ჩემთვის სასამართლოში გახდა ცნობილი, რომ თორნიკე რიჟვაძის მშობლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას სხდომის დარბაზიდან, - ამის შესახებ ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ალექსი ახვლედიანის ძმა არის ბიზნესმენი და გირაოს თანხის გადახდას შეძლებს.
"ჩვენ დავასაბუთეთ ჩვენი მოთხოვნის საფუძვლიანობა და სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა.
ჩემთვის სასამართლოში გახდა ცნობილი, რომ ბატონ თორნიკეს [რიჟვაძის] მშობლებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას, რომ არ გააჩნიათ არანაირი პრეტენზია და რომ ბატონი ალექსი არის მათი უახლოესი მეგობარი და ითხოვდნენ მის გათავისუფლებას სხდომის დარბაზიდან.
ბატონი ალექსის ძმა, ბატონი აკაკი არის "აგროჰაბის" დამფუძნებელი, არის ბიზნესმენი, აქვს შესაბამისი შემოსავალი და შეუძლია გირაოს თანხის გადახდა", - განაცხადა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, რიჟვაძემ მალულად აიღო ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
საქართველოს პროკურატურამ ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე წარუდგინა ბრალი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.