„ადვოკატთა ასოციაცია“ მოუწოდებს სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებს, არ დანერგონ „არასწორი სასამართლო პრაქტიკა“ ადვოკატის სავალდებულო დანიშვნისას

ადვოკატთა ასოციაცია სასამართლოს მიერ სავალდებულო დაცვის დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მსგავსი სასამართლო გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ზღუდავს ბრალდებულების მიერ არჩეული ადვოკატით დაცვის უფლების განხორციელებას, არამედ დისკრედიტაციას უწევს ადვოკატის პროფესიულ როლს და აზიანებს სამართლიანი მართლმსაჯულების საფუძვლებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ კონსტიტუციით და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დაცვა, არ დანერგონ არასწორი სასამართლო პრაქტიკა ადვოკატის სავალდებულო დანიშვნისას, რათა სრულად იქნას გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები და პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვის უმაღლესი სტანდარტი.

„ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის თავისუფლებასა და დაცვის უფლების ეფექტიან რეალიზებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულებისა და სამართლიანი პროცესის განხორციელებისას დემოკრატიულ საზოგადოებაში. აღნიშნული პრინციპები საქართველოს უზენაესი კანონითაა გარანტირებული, ასევე წარმოადგენს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ერთ-ერთ ქვაკუთხედს.

2025 წლის 24 ივნისს, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დროს, სასამართლომ დაუშვა შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს სავალდებულო წესით დაენიშნათ საზოგადოებრივი ადვოკატი, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე ჰყავდათ წინასწარ შერჩეული და ნდობით აღჭურვილი კერძო ადვოკატები, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ და მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. მოსამართლის გადაწყვეტილება ქმნის სახიფათო პრეცედენტს, რომელიც უხეშად ერევა მხარეთა ავტონომიაში, ამცირებს ადვოკატთა დამოუკიდებლობას, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის სანდოობას და საფრთხეს უქმნის სამართლიანი პროცესის განხორციელებას.

ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ მსგავსი სასამართლო გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ზღუდავს ბრალდებულების მიერ არჩეული ადვოკატით დაცვის უფლების განხორციელებას, არამედ დისკრედიტაციას უწევს ადვოკატის პროფესიულ როლს და აზიანებს სამართლიანი მართლმსაჯულების საფუძვლებს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ასეთი პრაქტიკა არღვევს არა მხოლოდ საქართველოს მოქმედ სამართლებრივ ნორმებს, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოში, მათ შორის — მის მიერ შერჩეული ადვოკატის მეშვეობით; სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლი ბრალდებულს ანიჭებს უფლებას, აირჩიოს და ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს ადვოკატი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლი აწესებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე და ეს აფერხებს საქმის განხილვას, შესაძლებელია სასამართლოს მიერ საზოგადოებრივი ადვოკატის დანიშვნა, სავალდებულო წესით. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ბრალდებულის უფლება, თავად აირჩიოს ადვოკატი, არ იზღუდება და არჩეული ადვოკატის გამოცხადებისთანავე სავალდებულოდ დანიშნული ადვოკატი საქმეს უნდა ჩამოშორდეს.

ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება მკაცრად არის დაცული საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითაც: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ითვალისწინებს ბრალდებულის უფლებას, „დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით“; გაეროს ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ ადგენს, რომ ყველა ბრალდებულს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს ადვოკატი და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ უფლების რეალიზება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. Salduz vs. Turkey, Artico vs. Italy, Croissant vs. Germany) ხაზს უსვამს, რომ დაცვის უფლება მოიცავს ბრალდებულისა და ადვოკატს შორის ურთიერთობის ნდობასა და კონფიდენციალურობაზე დაფუძნებულ გარემოს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია არ ჩაერიოს ამ ურთიერთობაში, გარდა მკაცრად განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ბრალდებულსა და ადვოკატს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა და მათი კომუნიკაციის კონფიდენციალურობა წარმოადგენს ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ წინაპირობას. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება ადვოკატის სავალდებულო წესით დანიშვნას, უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ დადგენილ სამართლებრივ ნორმებს და არ უნდა ზღუდავდეს მხარის არჩევანს, რაც დაცვის ეფექტიანობის პირდაპირი გარანტიაა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მოუწოდებს სასამართლოს სისტემის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ კონსტიტუციით და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების დაცვა, არ დანერგონ არასწორი სასამართლო პრაქტიკა ადვოკატის სავალდებულო დანიშვნისას, რათა სრულად იქნას გარანტირებული კონსტიტუციური უფლებები და პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვის უმაღლესი სტანდარტი“,- ნათქვამია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს