია ამაღლობელის საქმეც. ის ტირანიის ნიშნების მატარებელია. ეს ყველაფერი უკვე აღარ არის მხოლოდ მორალური წნეხი - დაწყებულია სამართლებრივი დევნა. ასევე ტირანულ ელემენტებად უნდა ჩაითვალოს ფიზიკური ზეწოლა მოქალაქეებზე, მუქარები სატელეფონო ზარებით, მორალური წნეხი და, რაც ბოლო დროს ყველაზე თვალსაჩინოა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ფეისბუქ-სტატუსებზე. როდესაც ადამიანი ისჯება მხოლოდ იმის გამო, რომ “ბოლი გამოუშვა” - ანუ გამოხატა ემოცია, ეს უკვე ტირანიის მეთოდია. ზოგჯერ “ბოლის არგამოშვება”, პირდაპირი თუ ირიბი წნეხის გაძლიერება, უფრო მეტად თრგუნავს საზოგადოებას. ასეთ შემთხვევაში მივიღებთ ისეთ მდგომარეობას, როგორიც გვქონდა საბჭოთა კავშირის პერიოდში და როგორიც დღეს არის ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთსა და რუსეთში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მეორე შესაძლებლობა ამ ვერსიისგან სრულიად განსხვავებულია - ზოგჯერ საზოგადოებაში არსებული საპროტესტო ენერგია სწორედ ბოლის გამოშვების დროს იცლება და თუ ბოლის გამოშვების შესაძლებლობა მოისპობა, ეს ენერგია დაგროვდება და ერთბაშად იფეთქებს. ჯერ მიჭირს ვექტორის განსაზღვრა - დაითრგუნება ქართველი ხალხი თუ ერთბაშად იფეთქებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ქვეყანაში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც წინააღმდეგობრივი მოძრაობის მუხტის, ასევე დათრგუნვის გაძლიერება. თუ წინა წლებში ძალაუფლება ზოგჯერ უკან დგამდა ნაბიჯს, მაგალითად, იყო მომენტები, როდესაც საზოგადოებრივ ზეწოლაზე ივანიშვილი დადებითად რეაგირებდა, ბოდიშსაც კი იხდიდა და პირობასაც დებდა, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხელისუფლების უკან დახევის არც ერთი პრეცედენტი არ გვქონია. პირიქით, მუდმივად წინ მიიწევს ძალაუფლების განმტკიცებისა და ტოტალიტარიზმის გაძლიერებისთვის. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში საპატიმროში ვიხილოთ ის მოქალაქეები, რომელთა ციხეში ყოფნა დღეს ვერც წარმოგვიდგენია”, - ამტკიცებს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი.
“ცოტა ხნის წინ ასევე ვერ წარმოგვედგინა სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან ქალების მიმართ ასეთი უპატივცემლობა. სასამართლოც კი ტრადიციულ-კონსერვატორული მიდგომის გავლენაში იყო და, თუ მკვლელობა ან სხვა სასტიკი დანაშაული არ იყო ჩადენილი, ქალის მიმართ ლმობიერი იყო. ახლა ყველაფერი პირიქითაა. მაგალითად, თქვენც ვერასდროს წარმოიდგენდით ასეთ სცენარს: ქალი გინების საპასუხოდ მამაკაცს ხელს მოუქნევს და ოთხ თითს ლოყაზე ოდნავ მოარტყამს, მამაკაცი კი აყვირდება, მეტკინა, ლოყა გამიწითლდაო და მოითხოვს, რომ ქალი ციხეში ჩასვან. კაცის ამ ვიშვიშს სასამართლოც აჰყვა და ჟურნალისტი ქალი ციხეში გამოკეტეს. ჩვენი ხელისუფლება ძალიან თანამიმდევრულია ტოტალიტარიზმის დამკვიდრებაში - აკეთებს ზუსტად იმდენს, რამდენიც გაუვა. თუ ოდნავ გადააჭარბებს და საზოგადოებრივი პროტესტი ძლიერდება, დროებით ჩერდება და ცოტა ხნის შემდეგ კვლავ აგრძელებს. ხელისუფლების დღევანდელ ქმედებებს არც მორალი ეტყობა და არც რაციონალიზმი - ეს არის სწორედ ტოტალიტარიზმის ნიშანი. ასეთი რეჟიმისთვის თავდაპირველად სამიზნეებად იქცევიან უხეში, ხისტი, კულტურისგან დევიაციური ქცევის მქონე ადამიანები, მაგრამ შემდეგ ეტაპზე რეჟიმის სამიზნეები კორექტული, დელიკატური ქცევის მქონე პირებიც ხდებიან”, - დაასკვნის არჩილ გამზარდია.
“როდესაც ეს ზღვარიც გადაილახება, შემდეგ საზოგადოების განცდების გაკონტროლებაც იწყება. ტოტალიტარიზმის დროს ხელისუფლების ამომრჩეველი არ გამოირჩევა კრიტიკული განსჯის უნარით. ის, ერთი მხრივ, დათრგუნვილია, მეორე მხრივ კი - ირაციონალური შიში აქვს. მას ხომ ღმერთად წარმოუდგენია თავისი ხელისუფალი, რომელიც თითქოს მსოფლიო ბოროტებას ებრძვის. ასეთი ადამიანისთვის ფიქრი თავად ხდება საშიში. ამ მდგომარეობამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ თუ არაფერს შევცვლით, დადგება დრო, როცა ადამიანი ვერც გაბედავს, ფიქრით დაუპირისპირდეს ხელისუფლებას. ტოტალიტარულ სისტემაში განსჯადობა საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი - მთავარი ხდება ემოციური მდგომარეობა, შეგრძნებები და შიში. მაგალითად, შეიძლება რაღაც არ მომწონს ხელისუფლების მოქმედებაში, მაგრამ მეშინოდეს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს და ამიტომ ხმა აღარ ამოვიღო. ასეთი ობივატელიზმის ანუ შიშით და თვითცენზურით მართვის სისტემა ტოტალიტარიზმის ძირითადი საყრდენია. ჩვენ ჯერ მთლიანად ასეთი საზოგადოება არა ვართ, მაგრამ არც ეს დღეა შორს”, - განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ოპოზიციის როლს და ფუნქციას როგორ ხედავთ ამ მოცემულობაში?” - პასუხობს:
“ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც საპროტესტო აქციებზე მყოფი ადამიანების თვალშიც კი არა აქვს ავტორიტეტი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვერ ბედავენ ხმის ამოღებას და თუ გაბედავენ, მაინც არავინ მოუსმენს. ერთადერთი, ვისაც აქა-იქ უსმენდნენ, ზურა ჯაფარიძე იყო, ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი. თუმცა რამდენჯერმე მის გამოსვლას იმედგაცრუება მოჰყვა და საბოლოოდ მისი ნდობის რესურსიც ამოიწურა. ოპოზიციაში ერთი ლიდერიც არ აღმოჩნდა ისეთი, რომელიც აღიარებდა, რომ არ არის კარგი მოთამაშე და გადავიდოდა კულუარებში, სტრატეგის როლში, რათა ადგილი დაეთმო ახალგაზრდებისთვის. ამას ემატება კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა - ოპოზიციონერ ლიდერებს ერთმანეთი სძულთ. მათ დღემდე ვერ გაურკვევიათ, ერთი პარტიის წევრები არიან თუ კონკურენტები, რომლებიც დროებით თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდნენ. მიაჩნიათ, რომ უფლება აქვთ ამომრჩევლის ნაცვლად გადაწყვიტონ, ვინ მივიდეს არჩევნებზე და ვინ არა, ან ვის უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ვის არა. ასეთ პოლიტიკურ ქცევაში აშკარად იკითხება დიქტატორული მენტალიტეტი და ეს უკვე ოპოზიციურ პარტიებშიც ჩანს”.
