ირაკლი კობახიძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება

ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით - ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არასამედიცინო, ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების აღსაკვეთად, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება.

„დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში, ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, რეცეპტის გამოწერა, როგორც აქამდე ხდებოდა, ისე მოხდება, "ექიმები და მათ შორის კერძო კლინიკებიც იქნებიან ამაზე პასუხისმგებელი".

"რაც შეეხება სააფთიაქო ქსელს, არსებითად ეს ქსელი არის კერძო და კერძო ქსელის მიერ მოხდება რეალიზაცია. აქ მთავარია, იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება. როდესაც იმპორტიორი არის ერთი კონკრეტულ კერძო სუბიექტი, მას აქვს პირდაპირი ინტერესი, მაქსიმალურად გაზარდოს რეალიზაცია. ეს თუ ჩაიკეტება, ამ შემთხვევაში უფრო იოლი გახდება მათ შორის ფსიქოტროპული აფთიაქების კონტროლი, რეცეპტის გამოწერის კონტროლი. კონტროლის აუცილებლობა დარჩება, კვლავაც აქტუალური იქნება, მაგრამ არსებითად გამარტივდება ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა. იმპორტიორს აღარ ექნება იმის ინტერესი, გაზარდოს საკუთარი კომერციული მოგება ადამიანების მიერ ამ მედიკამენტების ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების ხარჯზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს