საგარეჯოში, ალეკო ახვლედიანის სახლში, სადაც არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა, საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს ახვლედიანის სახლთან საგარეჯოს პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ჯაბა ბიტარიშვილმა განუცხადა, საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე არ პასუხობს მედიას, კონკრეტულად რომელ საათზე მოხდა გასროლა და ნამდვილად ახვლედიანის იარაღით მოხდა თუ არა გასროლა, ასევე ამოღებულია თუ არა რაიმე მტკიცებულება, სამართალდამცველი განმარტავს, რომ დამატებით ვერაფერს იტყვის.
„გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე და 238-ე მუხლებით. დაკავებულია ერთი პიროვნება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. მეტს ვერაფერს მოგახსენებთ. კი, მუშაობენ [ექსპერტ კრიმინალისტები]. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მეტ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, - განაცხადა ჯაბა ბიტარიშვილმა.
ამასთან, ადგილობრივების ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ ალეკო ახვლედიანის სახლში თვითმკვლელობა სცადა, დილით გაიგეს.
როგორც ახვლედიანის მეზობლად მცხოვრებმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას და არც მის მეუღლეს გასროლის ხმა არ გაუგიათ. „დილით რომ გავედი, გარეთ პოლიციის მანქანები იდგა. ალეკოს სტუმრები ხშირად ჰყავდა და ვიფიქრე, ეტყობა, სტუმრები ჰყავდათ-მეთქი. სხვა არაფერი გამიგია. ჩემმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა [მომხდარის შესახებ]. მეუღლესაც, დილით რომ გარეთ გამოვიდა, მეზობლებმა გააგებინეს. მე დილით რომ გავედი მარტო მანქანები იდგა და ეს შევნიშნე მხოლოდ. ადგილზე შს მინისტრი იყო თუ არა, არ ვიცი“, - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.
ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.