ირანის ბირთვული ობიექტებიდან რადიაციის გაჟონვა დადასტურდა - რა საფრთხე ელის საქართველოს
“ისრაელის მიერ 13-14 ივნისის ღამეს ირანის ბირთვულ ობიექტებს დარტყმის შედეგად რადიაციამ გაჟონა და ეს შაბათს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, ეს ინფორმაცია ეყრდნობა ირანის ხელისუფლების მიერ სააგენტოსათვის მიწოდებულ მონაცემებს, რომლის მიხედვით რადიაციის დონე გაზრდილია მხოლოდ ამ ბირთვულ ობიექტების ტერიტორიაზე. ისრაელის პრემიერმა კი განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამების გულს დაარტყეს, რომლის შედეგად განადგურდა ირანის ბალისტიკური რაკეტების არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი და ურანის გამამდიდრებელი ყველაზე დიდი ობიექტი ქალაქ ნათანზში. მოგვიანებით საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსმა განაცხადა, რომ ნათანზის ბირთვული ობიექტი განადგურებულია, თუმცა უცვლელია რადიოაქტივობის დონე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გარე რადიოლოგიური ზემოქმედება არ მომხდარა. თუმცა, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია შესაძლოა არასრული იყოს, რადგან მათ არ აქვთ პირდაპირი წვდომა. თან ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება და მოსალოდნელია ახალი დარტყმები, რომელთა შედეგების წინასწარ პროგნოზირებაც რთულია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ირანის ბირთვული ობიექტებიდან რადიაციის გაჟონვა დადასტურდა - რა საფრთხე ელის საქართველოს.
“ისრაელმა ოპერაცია “აღმავალი ლომი” 13 ივნისს გამთენიისას დაიწყო, რომლის მიზანიც ირანიდან მომდინარე ბირთვული საფრთხის თავიდან აცილებაა. ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნის ზღვარზეა, რაც ისრაელს საფრთხეს უქმნის. ამის საპასუხოდ, 14 ივნისის ღამეს, ირანმა ისრაელის მიმართულებით ასეულობით რაკეტა გაისროლა, რამდენიმემ “რკინის გუმბათი” გაარღვია და მიზნამდე მიაღწია. აფეთქებები იყო თელ-ავივსა და იერუსალიმში... “ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ საქართველოში რადიაციის მონიტორინგის სისტემა მუშაობს, ჯერჯერობით რადიაციის დონე გაზრდილი არაა და არაფერი გვემუქრება. თუმცა ამბობს, რომ თავად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს არ აქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება ადგილზე, რადგან სამხედრო ობიექტებზე არ უშვებენ, ირანში მდებარე ურანის გამამდიდრებელი ორი ქარხანა კი სამხედრო ობიექტებია. ჩხობაძე თქმით თუ რადიაციამ გაჟონა, კლიმატურ პირობებზე და ქარის მიმართულებაზეა დამოკიდებული რა გზით და რამდენ ხანში შეიძლება ჩამოაღწიოს საქართველომდე”, - აღნიშნავს გამოცემა
“ირანის ძირითადი ბირთვული ობიექტები მდებარეობს ნათანზში, ფორდოუში, ისპაანში, ჰონდაბში, თეირანსა და ბუშერში. ისრაელის მთავარი სამიზნე ნათანზიში მდებარე ყველაზე დიდი ურანის გამამდიდრებელი ქარხანა იყო. იქვე მდებარეობს ურანის გამამდიდრებელი ერთ-ერთი მთავარი კომპლექსი. მიწისქვეშა და მიწისზედა ქარხანა მთის ძირში ვაკეზეა გაშენებული. სამსართულიან მიწისქვეშა საიდუმლო ქარხნის მშენებლობის შესახებ 2002 წელს გახდა ცნობილი. ფორდოუში არსებული ობიექტი დაცულია, ის მთის ფერდობშია შეჭრილი. ირანის სიდიდით მეორე ქალაქ ისპაანში მდებარეობს ბირთვული ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელსაც შეუძლია ბირთვული ბომბის შესაქმნელად საჭირო ლითონური ურანის წარმოება. რაც შეეხება ჰონდაბს, აქ ასევე ატომური იარაღისთვის გამოსაყენებელი პლუტონიუმის წარმოება შეუძლიათ. ჰონდაბში ბირთვული რეაქტორი ნაწილობრივ აშენებულია. ირანის ბირთვული კვლევითი ობიექტები თეირანშიცაა განთავსებული. იქვეა აშენებული ბირთვული რეაქტორი. ქვეყნის ერთადერთი მოქმედი ატომური ელექტროსადგური კი ბუშერში მდებარეობს”, - განაგრძობს გამოცემა.
“საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელ რაფაელ გროსის თქმით, “ქალაქ ნათანზში ბირთვული საწვავის გამდიდრების საპილოტე მიწისზედა ობიექტი, სადაც ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრებას აწარმოებდა, განადგურებულია. ასევე განადგურებულია ელექტრო ინფრასტრუქტურა და მისმა გათიშვამ, შესაძლოა, დააზიანა ცენტრიფუგები. თუმცა, უცვლელია რადიოაქტივობის დონე, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გარე რადიოლოგიური ზემოქმედება არ მომხდარა. ამჟამად ირანის ხელისუფლება გვატყობინებს თავდასხმების შესახებ ფორდოს საწვავის გამდიდრების ქარხანასა და ისპაანზე. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, გარდა მინიშნებისა, რომ სამხედრო მოქმედებები ამ ობიექტების გარშემო მიმდინარეობს, რომლებიც თავდაპირველად არ ყოფილა სამხედრო ოპერაციის ნაწილი. თუმცა, ახლა მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ განვაცხადო, ეს ობიექტები ასევე იწვევს შეშფოთებას”, - განაცხადა გროსიმ. ნონო ჩხობაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით რადიაცია მომატებული არაა საქართველოში და არაფერი გვემუქრება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ არაა ცნობილი ადგილზე რა ხდება, პრევენციული ზომებია მისაღები”, - დასძენს გამოცემა.
“საქართველოში ჯერჯერობით ჩვენ არაფერი არ გვემუქრება, რადგან მონიტორინგის სისტემა მუშაობს, მაგრამ თუ ფონის მომატება გვექნება - მაშინ კი. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გაჟონვა არ მომხდარა, მოხდა უსაფრთხოების გარსის დაზიანება. დილით განცხადებაც გააკეთა სააგენტომ, რომ მას არ აქვს სრული ინფორმაცია. ატომური სააგენტოდან წარმომადგენლებს გუშინ საღამოს ველაპარაკე. ვიცი, რომ მათ ჯერჯერობით სრული ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ატომურ სააგენტოს გააჩნია სპეციალური რეაგირების ჯგუფი, რომელიც ალბათ ირანში გაემგზავრება, რომ დააფიქსიროს, თუ რამე არის. მაგრამ სამხედრო ობიექტებზე მათ არ შეუშვებენ და შესაძლოა სამოქალაქო ობიექტებზე შევიდნენ და შესაძლებელია საფრთხე იყოს. ჩვენ ბოლომდე არ ვიცით რა მოხდა, უკვე რამდენად იყო გამდიდრებული ურანი და შესაბამისად, ვერ ვაკეთებთ მოდელირებას. ჩვენ ნამდვილად კარგი მონიტორინგის სისტემა გაგვაჩნია და ფონმა თუ მოიმატა, დაფიქსირებას შეძლებს. მაგრამ ქარის მიმართულებას აქვს მნიშვნელობა, ანუ კლიმატი როგორ იმოქმედებს და ატმოსფეროში როგორი მოძრაობა იქნება, მაგას აქვს მნიშვნელობა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ჩხობაძე.
“ზოგადად, ჯერჯერობით არაფერი არაა ცნობილი. სამხედრო ობიექტებზე არავის უშვებენ, რადგან ურანის გამამდიდრებელი ორი ქარხანა რეალურად სამხედრო ობიექტებია. ერთი გამამდიდრებელი რომ სერიოზულად დაზიანდა და ფაქტიურად დაშლილია, ჩვენ არაფერი გვემუქრება, მაგრამ მონიტორინგის სისტემა უნდა გაძლიერდეს. მუდმივი კონტროლი ისედაც ტარდება და უბრალოდ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ მოსახლეობას. სასწრაფოდ შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა დაიწყონ მომზადება იმის მიხედვით, რამე რომ მოხდეს, მოვლენები როგორ განვითარდება - რა ინფორმაციასაც მოგვაწვდის ატომური სააგენტო, როგორ უნდა გავაფრთხილოთ მოსახლეობა. აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს თავისი რეზერვი, საკვები, პირველადი საგნები, რათა, რამე რომ მოხდეს, მოსახლეობის სახლებში იზოლაცია შესაძლებელი იყოს. ისიც თუ დასჭირდა, მაგრამ ეს საფრთხე ჯერჯერობით არ გვაქვს. ინფორმაციები უნდა გაიცვალოს სომხეთის სადგურებთან, რადგან სომხეთსაც აქვს გაშლილი რადიაციული მონიტორინგის სისტემა, ისევე, როგორც ჩვენ”, - ამბობს ჩხობაძემ და შეკითხვაზე - “თუ რადიაციამ გაჟონა, რა გზით და რამდენ ხანში შეიძლება ჩამოაღწიოს რადიაციულმა ღრუბელმა საქართველომდე?” - პასუხობს:
“საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდება, თუმცა ეს კლიმატის პირობებიდან გამომდინარეა - ქარი საით დაუბერავს, იმის მიხედვით ხდება პროგნოზირება. მაგრამ სანამ ჩვენამდე მოვა, იქვე დაილექება. თუ ურანი გამდიდრებულია, მასში იქნება მყარი ნაწლაკები და მაგ შემთხვევაში, ეს გზადაგზა დაილექება. შესაბამისად, ჩვენამდე შეიძლება არაფერი არ მოვიდეს და ალბათ არც მოვა, უბრალოდ მონიტორინგის სისტემა მაინც საგანგებო რეჟიმზე უნდა იყოს გადაყვანილი და მუდმივად კონტროლი იყოს. ეს ფარი საქართველოში ისედაც არსებობს, მაგრამ მაქსიმალურად ანალიზები უნდა გაკეთდეს, ანუ ამ შემთხვევაში ელემენტარული დაკვირვება უნდა მოხდეს, მეტი არაფერი”.
ვახტანგ კაპანაძე - “მეორე ფრონტის გახსნა და ნატოს რომელიმე ქვეყანაზე შეტევა რუსეთის აბსოლუტური განადგურება იქნება”
“ფრონტზე დიდი ცვლილებები ისევ არ არის, რუსები ძალიან მცირე ტემპით მიდიან წინ. ეს განსაკუთრებით ეხება სუმის ოლქს ჩრდილოეთით, კურსკის ოლქის მომიჯნავედ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ძირითადი დარტყმა პოკროვსკის მიმართულებაზე იყო (და რჩება კიდეც). ვინაიდან პოკროვსკის მიმართულება უკრაინელებს უფრო დაცული აქვთ (აქ არის მნიშვნელოვანი თავდაცვითი ზღუდეები კრამატორსკისა და სლავიანსკის სახით), რუსები 50-ათასიანი დაჯგუფებით შედარებით წინსვლას ახერხებენ სუმის მიმართულებაზე. რუსები დიდი დანაკარგის წინაშე დგანან, თუმცა ეს არ ადარდებთ. წარმოიდგინეთ, როგორც პუტინმა წაიტრაბახა, წელიწადში 600-630 ათასი კაცი აფორმებს კონტრაქტს. უკვე მესამე წელია ომია და სად წავიდა ეს ხალხი? ასეთი კატეგორია, ძირითადად, ასე ვთქვათ, ხარჯში, შევსებაზე მიდის და არა მიმართულებით გაძლიერებაზე”, - აცხადებს გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერიუში, სათაურით “მეორე ფრონტის გახსნა და ნატოს რომელიმე ქვეყანაზე შეტევა რუსეთის აბსოლუტური განადგურება იქნება”.
“უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ ფინეთის ნატოში გაწევრების შემდეგ რუსეთს 1200 კმ-იანი საზღვარი დაემატა, რომელსაც დაცვა და რესურსები სჭირდება. რუსეთის რესურსი კი ულევი არ არის და თუ მოკავშირეებისგან მნიშვნელოვანი დახმარება არ მიიღო, როგორც ეს ჩრდილო კორეიდან მოხდა, რუსეთისთვის ზაფხულის ეს აქტიურობა შეიძლება წელს ბოლო მნიშვნელოვანი აქტიურობა იყოს. რუსები გაბოროტებულები მაქსიმალურად იყენებენ რესურსებს მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებისთვის ხერსონში, ხარკოვსა და ოდესაში, უკრაინელები კი გეგმურ დარტყმებს აყენებენ. ოპერაცია “აბლაბუდას” შემდეგ, მთელი სტრატეგიული ავიაცია, ძირითადად, ჩუკოტკაზე და შორეულ აღმოსავლეთში გადაისროლეს, რამდენიმე ერთეული თათრეთში განათავსეს და ა.შ. მეტი რა უნდა გაეკეთებინა უკრაინას, რომ კიდევ ერთხელ დაამცირონ და გააქარწყლონ ლეგენდა რუსეთის უძლეველობაზე? ბოლოს და ბოლოს, რუსეთის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გაპიარებული გამანადგურებელი Су-35 ჩამოაგდო F-16-მა, რაც პირველად მოხდა... თან F-16 შედარებით ძველი თვითმფრინავია. F-16-მა 70-80 კმ-ზე დააფიქსირა Су-35 და მას ისე მოხვდა რაკეტა, რუს პილოტს არც გაუგია, მიზანში რომ იყო ამოღებული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“ეს არის ქსელურ-ცენტრული ომის ერთი მშვენიერი მაგალითი. დასავლეთში ამას დიდი ხანია იყენებენ და აღმოჩნდა, რომ ასეთი მეთოდებით თუნდაც უძლეველ Су-35-საც არ უწერია დიდი დღე. ნუ დაგვავიწყდება, რომ “ავაქსის” ტიპის თვითმფრინავი AR-50 რუსეთს სულ 6 ჰყავდა და აქედან უკრაინელებმა 2 გაუნადგურეს. ასე რომ, რუსეთს ნამდვილად არ ულხინს, ამას რუსებიც აღიარებენ და ეჭვი მეპარება, რომ წლის ბოლომდე შეძლებენ დონბასზე გასვლას და მთელი დონბასის ადმინისტრაციულ საზღვარში კონტროლის დამყარებას. რუსეთი აიღებს რამდენიმე პატარა ქალაქს, დასახლებულ პუნქტს, ეს იქნება და ეს. რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, ფაქტობრივად უმოქმედოდაა, ნოვოროსიისკშია გადამალული, დღეს თითქმის განადგურებულია. ამავე დროს, დრონებით დაარტყეს მურმანსკში წყალქვეშა ნავების სადგომს. წარმოიდგინეთ, ცნობილი ბირთვული ტრიადის საჰაერო კომპონენტი რუსებმა ჩუკოტკაზე გადამალეს. ამ ტრიადის საზღვაო კომპონენტს სად დამალავენ და კიდევ რა მოხდება, ღმერთმა უწყის”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“საინტერესო იყო და რატომღაც ყურადღება არავინ მიაქცია, როგორ განადგურდა ყირიმში 100 ერთეული ჯავშანტექნიკა თავისი ეშელონიანად - ეშელონს ჩაუარა სატვირთო მატარებელმა, რომლის ჭერი გადაიხსნა და ამოფრინდნენ დრონები, რომლებმაც ის გაანადგურეს. დიდი ეჭვი მაქვს და იმედია, არ ვცდები, “აბლაბუდა” შეიძლება ყურადღების გადამტანი ოპერაცია იყო და უფრო მნიშვნელოვანი ოპერაცია წინ არის. არ ვამბობ, რომ ამ ეტაპზე უკრაინას შესწევს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ძალა, მაგრამ რუსეთს რომ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენოს, ეს შეუძლია. ასევე რუსეთმა უპირატესობა მოიპოვა დრონების სახეობების გამოყენებაში (ბოჭკოვანი, დარტყმითი დრონების და ა.შ.), მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ დასავლეთს აქვს აღებული პასუხისმგებლობა, დარწმუნებული ვარ, ის სიტყვას შეასრულებს. უკრაინას შეუძლია რუსეთს უკეთესი ტექნოლოგიური შესაძლებლობები დაუპირისპიროს, რაც მისცემს საშუალებას, ადამიანურ და ტექნოლოგიურ რესურსში რუსეთის უპირატესობა გაანეიტრალოს. დასავლური წინა თაობების ტექნიკა, რომელიც უკრაინამ მიიღო, ათი თავით სჯობს საბჭოთა ტექნიკას და რუსული წარმოებისას... ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა “ლეოპარდს” მთელი კოლონა გაუჩერებია და რუსების მთელი ჯავშანტექნიკა გაუნადგურებია”, - ამბობს სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.
“ეჭვი მეპარება, რომ რუსეთი ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებზე დასარტყმელად ემზადებოდეს. როგორ უნდა შეძლოს ნატოზე გალაშქრება? ეს მაინც დასავლეთის პოლიტიკური განცხადებები მგონია, რათა გადასახადების გადამხდელი მოსახლეობა მზად იყოს, რომ გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი. ანუ რუსეთმა ჯერ უკრაინა უნდა დაიკავოს და მერე დანარჩენ მსოფლიოს შეუტიოს? რუსეთმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რომც დაიწყოს ნატოსთან დაპირისპირება, ფლანგზე იტოვებს ამხელა მოწინააღმდეგეს (უკრაინას), რომელიც არ შეურიგდება ასეთ ვითარებას და თავის მომენტს დაელოდება. როგორ შეძლებს რუსეთი ორივე ფრონტზე ბრძოლას? თუმცა არ გამოვრიცხავ ჰიბრიდულ პროვოკაციებს ესტონეთისა და ლატვიის მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს: რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით ქვეყანაში ძალების შეშვება, სპეცსამსახურების ამოქმედება, შიდაარეულობის მოწყობის მცდელობა და სხვა, ისევე, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში დივერსია, ტერაქტები, მაგრამ ის, რომ რუსეთმა ნატოს ომი გამოუცხადოს, ნატოს რომელიმე ქვეყანაში შეიჭრას თუნდაც იმის დასატესტად, გამოიყენებს თუ არა ნატო მე-5 მუხლს, ძალიან საეჭვოა”, - დასძენს ვახტანგ კაპანაძე და შეკითხვაზე - “ანუ მარკ რუიტეს განცხადება, “საფრთხე არ გაქრება მაშინაც კი, როცა ომი დასრულდება”, უფრო პოლიტიკური განცხადებაა?” - პასუხობს:
“დიახ, თავის დაზღვევა უფრო მგონია, ვიდრე რეალობასთან მიახლოებული, რათა გამართლებული იქნეს ის ხარჯები, რომელსაც ალიანსის ქვეყნები გეგმავენ - მაგალითად, გერმანია მშპ-ს 5%-მდე გაზრდას გეგმავს, ასევე საფრანგეთიც და ბრიტანეთიც, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ხარჯები ექნება და სხვა. ან 5 წელი ვინ დაითვალა, ან ის, როდის და რით დამთავრდება ომი? რუსეთზე არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ მეორე ფრონტის გახსნა და რომელიმე ქვეყანაზე შეტევა რუსეთის აბსოლუტური განადგურება იქნება. დღესდღეობით უკრაინაა რუსეთის მთავარი შემაკავებელი ფაქტორი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პირველად გერმანული ჯავშანსატანკო ბატალიონის გადასროლა ბალტიისპირეთშიც შემაკავებელი ფაქტორია, ჰაერში ნატოს ავიაციის მორიგეობაც ბალტიის თავზე და ა.შ. ასეთ პირობებში რუსეთს რა ძალა უნდა ეყოს, რომ ამ ორ მიმართულებაზე ერთდროულად იომოს...”
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"