კაია კალასი - უკრაინისთვის უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ - მარკ რუტეს სიტყვები რომ გავიმეორო: „თუ უკრაინას კიდევ უფრო მეტად არ დავეხმარებით, მაშინ რუსული ენის სწავლის დაწყება მოგვიწევს“

რუსეთი ევროკავშირისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი ჩვენს საჰაერო სივრცეს არღვევს, ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს პროვოკაციულ სამხედრო მანევრებს ახორციელებს, ჩვენს მატარებლებს, თვითმფრინავებს, მილსადენებს, წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებსა და ელექტრო სადენებს თავს ესხმის. ასევე, თავს ესხმის ჩვენს ინდუსტრიას, მათ შორის უკრაინის მხარდამჭერ კომპანიებს. ისინი დივერსიულ თავდასხმებს ახორციელებენ და თავიანთ სამხედრო ძალებს აძლიერებენ და ბირთვულ არსენალს აფართოებენ“, - განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, რუსეთმა გასულ წელს თავდაცვაზე იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე მთლიანად ევროკავშირმა და ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ის დახარჯვისკენ მოუწოდა.

„წელს რუსეთი თავდაცვაზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე საკუთარ ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ პოლიტიკაზე. ეს გრძელვადიანი აგრესიისთვის მათი გრძელვადიანი გეგმაა. თუ ამის გამოყენებას არ აპირებ, მაშინ სამხედრო სფეროში ამდენს არ დახარჯავ. მჯერა, რომ არ არსებობს ისეთი საფრთხე, რომელსაც ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად ვერ დავამარცხებთ“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამასთან, კაია კალასმა აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირის თავდაცვის პირველ ხაზს წარმოადგენს.

„უკრაინისთვის უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს სიტყვები რომ გავიმეორო: „თუ უკრაინას კიდევ უფრო მეტად არ დავეხმარებით, მაშინ რუსული ენის სწავლის დაწყება მოგვიწევს“. რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც საბოლოოდ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად იქნება“, - განაცხადა კაია კალასმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა