სანდრო თვალჭრელიძე - “გახარიას და “ლელოს” გადაწყვეტილება სწორია. კარგი იქნება, თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც გადახედავენ საკუთარ პოზიციას”
ბულინგი, განხეთქილება და შესაძლო ალიანსები - “ლელოს” გადაწყვეტილების ანატომია და მოსალოდნელი შედეგები
მირიან მირიანაშვილი - “სულელური ილუზიაა, თითქოს ჩამოყალიბდა მრავალპოლარული ეპოქა, სადაც რუსეთი ამერიკის საპირწონე მოთამაშედ გვესახება”
“ოცნება” პარტიების აკრძალვაზე სარჩელს ამზადებს - როგორ წავა პროცესი
ზურაბ ბატიაშვილი - “აშკარაა, თურქეთის თანადგომა მოძმე აზერბაიჯანისადმი უფრო გაძლიერდება”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “გახარიას და “ლელოს” გადაწყვეტილება სწორია. კარგი იქნება, თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც გადახედავენ საკუთარ პოზიციას”
“ეს არის ერთგვარი ცდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავისი ქმედებები “გაათეთროს”. მიხვდნენ, რომ ძალიან მიქარეს პოლიტიკოსების ციხეში ჩასმით. შეეძლოთ მათთვის ამ ბლეფად ქცეული კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის ჯარიმა დაეკისრებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ახლა ცდილობენ ეს როგორმე გამოასწორონ. მაგრამ ისე ცდილობენ, რომ კიდევ უფრო დიდი სისულელეს სჩადიან - ამ ვითომ პრეზიდენტის შეთავაზება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. შეწყალება, როგორც წესი, უპირობოდ ხდება. განცხადებას, მე როგორც მინდა ისე თუ მოიქცევით, შეგიწყალებთო, გარიგებისა და შანტაჟის ნიშნებიც კი აქვს. უკვე არაერთი პრეზიდენტი გვყავდა: შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, ყველა მათგანი გამოსცემდა შეწყალების აქტებს, სადმე გინახავთ, რომ პატიმრებს უყენებდა რომელიმე პირობას? ყაველაშვილმა კი, რა პრეზიდენტიც არის, იმგვარი შეწყალება შესთავაზა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პლიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოში საყოველთაო დაუმორჩილებლობის გამოცხადება არარეალურია...”
“თურმე უნდა სთხოვონ და თან პირობა დადონ, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, არ ვიცი, რა ჰქვია ამას, სატირალი რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა. ამით სცადეს დასავლელი პარტნიორებისთვის თვალის ახვევა... ვითარების ისე წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს პოლიტიკოსების ციხეში გაშვება კი არ სურდათ, არამედ იძულებულები შეიქნენ, რადგან კანონი ავალდებულებდათ, და ახლა იჩენენ ამ კეთილ ნებას, რომელზეც ოპოზიცია უარს ამბობს. თუ ჰგონიათ, ამას ვინმე დაუჯერებთ, ძალიან ცდებიან. არავითარი რეალური სურვილი იმისა, რომ ოპოზიციამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არა აქვთ. იმავდროულად, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციაში ჩააგდონ შუღლის მარცვალი. იქნება ვიღაც წამოეგოს ამათ შეთავაზებას და დათანხმდეს, რაც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში კიდევ ერთ დაპირისპირებას გამოიწვევს. კარგია, რომ ჯერჯერობით ასეთი რამ არ მომხდარა. ჩემი აზრით, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადება საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გარეშე სრულიად უშედეგო მგონია. დაუმორჩილებლობის გამოცხადება კი საქართველოს პირობებში განუხორციელებელია. ამგვარი პროცესი მინახავს საფრანგეთში და ამისთვის საჭიროა ძლიერი პროფკავშირების არსებობა ქვეყანაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ხომ გამოცხადდა საქართველოში გაფიცვა, მაგრამ რა გამოვიდა ამისგან? თითქმის არაფერი. არც ერთი საჯარო სტრუქტურა არ გაჩერებულა, არც ტრანსპორტი, არც საკვანძოდ მნიშვნელოვანი წარმოება... მით უფრო ბოიკოტს აზრი ეკარგება, თუ ოპოზიციის ნაწილი წავა არჩევნებზე, ნაწილი კი - არა. გია ხუხაშვილმა თქვა, არჩევნებში მონაწილეობა არაგველების გმირობის ტოლფასი შეიძლება იყოსო, ისინი ხომ მარცხისთვის განწირულ ომს შეეწირნენ, თუმცა პირადად მე სულაც არა მგონია, რომ ბრძოლა ყველგან შეიძლება წინასწარ იყოს წაგებული. მაგალითად, თბილისში. თუ “ლელო” და გახარია მოახერხებენ და შეთანხმდებიან ერთიან და სწორად შერჩეულ კანდიდატზე, თითქმის დარწმუნებული ვარ, კალაძე იქნება თუ ვინმე სხვა ხელისუფლებიდან, დამარცხდება. ვფიქრობ, კანდიდატი უნდა იყოს თბილისში დაბადებული და გაზრდილი; არ უნდა იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული; უნდა იყოს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი, მათ შორის პატიოსნებითაც...” - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩემი აზრით, ამგვარი კანდიდატის პოვნა რთული სულაც არ იქნება. ასეთი ერთიანი კანდიდატებით ბრძოლა შეიძლება სხვა დიდ ქალაქებშიც, სადაც ხელისუფლებას ძალიან უჭირს რეიტინგიც და არჩევნების გაყალბებაც. რომ ამბობენ, არჩევნებში მონაწილეობა “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციას ნიშნავსო, ჩემი აზრით, ასე სულაც არ არის. პირიქით, თუ მონაწილეობას მიიღებენ, ცხადია, ხელისუფლებას გამარჯვებისთვის დიდი გაყალბება დასჭირდება, რაც უკვე ადგილებზეც მის სრულ არალეგიტიმურობას წარმოაჩენს. სალაპარაკოც გაცილებით მეტი ექნება ოპოზიციას. სხვა შემთხვევაში, “ქართული ოცნება” მაინც მოახერხებს, რომ საკუთარ სატელიტებს, ვითომ ოპოზიციას მიაღებინოს მონაწილეობა და თავისი გამარჯვება ლეგიტიმურად წარმოადგინოს. მოკლედ, ჩემი აზრით, გახარიას პარტიისა და “ლელოს” გადაწყვეტილება სწორია. კარგი იქნება, თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც გადახედავენ საკუთარ პოზიციას”, - დაასკვნის ექსპერტი.
“ამ სხდომის შემდეგ უფრო ცხადად გამოჩნდა, რამდენად აბსურდულია ის ბრალდება, რასაც გახარიას უყენებენ. ეს არის თითიდან გამოწოვილი, ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება. რას გვიმტკიცებენ? ადამიანი შს მინისტრი იყო, რა დროსაც თურმე ჩაიდინა დანაშაული, რის მერეც ადგნენ და ეს “დამნაშავე” პრემიერ-მინისტრად დააწინაურეს. ასეთი აბსურდი გსმენიათ სადმე? ვერავინ დამაჯერებს, რომ გახარიამ ამ საგუშაგოს ჩადგმა ერთპიროვნულად, ბიძინა ივანიშვილისგან ხელდასხმის გარეშე, სუს-ის უფროსის, თავდაცვის მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრებისგან მალულად გადაწყვიტა. სხვათა შორის მახსოვს, ამ გადაწყვეტილებისთვის თავის დროზე როგორ აქებდა გახარიას გომელაური, ახლა რომ აცხადებს, რომ თურმე არაფერი იცოდა. რაებს ბოდავენ! მთელი მოსახლეობა, იდიოტები ვგონივართ. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ახლა მაია ცქიტიშვილის გარდა ვერავინ ბედავს ამის თქმას, რადგან ეშინიათ... არ გამოვრიცხავ, რომ გახარია ამ სასაცილო ბრალდებით ციხეშიც ჩასვან. ამიტომ მეც მიმაჩნია, რომ ჯობს ჯერჯერობით საქართველოში არ დაბრუნდეს”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.
“ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, მარტო მან იცის, როგორი უნდა იყოს საქართველო. ამიტომ განსხვავებულ აზრს, პლურალიზმს, განიხილავს როგორც მასზე შეტევას. ეს არის ნეობოლშევიკური მიდგომა, როდესაც ყველა განსხვავებულად მოაზროვნე მტრად მიგაჩნია. დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა ეცადონ, საქართველოში ავტორიტარიზმის დამკვიდრების მცდელობა არ გაუვათ! საქართველოში არსებობს როგორც საკანონმდებლო კოდექსები, ასევე მორალური, ჩვენი რწმენიდან, ისტორიიდან, წინაპრებიდან გამომდინარე დამკვიდრებული, რომლებიც გვავალდებულებს მოყვასის სიყვარულს, ადამიანების დახმარებას - ამას ვერ გააუქმებენ. ამასთანავე, ვერაფერს მოუხერხებენ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დამკვიდრებულ “სახალხო ტელეგრაფს”, რომლის წყალობითაც ამ ქვეყანაში ყველამ ყველაფერი იცის ან ოფიციალური, ან არაოფიციალური წყაროების მეშვეობით. ეს არის ეროვნული მეხსიერების შედეგი, რასაც წინ ვერაფერი აღუდგება. ძალიან მარტივად, დაწყებითი სკოლის მოწაფეებივით აზროვნებენ, ფიქრობენ, რომ მიიღებენ ამ უკანონო კანონებს და ამას ყველა დაემორჩილება. ჯერ კიდევ რომაული სამართლიდან მოყოლებული ნებისმიერი კანონის წინა პირობაა, რომ ის საზოგადოების მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს”, - განმარტავს რესპონდენტი.
“პორტოს დეკლარაციას” საქართველოს დელეგაციამ ხმა რომ არ მისცა, იმით აიხსნება, რომ “ქართულო ოცნებისთვის” ქვეყნის ინტერესები მეათეხარისხოვანია, მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე აქვთ საზრუნავი. როგორც მახსოვს, ჯერ კიდევ თებერვალში მიმართა ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სირიას წაეღო უკან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება, თუმცა მსგავსი რამ არ გვსმენია ჩვენი ხელისუფლებისგან. ისმის კითხვა: რატომ? ამას აქვს მხოლოდ ერთადერთი ახსნა - ეშინიათ რუსეთის. ჩვენ კი ვამბობთ, რომ პრორუსული ხელისუფლება გვყავს, მაგრამ მთლად ასეც არ არის. ჩვენ გვყავს მშიშარა ხელისუფლება. ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ როგორმე რუსეთს არაფერი აწყენინონ. ვერ ხვდებიან, რომ დღეს ძალიან მწვავედ დგას საკითხი და მთელი ცივილიზებული მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ არის. აგერ სომხეთი და აზერბაიჯანიც კი ლამის განუდგნენ მოსკოვს, მაგრამ `ქართული ოცნება~ სად მიჰყვება, არ ვიცი”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “მნიშვნელოვნად იცვლება ჩვენს რეგიონშიც ვითარება. ვხედავთ, სომხეთი როგორ ცდილობს გაზარდოს კავშირები ევროპასთან, აქეთ აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური ინტერესები იზრდება მნიშვნელოვნად. ეს ქვეყანა თურქეთთან ტანდემში სულ უფრო ანგარიშგასაწევი ხდება...” პასუხობს:
“თვალს ვადევნებთ აზერბაიჯანის ბოლოდროინდელ დაპირისპირებას რუსეთთან, რაც ეკატერინბურგში აზერბაიჯანელების დაკავებით დაიწყო, რა დროსაც ორი კაცი დაიღუპა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების შეცდომა, რასაც უკვე მიხვდნენ. შესაბამისად, ამ ვითარებაში აშკარად ცდილობს რუსეთი მეტ გამწვავებაზე არ წავიდეს, თუმცა ვიხილეთ, როგორ დააკავეს კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა “სპუტნიკის” წარმომადგენლები ბაქოში, რომლებიც ეფ-ეს-ბეს აგენტებად გამოაცხადეს. მიუხედავად ამისა, კრემლი მაინც ძალიან ფრთხილობს და ცდილობს მოაგვაროს ვითარება ბაქოსთან. მოკლედ, რეგიონშიც საკმაოდ არეული ვითარებაა, რომლის დალაგება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და საქართველოს შეეძლო ამ ყველაფერში უნიკალური როლი შეესრულებინა, თუმცა დღეს ჩვენ ყველაზე რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ _ სამწუხაროდ, საქართველო გამოუყენებელ შესაძლებლობათა ქვეყნად გადაიქცა”.
ბულინგი, განხეთქილება და შესაძლო ალიანსები - “ლელოს” გადაწყვეტილების ანატომია და მოსალოდნელი შედეგები
“ლელო - ძლიერი საქართველო” 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ეს გადაწყვეტილება წყალგამყოფად იქცა ბოიკოტის მომხრე ოპოზიციასთან, ისინი “ლელოს” ღალატსა და რეჟიმთან გარიგებაში ადანაშაულებენ. დაპირისპირებაა პარტიის შიგნითაც. მეორეს მხრივ კი, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ “ლელოს” გადაწყვეტილებამ ბოიკოტის მომხრე სხვადასხვა ოპოზიციური ძალების პოზიციაზეც იმოქმედოს. ამასთან, უკვე დაიწყო საუბარი “ლელოსა” და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის შესაძლო ალიანსზე. პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ 5 ივლისის ბრიფინგზე განაცხადა, რომ “შედიან ბრძოლაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ, მთავარ ველზე... აქვე მინდა მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას, ჩვენ ერთიანი მიზანი გვაქვს. მზად ვართ და ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას, გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლებში. მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის”, - განაცხადა კუპრაძემ, რომლისა თქმით, “დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბულინგი, განხეთქილება და შესაძლო ალიანსები - “ლელოს” გადაწყვეტილების ანატომია და მოსალოდნელი შედეგები.
“4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა. ჩვენ ამ ბრძოლაში არ ვაპირებთ არც ერთი გოჯი თავისუფლების დათმობას არც თბილისში და არც რეგიონებში, მზად ვართ ტოტალური წინააღმდეგობისთვის”, - განაცხადა კუპრაძემ შაბათს გამართულ ბრიფინგზე. საინტერესოა, რომ “ლელომ” გადაწყვეტილება პრეზიდენტ მიხელ ყაველაშვილის განცხადების შემდეგ მალევე მიიღო. “ლელოს” მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოცხადებას ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური ძალების მწვავე კრიტიკა მოყვა. მეტიც, თავად “ლელოს” წევრმა ცალკეულმა პოლიტიკოსებმაც გააკეთეს პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება. გარდა ამისა, “ლელოს” გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა გასულ არჩევნებზე მასთან ერთად კოალიციაში მყოფი “თავისუფლების მოედანი”. განსხვავებული პოზიცია აქვს კოალიციის კიდევ ერთი სუბიექტის, “მოქალაქეების” ლიდერ ალეკო ელისაშვილს, რომელიც 5 ივლისის ბრიფინგზეც იმყოფებოდა და არჩევნებში მონაწილეობაც საჯაროდ დაადასტურა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება მმართველი პარტიის შეფასებებს, “ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ “ლელო”, ისევე როგორც არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტია “გახარია საქართველოსთვის”, დასავლეთიდან მიღებული მითითებების მიხედვით მოქმედებენ, რადგან “გარე უფროსები ფსონს “ნაციონალურ მოძრაობაზე” ვეღარ დებენ”, - ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. ყველაფერთან ერთად, “ლელოს” გადაწყვეტილებამ გააჩინა ინტრიგა, შედგება თუ არა მათი ალიანსი გახარიას პარტიასთან და შეძლებს თუ არა ორი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია ერთიანი საარჩევნო სიებითა და კანდიდატებით წარსდგეს არჩევნებზე. აღსანიშნავია, რომ ამ ორი პოლიტიკური ძალის დაახლოვების მცდელობები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინაც იყო, რასაც მაშინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლობირებდა. თუმცა მისი მცდელობა და ამ მიმართულებით გამართული კონსულტაციები უშედეგო გამოდგა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ანალიტიკოსი გია ბაშიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების შეწყალებასთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებამ “ლელოს” განცხადების გაკეთება დააჩქარებინა. “რამდენიმე თვით ადრე იყო ცნობილი, რომ “ლელო” აპირებდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას... ძალიან ცუდი ის არის, რომ ქართული ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ეწევა თვალშისაცემ აქტივობას რეგიონებში. ასეთები არიან “ლელო” და გახარია. შესაბამისად, ყაველაშვილის განცხადებამ მათ უბრალოდ დააჩქარებინა საკუთარი პირდაპირი განაცხადის გაკეთება, მაგრამ აქ თვითონ გაიჭედნენ საკუთარ მესიჯბოქსში, როცა არ აღიარებენ ე.წ. არალეგიტიმურ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს”, - მიიჩნევს აბაშიძე. ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ყაველაშვილის განცხადებასა და “ლელოს” გადაწყვეტილებას საერთო ერთმანეთთან არაფერი აქვთ.”, - დასძენს გამოცემა.
“სამწუხაროა, რომ “ლელომ” ეს განცხადება ძალიან გვიან გააკეთა - ყაველაშვილმა დაასწრო მათ და ბევრისთვის ეს დამთხვევა გამოჩნდა უხერხულად. დარწმუნებული ვარ, რომ ყაველაშვილის განცხადებას „ლელოს" განცხადებასთან საერთო არ აქვს, რადგან “ლელო” დიდი ხანია აპირებდა ამას. ამ შემთხვევაში მიხვდა “ოცნება”, ჭკუაში მოუგეს და დაასწრეს, რაც არ არის კარგი - სჯობს, რასაც აპირებ, გააკეთო დროზე. უკვე დროა პარტიები თანხმდებოდნენ მერობის ერთიან კანდიდატებზე. ადრე კი არა, გვიანაა, თან ძალიან... ბოიკოტის მომხრეთა მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლა ნაკლებად მოსალოდნელია - ისინი უკვე აჭრილები არიან. ყველა ამ 7 პარტიის ლიდერი და წევრების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ პარტიაში იყვნენ, რომელსაც ერქვა “ნაცმოძრაობა”. მიხარია, გახარიას და “ლელოს” რომ ეყოთ ჭკუა, დაენახათ ამ კრებითი “ნაცმოძრაობის” ვერაგობა - რომ მათი მთავარი ამოცანა არა “ოცნების”, არამედ “ლელოსა” და გახარიას დამარცხება იყო და ცდილობდნენ ბოიკოტში მათ ჩათრევას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ლელომ” და გახარიამ ცალ-ცალკე უნდა შექმნან პროპორციული სიები. მათ აქვთ შანსი, რომ შეთანხმდნენ. თუ პროპორციულში 5-6 პროცენტს აიღებენ და შეთანხმდებიან მაჟორიტარებზე, 30-კაციან საკრებულოში 9-10 კაცს გაიყვანენ და იქნება ხმაური საკრებულოში, რაც კარგია. მთავარი მესამეა - აუცილებლად უნდა შეთანხმდნენ მერობის საერთო კანდიდატზე. თუ მაჟორიტარებზე ღირსეულ კანდიდატებზე შეთანხმდებიან, შესაძლებელია კრებითი “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებმაც მისცენ მათ ხმა. ასე რომ, თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა მივმართო კრებითი “ნაცმოძრაობის” ამომრჩევლებს - მიუხედავად ყველაფრის, მაინც მივიდნენ არჩევნებზე”, - დაასკვნის ზაქარეიშვილი.
მირიან მირიანაშვილი - “სულელური ილუზიაა, თითქოს ჩამოყალიბდა მრავალპოლარული ეპოქა, სადაც რუსეთი ამერიკის საპირწონე მოთამაშედ გვესახება”
“ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ იმ სიმპტომების ფორმირება დაჩქარებული ტემპით დაიწყო, რომლებიც მიანიშნებდა, რომ რუსული გავლენა ჯერ წინა აზიაში, შემდეგ კი ამიერკავკასიაშიც თანამიმდევრულად შესუსტდებოდა. ამ პროცესს მრავალი მარკერი ადასტურებს და ისინი მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებით არ შემოიფარგლება. ბიზნესის ინტენსივობის შემცირება, საინვესტიციო ნაკადების მოწყვლადობა, ეკონომიკური ინდექსების ვარდნა მხოლოდ ნაწილია იმ რთული კომპოზიტური სურათისა, რომელიც ცხადად აჩვენებს, რომ რეგიონი ტრანსფორმაციის ეტაპზეა. ასეთი ტრანსფორმაციები სამყაროს გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონებში პერიოდულად ყოველთვის მიმდინარეობდა. უბრალოდ, ჩვენი პოლიტელიტა ამ პროცესების ანალიზსა და აღქმას ვერ ახერხებს - ნაწილობრივ არა აქვს წვდომა ინფორმაციაზე, ნაწილობრივ კი ანალიზის უნარი არ ჰყოფნის”, - აცხადებს ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პლიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო რჩება ჩრდილში მაშინ, როცა რეგიონში რეალურად იშლება რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის ბერკეტები”.
“შედეგად, ჩამოვრჩით იმ ტრენდს, რომელსაც უკვე ფეხი აუწყვეს მეზობელმა სახელმწიფოებმა. როგორ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე მაშინ, როცა ვცხოვრობთ სწრაფად ტრანსფორმირებულ რეგიონში და ჩვენი სტრატეგიული პოზიციონირება ამ რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. უკვე დასრულდა ტრანსფორმაციის პირველი ეტაპი, რომლის დროსაც შეიძლებოდა რეგიონს რქმეოდა “რუსული კავკასია” ან “რუსული წინა აზია”. ახლა ვდგავართ მეორე ეტაპის ზღვარზე - ეს არის ანტირუსული კავკასიის ფორმირების ეტაპი. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ჯერ კიდევ არა აქვს გააზრებული, რომ უახლოეს მომავალში რეგიონში დომინანტურად ანტირუსული განწყობები ჩამოყალიბდება, ამ დროს საქართველო არსებული შიდაპოლიტიკური რეალობითა და საგარეო ორიენტაციით შესაძლოა აღმოჩნდეს არა მშვიდობის ზონაში, არამედ დისბალანსში როგორც შიდა, ისე გარე კონტურებზე. ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული პირები ობიექტურად თუ მიადევნებენ თვალს პროცესებს, მიხვდებიან, რომ საქართველოში რუსული გავლენის დომინანტურ რეჟიმში შენარჩუნება ფიზიკურად შეუძლებელია. რუსეთს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს გავლენის შენარჩუნებაში არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში, საკუთარ ტერიტორიაზეც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“საუბარია მის შიდა პერიფერიაზე - შორეულ აღმოსავლეთზე, ცენტრალური აზიის მოსაზღვრე რეგიონებზე, ციმბირის თურქულ რესპუბლიკებზე, როგორიცაა ტუვა, იაკუტია. აღარაფერს ვამბობ ვოლგისპირეთის თათრულ რესპუბლიკებზე. ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაცია კიდევ უფრო კომპლექსურია: ნახევრად დამოუკიდებელ ფეოდალური ტიპის რეჟიმებში - ჩეჩნეთსა და დაღესტანში ბოლო 5-6 წლის განმავლობაში რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების გავლენა მკვეთრად შესუსტდა. როდესაც ქვეყანა კარგავს გავლენას საკუთარ შიდასტრატეგიულ რეგიონებზე, მას აღარ ძალუძს დომინანტობა გარე ფრონტზე. საქართველოში რუსული გავლენის შენარჩუნება მხოლოდ სურვილზე, განცხადებებსა თუ რბილ ფორმულირებებზე ვეღარ დაფუძნდება, ამას სჭირდება რეალური ძალა, რაც რუსეთს აღარ აქვს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩეჩნეთში მკვეთრად გაიზარდა თურქეთისა და საუდის არაბეთის გავლენა. დღეს არარუსულ რესპუბლიკებში რელიგიური პროცესების მართვის ფორმა საგრძნობლად განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, რაც 5-6 წლის წინ იყო. მაშინ მთელ კავკასიაში რელიგიური გავლენის ცენტრს რუსეთი აკონტროლებდა ყაზანის ისლამური ცენტრის საშუალებით. დღეს ეს სისტემა ჩამოშლილია. რელიგიური პროცესები ახლა უკვე მექიდან, მედინიდან, კაიროდან და ანკარიდან იმართება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ აკონტროლებს ქვეყანაში რელიგიურ დინამიკას. რუსული გავლენა ამ რესპუბლიკებში მცირდება არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. მოსკოვს პერიფერიულ რეგიონებზე სამხედრო და პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებისთვის მინიმუმ 350-400-მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტი სჭირდება. დაპყრობილი ტერიტორიების კონტროლი და მათზე დომინირება უზარმაზარ რესურსს მოითხოვს, რუსეთს კი ასეთი რესურსი აღარ აქვს. ამ ვითარებაში თუ საქართველო დროულად არ მოერგება რეგიონში შექმნილ ახალ რეალობას, შესაძლოა მძიმე კონფლიქტში აღმოჩნდეს როგორც გლობალურ და რეგიონულ მოთამაშეებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“პრორუსული ნარატივები ავტომატურად ნიშნავს დაპირისპირებას აზერბაიჯანულ-თურქულ ტანდემთან, რომელიც დღეს რეგიონში ერთ-ერთ წამყვან ცენტრს წარმოადგენს. ამასთან, კონფლიქტი შეიძლება გაღრმავდეს სომხეთთანაც. ჩეჩნეთისა და დაღესტნის ახალ კურატორებად უკვე ჩამოყალიბდნენ საუდის არაბეთი და სხვა მუსლიმანური სახელმწიფოები. თუ ეს ტენდენცია გამყარდა, არ არის გამორიცხული, საქართველოს ამ ახალ მოთამაშეებთანაც გაურთულდეს ურთიერთობა. საფრთხე მხოლოდ გეოპოლიტიკური იზოლაცია არ არის - შეიძლება მივიღოთ ისეთი მასშტაბის ზეწოლა დასავლეთისა და მისი რეგიონული პარტნიორებისგან, როგორსაც ვერც კი წარმოვიდგენდით. ერთ დროს რუსეთი გვსჯიდა დასავლეთთან დაახლოების მცდელობისთვის, ახლა კი არსებობს რისკი, რომ დასავლეთმა იმისთვის დაგვსაჯოს, რომ რუსეთისგან თავის დაღწევა არ მოვინდომეთ. სულელური ილუზიაა, თითქოს ჩამოყალიბდა მრავალპოლარული ეპოქა, სადაც რუსეთი ამერიკის საპირწონე მოთამაშედ გვესახება. აი, ასეთი ხედვა იკიდებს ფეხს საქართველოს ხელისუფლებაში, რომ რუსეთი კიდევ შეძლებს ამიერკავკასიაში პროცესების მართვას. თუმცა ფაქტები სულ სხვა რამეს აჩვენებს”, - დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.
“რუსეთმა წლების წინ, ფაქტობრივად, აიძულა ბაქო, რომ ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე აზერბაიჯანის გავლით გაეტანა. ეს პროცესი 2017-2018 წლიდან დაიწყო - ორ-ნახევარი მილიონი ტონა ნავთობით და 2024-ში პიკს მიაღწია - 5 მილიონი ტონით. ამერიკელებმა ეს პროცესები თავიდან “არ შეამჩნიეს” გარკვეული სტრატეგიული მოსაზრებებით, ვაშინგტონი საჭირო მომენტს ელოდებოდა. აზერბაიჯანმა ჯერ თურქეთთან, შემდეგ კი ამერიკასთან შეათანხმა რუსეთის ამოგდება ამ ენერგეტიკული სქემიდან. მას შემდეგ, რაც რუსეთი იძულებით განიდევნა ირანიდან და შუა აზიიდან ბაქო-ანკარის ტანდემიც მოემზადა იმავე სქემის გასამეორებლად ამიერკავკასიაში. რუსეთის პასუხი სუსტი და არაეფექტური იყო: ეკატერინბურგში დააკავეს აზერბაიჯანელები - თითქოს აზერბაიჯანს მიანიშნეს, რომ დიასპორის ეკონომიკურ ინტერესებზე ზემოქმედების ბერკეტი აქვთ. არადა, დიასპორის ბიზნესების მოცულობა ახლოსაც ვერ მივა რამდენიმე ათეულ მილიონიანთან, რასაც რუსეთი აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით აკეთებდა”, - განმარტავს რესპონდენტი.
“შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანმა რუსეთს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. ამავე ლოგიკით მიმდინარეობს პროცესი სომხეთშიც. სომხეთის სამოციქულო ეკლესია, წელიწადში 450-500 მილიონ დოლარამდე აგროვებს მსოფლიოში გაფანტული მრევლისგან. ირანის კანონმდებლობით, სომხურ ეკლესიას აქვს ბიზნეს-საქმიანობის უფლება, მას სერიოზული აქტივები აქვს რეგიონში, მათ შორის თურქეთში, იორდანიასა და სპარსეთის ყურეში. ამ ფინანსებზე წლების განმავლობაში კურატორობა ჰქონდა რუსეთს. ფაშინიანმა ახლა გადაწყვიტა ეს გავლენა რუსეთს წაართვას, დაიხურა სომხური ეკლესიის ანგარიშები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, ირანში, ბაჰრეინსა და იორდანიაში. რეგიონიდან რუსეთის მხოლოდ სამხედრო ან კულტურული გავლენის განდევნას კი არა, მისი ფინანსური არხების მოშლასაც ვადევნებთ თვალყურს. სამწუხაროდ, ჩვენ ვრჩებით ჩრდილში მაშინ, როცა რეგიონში რეალურად იშლება რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის ბერკეტები”, - ამტკიცებს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ამ მოცემულობაში ვაშინგტონმა, საქართველოს შესახებ როგორი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს?” - პასუხობს:
“ჩემი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ აძლევენ მცირე ვადას რეგიონში არსებული ვითარების გასააზრებლად. როცა ამერიკული პოლიტელიტა “შვებულებიდან” დაბრუნდება, საქართველოს ხელისუფლებაზე მოიმატებს ზეწოლა, საქმეში ჩაერთვებიან სხვა მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშეებიც. საქართველოს საკითხს კონკრეტულად კურირებს რუბიო-გრემის ტანდემი. ტრამპის ადმინისტრაციაშიც დაძაბულობაა იმ ძალებს შორის, რომლებიც დასუსტებული რუსეთის მემკვიდრეობაზე, მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო რესურსებზე აქვთ პრეტენზია. უნდათ თუ არა, პროცესში ყველა ჩართულია, ვისაც ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბებისას “ხვედრითი წილის” გარეშე დარჩენა არ სურს. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური პერიფერიის გადანაწილების პროცესი აუცილებლად შეეხება საქართველოსაც, რადგან კავკასია ამ ყველაფრის ეპიცენტრშია...”
“როცა რუსეთს 300 მილიარდ დოლარს ართმევენ, ეს მხოლოდ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობა აღარ არის, პირდაპირი დარტყმაა მმართველი კლანების კერძო ფინანსურ ინტერესებზე. რუსეთისთვის ამასთან შეგუება ძნელია, მაგრამ რესურსი აღარ აქვს, რომ ასეთ გამოწვევას უპასუხოს. აზერბაიჯანის ტელევიზიით რუსების საჯარო დამცირება იმის მანიშნებელია, რომ ბაქოს დაუსჯელობის განცდა აქვს. რამდენიმე დღის წინ პუტინსა და ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა ამიერკავკასიაში რუსულ-აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების დეესკალაციაც იყო. პუტინი დათანხმდა, რომ სიტუაცია “დაალაგოს”. მთავარია, ახლა პუტინმა შიდა გამოწვევებს გაართვას თავი. საქართველოს ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს გააცნობიეროს, რომ რუსეთი დღეს პოლიტიკური კასტრატია. იმასაც მიხვდებიან, თუ რა სერიოზული რისკების ზონაში შედიან, მათ შორის შიდაპოლიტიკურ რეალობაშიც და მოუწევთ პოლიტიკური რეპრესიების შემცირება გარკვეული მანევრირებებით. ბოლოს და ბოლოს, იმედია გადარჩენის ინსტინქტი მაინც აქვთ”, - დასძენს მირიან მირიანაშვილი.
“ოცნება” პარტიების აკრძალვაზე სარჩელს ამზადებს - როგორ წავა პროცესი
“პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე”, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე “რეზონანსთან” განიხილავს, თუ როგორ ხდება ეს პროცესი და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში გაწერილი პირობები პარტიის აკრძალვის შესახებ არ შეესაბამება დღევანდელობას. “საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობას, აქვს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ს (სულ ცოტა 30 წევრს) და მთავრობას”, - განმარტავს ხმალაძე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნება” პარტიების აკრძალვაზე სარჩელს ამზადებს - როგორ წავა პროცესი.
“როგორც მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში აღნიშნა, წინა ხელისუფლების დანაშაულების გახსენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. “ყველას რაღაც დონეზე გვავიწყდება რაღაცები, მათ შორის წინა ხელისუფლების უმძიმესი დანაშაულები... ამ ყველაფრის გასახსენებლად ეს კომისია იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი. ნახეთ, რა ტიპის დანაშაულებზე იყო საუბარი ამ კომისიის ფორმატში. უმძიმესი დანაშაულები, ეს ეხებოდა, მათ შორის, ბიზნესის რეკეტს, მათ შორის, ადამიანების წამებას, ციხეებში შექმნილ მდგომარეობას, ტელევიზიების მიტაცებას, 2008 წლის ომს და ა.შ. უამრავი დანაშაული, უმძიმესი დანაშაულები იყო და ეს გავიხსენეთ ჩვენ სწორედ ამ კომისიის წყალობით”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ასევე კომისიის წყალობით შესაძლებელი გახდა იმის გახსენება, თუ რას აკეთებდნენ იგივე ძალები გასული წლების განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციის რიგებიდან ვნებდნენ ქვეყანას, ეწეოდნენ საბოტაჟს და საბოლოოდ მნიშვნელოვანია დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეფასდეს ეს რეჟიმი და ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამ დასკვნის საფუძველზე, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მომზადდება სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომლის საფუძველზეც დაიწყება მსჯელობა კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის სამართლებრივი პროცესი, რომელიც უნდა დასრულდეს შესაბამისი შედეგით. ცოტა ხნის წინ გერმანიაში აიკრძალა ერთ-ერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება. რომ ნახოთ ამ გაერთიანების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძვლები გერმანიაში, ზუსტად იმეორებს იმას, რასაც აკეთებენ ეს რადიკალური პარტიები ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ მომზადდეს დახვეწილი სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში”, - განაცხადა კობახიძემ, რომლის აზრით, “ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, რათა საბოლოოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა”. ხოლო ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, პარტიის აკრძალვის საფუძველი არ არსებობს”, - დასძენს გამოცემა.
“ეტყობა იმაზეა საუბარი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის, რომელიც ეხება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციონირობას, შეტანის უფლება აქვთ პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ს (სულ ცოტა 30 წევრს) და მთავრობას. შეიძლება ვიფიქროთ, რომ რომელიმე ამ სამი სუბიექტიდან - რადგან კობახიძე არის ფაქტობრივი პრემიერი, მას, პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს შეუძლიათ შეიტანონ სარჩელი. ალბათ ასეთ სარჩელს მოამზადებენ. კობახიძეს უთქვამს, რომ სარჩელის საფუძვლად გამოყენებული იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაო. ჯერჯერობით ეს დასკვნა არ გვინახავს და არ ვიცი რა ეწერება მასში. ამ საგამოძიებო კომისიის ყველა სხდომისთვის თავიდან ბოლომდე არ მიყურებია, მაგრამ რა ინფორმაციაც მაქვს, მე იქ ვერ ვხედავ კონსტიტუციურ საფუძველს პარტიის საქმიანობის აკრძალვისთვის, რადგან კონსტიტუციაში რა საფუძვლებიც წერია, არ ჩანს. ასე რომ, არ ვიცი რას დაწერენ და რას მოიტანენ საფუძვლად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
ზურაბ ბატიაშვილი - “აშკარაა, თურქეთის თანადგომა მოძმე აზერბაიჯანისადმი უფრო გაძლიერდება”
“რუსეთი ვერაფრით ეგუება დამოუკიდებელი ქვეყნების არსებობას სამეზობლოში. ეს განსაკუთრებით შეეხება ყოფილ საბჭოთა სივრცეს, სადაც რუსეთს, ერთი მხრივ, ომი აქვს უკრაინასთან, თან ცდილობს საკუთარი გავლენის სფეროში დააბრუნოს აზერბაიჯანი. ეს ორი ძლიერი ქვეყანა ჩამოყალიბდა მის სამეზობლოში, პუტინსა და მის გარემოცვას კი ეს ვერ აუტანია. ეს არის იმპერიალისტური აზროვნება, მათი გადმოსახედიდან ყველა მოსკოვს უნდა ემორჩილებოდეს. ეს კონფლიქტიც ამის გამოძახილია... მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ბევრს იმუქრება აზერბაიჯანის წინააღმდეგ ქმედებების შესაძლო დაწყების თაობაზე, აზერბაიჯანს ვერაფერს დააკლებენ, მის უკან დგანან თურქეთი, ისრაელი და პაკისტანი. აზერბაიჯანში თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანიც ჩავიდა და ეს ვიზიტი საინტერესო იქნება ბევრი სხვადასხვა თვალსაზრისით”, - აცხადებს ანალიტიკოსი, რონდელის ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აშკარაა, თურქეთი გვერდით უდგას მოძმე აზერბაიჯანს და თანადგომა უფრო გაძლიერდება”.
“სიმბოლურია, რომ ერდოღანის ვიზიტი გაიმართა ყარაბაღში, ქალაქ ხანკენდიში, ყოფილ სტეპანაკერტში. სწორედ ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ გახდა აზერბაიჯანი უფრო მეტად დამოუკიდებელი და სახელმწიფოებრივად წელში გამართული. სწორედ იქ შედგა აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა. კამერებმა ის მომენტი დააფიქსირეს, როდესაც ალიევი ერდოღანს ეუბნება: “მე მას (ირანის პრეზიდენტ ფეჟეშკიანს) ვუთხარი, მესუთ-ბეი, ნუ მორცხვობთ, თქვენ მშობლიურ მიწაზე ხართ”. საქმე ის არის, ყარაბაღის ომში გამარჯვება საყოველთაო სიამაყის წყაროდ იქცა არა მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის, არამედ ირანში მცხოვრები მილიონობით ეთნიკური აზერბაიჯანელისთვისაც. ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი მასუდ ფეჟეშკიანიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია; ისიც გასათვალისწინებელია, რომ ალიევმა ეს თქვა აზერბაიჯანულად, რომელიც სამივე პრეზიდენტს შესანიშნავად ესმის. ამით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის ლიდერებსაც, საერთო ენა აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ბატიაშვილი.
“ამ ჟესტით ალიევმა არა მხოლოდ ხაზი გაუსვა ყველა აზერბაიჯანელის ერთიანობის საკითხს, არამედ მიანიშნა ირანელებს, რომ მათ ქვეყანაში უამრავი აზერბაიჯანელია, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირი და მათთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკა მშობლიურია. თან ეს ისე გააკეთა, ფეჟეშკიანის ეთნიკურობა არც უხსენებია და ვერც ერთი ირანელი ვერ შეედავება; მან ეს იმ მომენტში თქვა, როდესაც კამერები ჩართული იყო და შესანიშნავად იცოდა ყველა მოისმენდა ამ ფრაზას; აი, ამას ჰქვია დახვეწილი აღმოსავლური დიპლომატია და მე, როგორც აღმოსავლეთმცოდნეს და ყოფილ დიპლომატს, არ შემეძლო ამ დეტალზე არ გამემახვილებინა ყურადღება. აშკარაა, თურქეთი გვერდით უდგას მოძმე აზერბაიჯანს და ვფიქრობ, თანადგომა უფრო გაძლიერდება”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.
“რა თქმა უნდა, რუსეთის ქმედებით კმაყოფილი ყარაბაღის დაკარგვის გამო სომხებიც არ არიან და არა მარტო მაგის, არამედ ბევრი სხვა რაღაცის გამოც. სომხეთშიც ამოქმედდნენ პრორუსული ძალები. ისინი ეყრდნობიან როგორც ოლიგარქებს, ისე სამღვდელოების ნაწილს, მაგრამ პრემიერ ფაშინიანის გონივრული ქმედებებით მათი მცდელობები აღიკვეთა. უკვე ბევრი მათგანი საპატიმროშია იმის გამო, რომ კრემლის შეკვეთით მოქმედებდნენ, ცდილობდნენ სიტუაციის არევას სომხეთში. სხვათა შორის, მანამდე ფაშინიანი იმყოფებოდა თურქეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით და იქიდან დაბრუნებულმა დაიწყო ამ ნაბიჯების გადადგმა. მოსკოვი ამას შეთქმულებად აღიქვამს და ფიქრობს, რომ თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთად გამოდიან მოსკოვის წინააღმდეგ. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, სომხეთში სხვა სიტუაციაა, რაც მთავარია, სამხედრო ბაზა დგას გიუმრიში, რომელიც რუსეთის გარეთ ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა. მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები უწევს სომხეთს და კრემლი შეეცდება პრორუსული ძალების გაყვანას, მანამდეც არ უნდა გამოვრიცხოთ სიტუაციის არევა”, - განმარტავს რონდელის ფონდის მკვლევარი.
“თურქეთი აზერბაიჯანის მოკავშირე ქვეყანაა. ჯერ კიდევ ყარაბაღში მეორე ომის დროს მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აზერბაიჯანის მხარდაჭერაში. აზერბაიჯანის არმია, ფაქტობრივად, თურქულ მოდელზეა მოწყობილი. თურქული დრონები გადამწყვეტი ფაქტორი იყო ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებაში. ამავე დროს თურქეთ-აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილია შუშის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მათგანზე თავდასხმა გულისხმობს მეორეზე თავდასხმას და ერთმანეთის დაცვის ვალდებულებას იღებენ. ფაქტია, აზერბაიჯანმა აღიდგინა ტერიტორიული მთლიანობა და მას აქვს ამბიცია, რომ იყოს რეგიონული ლიდერი. რუსეთი ყველანაირად შეეცდება პრობლემები შეუქმნას აზერბაიჯანს. თუმცა ამისთვის შეზღუდული რესურსები აქვს, რადგან უკრაინასთან ომშია ჩაფლული. მეორე ფრონტის გახსნის საშუალება მას არ გააჩნია. რუსეთის შესაძლებლობებზე ხშირად გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ. რუსეთს რა შეუძლია გააკეთოს თურქეთის წინააღმდეგ, როცა ვერაფერს უხერხებს აზერბაიჯანს, მით უმეტეს, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, მის არმიასთან ახლოსაც ვერ მივა რუსეთის არმია. ერთადერთი უპირატესობა, თუ რამე აქვს რუსეთს, ბირთვული იარაღია, რომელსაც რუსეთი ვერ ესვრის თურქეთს”, - დასძენს ზურაბ ბატიაშვილი და შეკითხვაზე - “აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობა როგორ გაგრძელდება?” - პასუხობს:
“ისინი ახლა მოკავშირეები ხდებიან რუსეთის წინააღმდეგ, რადგან რუსეთია მთავარი საფრთხე. თავის დროზეც, როდესაც ყარაბაღის პრობლემა რუსეთმა სპეციალურად შექმნა, რათა მათ შორის განხეთქილება ყოფილიყო და მერე რუსეთს ემართა ყველაფერი. ახლა ყარაბაღის პრობლემა აღარ დგას დღის წესრიგში და ორივე ქვეყანამ უფრო მოიცალა რუსული კლანჭებისგან თავის დასახსნელად. რუსეთს აღარ აქვს ის ბერკეტები, თუნდაც 5-6 წლის წინ რომ ჰქონდა. ამას თუ დავამატებთ, რა დაემართა ირანში რუსეთის საჰაერო სისტემებს, როგორ გაუნადგურდა, ესეც დიდი დარტყმაა კრემლისთვის. რუსეთი რეგიონში აშკარად სუსტდება და მას უწევს ბრძოლა, როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან. ის თანდათან კარგავს გავლენის სფეროებს. სამწუხაროდ, გავლენის სფეროში რჩება მხოლოდ საქართველო და ბელარუსი. ადრე თუ გვიან, რუსეთს საქართველოდანაც მოუწევს გასვლა...”