გიორგი სიორიძე - არ ვაპირებთ ვიყოთ პასიურ მდგომარეობაში და ბიძინა ივანიშვილს ლანგარზე მივართვათ ის, რაც მას სურს - იქნება ეს არჩევნები უთანასწორო ბრძოლა? - დიახ, იქნება! შევალთ ამ არჩევნებში და ვიბრძოლებთ

შეიძლება ეს რეჟიმთან გრძელვადიანი ბრძოლაა, მაგრამ რაღაცას აქვს აზრი! მუნიციპალიტეტებში ბრძოლას აქვს აზრი! - ტოტალური კონტროლის მიუხედავად, იმ ექვს მუნიციპალიტეტში, სადაც ოპოზიციური საკრებულოებია, “ქართული ოცნების“ მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებში მიღებული შედეგი იმდენად დაბალი იყო, რომ რაღაცაზე უნდა დავფიქრდეთ! - ასე ხსნის “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრი გიორგი სიორიძე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც სიორიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ თბილისით და რუსთაველის გამზირით არ უნდა იყოს შემოფარგლული.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის პოლიტიკური ბრძოლის დამატებითი ველი და ამ ბრძოლის ველის გამოყენებით უნდა მოხდეს პროტესტის გაზრდა, გაძლიერება, დივერსიფიკაცია და მთელს საქართველოში პროტესტის სხვადასხვა კერის შექმნა.

„ჩვენ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე განვაცხადეთ, რაც საზოგადოებისთვის მოულოდნელი სიახლე ალბათ არ იყო. ჩვენ იმ არგუმენტებზე ვსაუბრობდით, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით სასარგებლო არგუმენტებია.

ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ ოპოზიციურ სპექტრში ერთიანობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზად ვიყავით, თუკი ერთიანობა შედგებოდა, გამოგვეთიშა ყველანაირი პარტიული ინტერესი, რაც კი შეიძლება არსებობდეს - მათ შორის ჩვენი პარტიული იდენტობის შენარჩუნების კუთხით.

ჩვენ ვსაუბრობდით, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, რომელიც ბოიკოტში არიან, ისეთი ერთიანობა შეგვეკრა, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და არის საზოგადოების მოთხოვნა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ ადამიანების დარწმუნება ვერ მოვახერხეთ და მივიღეთ არამხოლოდ დაუმსახურებელი კრიტიკა, არამედ იერიში “ლელოს“ წინააღმდეგ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრძოლა არის ის გზა, ის პროცესი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეს. თეორიულად, ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება ყველა დაიჭიროს, მაგრამ სანამ არ მომხდარა ის, რაც გარდაუვალია, არ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ და ბრძოლა მივატოვოთ.

ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ პასიურ მდგომარეობაში და ბიძინა ივანიშვილს ლანგარზე მივართვათ ის, რაც მას სურს.

ივანიშვილის სურვილია, რომ პროევროპული პარტიები პოლიტიკური ველიდან გააქროს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მთელს ოპოზიციურ სპექტრს ივანიშვილისთვის ერთიანი ძალებით შეგვეტია.

ვერავინ გაბედავს და იმ მთავარ მოთხოვნას ვერ შეცვლის, რომელიც გულისხმობს ახალი წესებითა და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციით პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნას და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას.

იქნება ეს არჩევნები უთანასწორო ბრძოლა? - დიახ, იქნება! შევალთ ამ არჩევნებში და ვიბრძოლებთ.

ჩვენ მეორე მხარეს დარჩენილ ოპოზიციურ სპექტრს არ ვუყურებთ როგორც ოპონენტს - ისინი ჩვენი თანამებრძოლები არიან. ჩვენ მათთან ვმეგობრობთ. ჩვენ მათთან ბრძოლის გამოცდილება გვაქვს. ამდენი ხანია მხარდამხარ გვიბრძოლია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც მათთან ერთად ბრძოლას მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა