ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, რომელშიც ხელისუფლებისგან 8 რეკომენდაციის შესრულებას მოითხოვს

ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ბეატე გმინდერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, სადაც მოთხოვნილია, რომ კომისიას მიეწოდოს ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ან სათანადო ზომების მიღებას კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

წერილში აღნიშნულია, რომ კომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევები, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ეწინააღმდეგება შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. შედეგად, კომისიამ გამოსცა არაერთი რეკომენდაცია. მათ შორისაა მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი, გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა.

„თქვენი მთავრობის მხრიდან უმოქმედობის საპასუხოდ, 2025 წლის იანვარში, ევროკავშირმა გადაწყვიტა ნაწილობრივ შეეჩერებინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზის გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმება და გაეუქმებინა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა.

შესაბამისად, მას შემდეგ თორმეტმა წევრმა სახელმწიფომ დააწესა ვიზის მოთხოვნა საქართველოს მიერ გაცემული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელისთვის. ამას ნაბიჯს წევრი სახელმწიფოებიც მიჰყვებიან.

მსურს, გთხოვოთ, მიაწოდოთ კომისიას ინფორმაცია ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ და თუ ეს უკვე არ გაკეთებულა, მიიღოთ შესაბამისი ზომები კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად. მჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტრუქციულად უპასუხებს და მიიღებს საჭირო ზომებს კომისიის რეკომენდაციების სრულად შესასრულებლად. კომისია შეაფასებს რეკომენდაციების შესრულებას ვიზების შეჩერების მექანიზმის შემდეგი ანგარიშის კონტექსტში“, - აღნიშნულია წერილში.

წერილში განმარტებულია, რომ ამ შეფასების საფუძველზე, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გაგრძელების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები სავიზო რეგულაციის მე-8 მუხლის საფუძველზე, კერძოდ, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება.

„ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში თქვენი თანამშრომლობის იმედი მაქვს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ევროკავშირის ერთგულებას საქართველოსთან ძლიერი და ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობების მიმართ“, - აღნიშნულია წერილში.

ამასთან, წერილს დანართის სახით თან ერთვის 8 რეკომენდაციის სია, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებამ:

"საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები უნდა უზრუნველყოს და დაიცვას, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა.

თავიდან უნდა აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, გაუქმდეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტი; შესწორებები შევიდეს ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBTIQ პირების უფლებების სრული დაცვა გარანტირებული იყოს.

საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ევროკავშირის სიასთან, სადაც ის ქვეყნებია მოცემული, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით.

ძალისხმევა უნდა გააძლიეროს დაუსაბუთებლად თავშესაფრის მოთხოვნისა და წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად ყოფნის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგალითად, მიგრანტების შესაბამისი კატეგორიებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიების ჩატარებითა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებით.

აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი უნდა შექმნას. ასევე, გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის მიმართულებით.

ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა მიიღოს, უზრუნველყოს მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასამართლო გადაწყვეტილებებს.

ცვლილებები უნდა შეიტანოს ანტიკორუფციულო ბიუროს შესახებ კანონში ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ანტიკორუფციულო ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს".

ევროკომისიის წერილის ადრესატები, მაკა ბოჭორიშვილის გარდა, ასევე არიან: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გელა გელაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიურის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილის ასლს აქვეყნებს, რომლის ადრესატი ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილია. წერილების შინაარსი თითქმის იდენტურია, თუმცა მახარობლიშვილისთვის გაგზავნილ წერილში რეკომენდაციების შესრულების შესახებ კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდების "დედლაინად" მითითებულია აგვისტოს ბოლო.

“გთხოვთ, აგვისტოს ბოლომდე მიაწოდოთ კომისიას ინფორმაცია ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ და თუ უკვე არ გაკეთებულა, მიიღოთ შესაბამისი ზომები კომისიის ყველა რეკომენდაციაში წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად”, - აღნიშნულია წერილში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია