სალომე ზურაბიშვილი - უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური კრიზისია, ეს არის ომი რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგიის წინააღმდეგ

უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური კრიზისია. ეს არის ომი, ომი რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბუქარესტში „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგია შეცვალა და ახლა ცდილობს ქვეყანა უსისხლოდ დაიპყროს.

„ქვეყანაში რეპრესიები, დაშინებები და კონტროლია, თუმცა ხალხი არ ნებდება. ისინი არ ნებდებიან, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, როგორც ზოგიერთი ევროპაში ფიქრობს, ეს არ არის მხოლოდ სადავო არჩევნები, რომელთა შედეგსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს. ეს არის რუსეთის მცდელობა, მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ის ცდილობს, დაიპყროს სახელმწიფო ისე, როგორც სცადა უკრაინაში. ვერ შეძლო, ვეღარც შეძლებს, მაგრამ ახლა ცდილობს ეს უსისხლოდ გააკეთოს, ყველა იმ იარაღით, რაც უკვე აითვისა: პროპაგანდით, არჩევნების მანიპულაციით, კიბერთავდასხმებით, კულტურული მანიპულაციებით — ცდილობს იმ ფასეულობების დამკვიდრებას, რომლებიც ჩვენთვის უცხოა. საქართველოდან მოლდოვამდე, რუმინეთიდან ბრიუსელამდე რუსეთის მიზანი დაყოფა, დესტაბილიზაცია და დისკრედიტაციაა. ეს არ არის თეორია - ეს ფაქტია! დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ტანკებით და სამხედროების მიერ. იქ მცხოვრები ადამიანები ვერ საუბრობენ საკუთარ ენაზე და ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს, და ვთქვათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ, მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არის მშვიდობა, ეს არის მხოლოდ სიჩუმე, ეს არის ჩახშობა, და ეს ყოველთვის დროებითია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის შეფასებით, არამხოლოდ საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არამედ, ევროპასაც სჭირდება საქართველო, რადგან „ძლიერი და დემოკრატიული საქართველო არის გონივრული ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, კეთილდღეობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებაში“.

„საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ ღირებულებებზე საუბარი, ეს ნიშნავს რეგიონულ გამძლეობას, ეკონომიკურ სტაბილურობას და ევროპის აღმოსავლეთი საზღვრის დაცვას ავტორიტარული გავლენებისგან, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთი შავ ზღვაში აქტიურობს და უკვე აშენებს ახალ სამხედრო-საზღვაო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში.

ამიტომ, ძლიერი და დემოკრატიული საქართველო არის გონივრული ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, კეთილდღეობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებაში. ეს ხანდახან არ ესმის ევროპას მთლიანობაში, მაგრამ ეს ესმით იმ წევრ სახელმწიფოებს, ვისაც წარსული გამოცდილება აერთიანებთ და იციან დღევანდელი საფრთხეები. ამიტომ გთხოვთ, იყოთ საქართველოს ხმა ევროკავშირში, გახდეთ საქართველოს ხმა, რათა ეს საფრთხეები სათანადოდ იქნას აღქმული. რადგან ის, რაც ჩვენ განვიცადეთ, რაც დღეს ხდება, არჩევნების მანიპულაცია, მარიონეტული მთავრობები და რუსეთისგან ინსპირირებული ზომები, ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფოს საფრთხე გახდეს“,- განაცხადა მან.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო