სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემიის - „თამარი“ - რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს
კერძოდ, ღონისძიება 17 ივლისს, 17:00 საათზე გაიმართება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პრემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2017 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირებასა და სამეცნიერო პერსონალის მიერ გაწეული შრომის ღირსეულად დაფასებას.
„პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის, თამარის პატივსაცემად მიენიჭა.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდებიან „პრემია თამარის“ პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ჯილდოს მფლობელები, ასევე გამარჯვებულები ნომინაციებში - „გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისთვის“ და „ახალგაზრდა მეცნიერი“.
ცნობისთვის, გასული 8 წლის განმავლობაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევით აქტივობაში:
საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნდა 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მათ შორის 114 - Scopus-ისა და Web of Science Core Collection-ის ბაზებში;
უნივერსიტეტის აფილირებულმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო 130-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში;
40-ზე მეტი კვლევა განხორციელდა საერთაშორისო მეცნიერებთან თანამშრომლობით;
მოპოვებულია საგრანტო დაფინანსება წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, მათ შორის: „ჰორიზონტი ევროპა“, CIF, DAAD;
ბოლო სამ წელიწადში შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის საგრანტო კონკურსებში გაიმარჯვა 14 პროექტმა, მათ შორის არის 5 საგრანტო პროექტი ფუნდამენტური კვლევებისთვის;
დაარსდა უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც უკვე ინდექსირებულია ERIH PLUS-ისა და Index Copernicus-ის სამეცნიერო ბაზებში.
წლების განმავლობაში პრემია „თამარი“ მიენიჭა გამოჩენილ ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის სამეცნიერო პროგრესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.