ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025

ხაზარაძის მოწოდება საპატიმროდან და ბოიკოტის მომხრეების პასუხი - ვინ შეუერთდება მემორანდუმს

ევროკომისიის ახალი “დედლაინი” და 8 რეკომენდაცია, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში შენგენში უვიზოდ ვეღარ შევალთ

ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით საქართველოს პრობლემები თითქმის არ შეექმნება

* * *

ხაზარაძის მოწოდება საპატიმროდან და ბოიკოტის მომხრეების პასუხი - ვინ შეუერთდება მემორანდუმს

“ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და ბოიკოტში მყოფ ოპოზიციას მოუწოდებს მის კოალიციისა და “გახარია საქართველოსთვის” მემორანდუმს შეუერთდნენ, რომელზეც 15 ივლისს მოეწერა ხელი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო ბრძოლასთან დაკავშირებით. მემორანდუმს ხელი “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და “ლელო-ძლიერი საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები „თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან. ხაზარაძეს მიაჩნია, რომ ბოიკოტი “ქართული ოცნების” ადგილობრივ დონეზე ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს, მისი თქმით, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადაიწიოს და ოპოზიციურმა ფლანგმა “ერთობლივ ბრძოლაზე იფიქროს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ხაზარაძის მოწოდება საპატიმროდან და ბოიკოტის მომხრეების პასუხი - ვინ შეუერთდება მემორანდუმს.

“მივესალმები “ლელო-ძლიერი საქართველოსა” და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას - 3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ “ქართულმა ოცნებამ” უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რადგან სწორედ ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საყრდენი და პლაცდარმი საბოლოო გამარჯვებისთვის. არ უნდა გამოვაცალოთ ქართველ ხალხს ხელიდან ბერკეტი. ბოიკოტი კი სწორედ “ქართული ოცნების” ანუ რუსული ძალის ჩაბეტონებას შეუწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე. არ შეიძლება ამის გაკეთება. ხალხს და განსაკუთრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს სჭირდება დაცვა ყველა დონეზე - ეს დამატებითი ბრძოლის ველია მიუხედავად უთანასწორო მდგომარეობისა”, - აღნიშნავს ხაზარაძე თავის წერილში.

“ჩვენი მიზანი უცვლელია - ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება! ამ სულისკვეთებით გაფორმდა ეს მემორანდუმი, რომლის მიზანიც ერთია - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არცერთ ადგილას რუსული ძალა ბრძოლის გარეშე არ უნდა დავტოვოთ. ჩვენ, “ლელო-ძლიერი საქართველო”, ყოველთვის ვიყავით ერთობის ინიციატორები. დღეს, როდესაც ქვეყანას რუსული პოლიტიკა სრულიად იპყრობს, ყველაფერი პირადი უკან უნდა გადავწიოთ და ვიფიქროთ ერთობლივ ბრძოლაზე. ეს მემორანდუმი სწორედ ამის დასტურია. მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში! ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის გამარჯვების - ერთად ბრძოლით ეს გარდაუვალია!”- დასძენს ხაზარაძე.

“ვინ შეუერთდება მემორანდუმს, ჯერჯერობით უცნობია, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამ შეთანხმებას ოპოზიციიდან სხვა ბარიერგადალახული აღარ შეუერთდება, რაც შეეხება 2024 წლის არჩევნებზე 5%-ის მიღმა დარჩენილებს შესაძლოა ეს იყოს “გირჩი”. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა მემორანდუმს იაგო ხვიჩიას “გირჩის” გარდა შეუერთდეს და ასევე ე.წ. სატელიტი პარტიები. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციიდან დღეს არავინაა მოსალოდნელი, რომ მემორანდუმს შეუერთდეს, ხოლო ბარიერგადაულახავიდან მხოლოდ იაგო ხვიჩიას “გირჩი”. ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კი ამბობს, რომ “ლელომ” საკუთარ ამომრჩეველს იმედი გაუცრუა” - განაგრძობს გამოცემა.

“ყველა ემიჯნება, რვა პარტიამ უკვე გააკეთა განცხადება, რომ არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ისინი არ შეუერთდებიან, შესაძლოა იაგო ხვიჩიას “გირჩი” დათანხმდეს მემორანდუმს, დანარჩენი ბარიერგადაულახავიდან არ მგონია, რომ რომელიმე შეუერთდეს. ახლა შეიძლება გამოჩნდეს ორი-სამი სატელიტი პარტია, რომლებიც შეუერთდებან მემორანდუმს, მაგრამ მსხვილი პარტიები, რა თქმა უნდა, უარს იტყვიან. პრობლემა ისაა, რომ ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი საარჩევნო უბნებთან არ გამოცხადდება, არ გამოვრიცხავ დაბალი აქტივობა იყოს, ოპოზიციაც ამას გეგმავს, რომ დაბალი აქტივობის პირობებში, საერთოდ გამოჩნდეს, რომ ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“სიტყვა "ჩაბეტონება” არ ვიცი რას ნიშნავს, თუ ამიხსნიან შეიძლება რამე ვთქვა, თუმცა ყოველ შემთხვევისთვის, თუ ქართულ პოლიტიკაში უფრო მყარი პოზიცია იგულისხმება, მაშინ რა თქმა უნდა, არჩევნებში რაც უფრო ნაკლები პოლიტიკური სუბიექტები ჩაერთვებიან უფრო მყარი იქნება “ოცნების” პოზიცია. დასავლეთი ნორმალურად ჩატარებულ არჩევნებზე იძახის გაყალბებულიაო, ახლაც რა თქმა უნდა, კრიტიკა მოსალოდნელია, რადგან იმათ ეს სჭირდებათ. იმათ სჭირდებათ საქართველოს რუსეთთან მიწებება, გუშინდელ გარჩევების დროს, მემგონი ავსტრიამ თქვა, რომ რა იყო, გინდათ რომ საქართველო რუსეთს ძალით შეტენოთო? ევროკავშირი რუსულ პოლიტიკას ატარებს”, -ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“რეალურად ეს არა გახარია-ხაზარაძეს შორის თანამშრომლობის პაქტი, არამედ ამ ორ პოლიტიკურ ძალასა და ივანიშვილს შორის თანამშრომლობის პაქტია. რაც გახარიას ნაწილში სრულიად მოსალოდნელია, რადგან ის უბრუნდება თავის ბუნებრივ წიაღს. “ლელოს” შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ამ პარტიას საპარლამენტო არჩევნების დროს ნდობა გამოუცხადა, მათთვის ეს გადაწყვეტილება იმედგაცრუება იყო. დარწმუნებული ვარ, ეს იმედგაცრუება აისახება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბრის სპეცოპერაციისას შედეგს დაწერს, თუ ეს სპეცოპერაცია საერთოდ შედგა და მანამდე ივანიშვილის რეჟიმმა არ გააცნობიერა, რომ ამ ფარსის მოწყობის ნაცვლად უნდა შეასრულოს მოთხოვნები, რომლებიც ქართველი ხალხისგან და ევროკავშირისგან დგა... რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის წერილს, ყველა ვთანხმდებოდით, მათ შორის “ლელოც”, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია იყო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მას შემდეგ რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ თავად მამუკა ხაზარაძე და ბევრი სხვა პოლიტიკური ლიდერი დღეს პოლიტპატიმარია, რომლებსაც მანამდე პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონიათ. გაუარესდა საარჩევნო გარემო, კონსოლიდირებული დიქტატურაა ქვეყანაში და როგორ შეიძლება 26 ოქტომბრის არჩევნები სპეცოპერაცია ყოფილიყო და 4 ოქტომბრის არჩევნებად წოდებული მოვლენა რუსული სპეცოპერაცია არ იყოს?” - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ბოკუჩავა.

ევროკომისიის ახალი “დედლაინი” და 8 რეკომენდაცია, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში შენგენში უვიზოდ ვეღარ შევალთ

“ევროკომისიის მიერ “ქართული ოცნებისადმი” წაყენებული 8 პუნქტის შეუსრულებლობამ, შეიძლება ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება დააყენოს დღის წესრიგში. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, “დედლაინად” 31 აგვისტოა განსაზღვრული. ახლა მთავარი კითხვაა - როგორ იმოქმედებს ბლოკი, თუ დათქმულ დროში რეკომენდაციები არ შესრულდა? “ქართული ოცნება” უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას “პოლიტიკურ შანტაჟად” აფასებს და აცხადებს, რომ პარლამენტი მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს და “კანონების გაუქმება ვერ მოხდება, ამის ნება რომც იყოს”. თავის მხრივ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, რომ თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, ამას შედეგები მოყვება, რათა “საზოგადოებამაც დაინახოს, რომ მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს”. ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ თუ განსაზღვრულ დროში რეკომენდაციები არ შესრულდა, უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურა დაიწყება, რომელიც გამარტივებულია და შესაძლოა ამას თვე-თვენახევარი დასჭირდეს. ნაწილის აზრით კი, პროცესი შეიძლება გაიწელოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროკომისიის ახალი “დედლაინი” და 8 რეკომენდაცია, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში შენგენში უვიზოდ ვეღარ შევალთ.

“რეკომენდაციების მიხედვით, “ოცნებამ” უნდა უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა; გააუქმოს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და საკანონმდებლო პაკეტი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა. საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვეყნებს იმ რვა რეკომენდაციას, რომელსაც ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი, ბეატე გმინდერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები უნდა უზრუნველყოს და დაიცვას, მათ შორის გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა; თავიდან უნდა აიცილოს და გააუქმოს ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც შეიძლება ზღუდავდეს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპსა და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს; კერძოდ, გაუქმდეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი და “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ საკანონმდებლო პაკეტი; შესწორებები შევიდეს ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBTI პირების უფლებების სრული დაცვა გარანტირებული იყოს; საქართველოს სავიზო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ევროკავშირის სიასთან, სადაც ის ქვეყნებია მოცემული, რომლებიც ვიზებს საჭიროებენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით; ძალისხმევა უნდა გააძლიეროს დაუსაბუთებლად თავშესაფრის მოთხოვნისა და წევრ სახელმწიფოებში არალეგალურად ყოფნის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგალითად, მიგრანტების შესაბამისი კატეგორიებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიების ჩატარებითა და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებით. აქტივების აღდგენის ოფისი და აქტივების მართვის ოფისი უნდა შექმნას. ასევე, გააგრძელოს მუშაობა აქტივების მოძიების, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ლიკვიდაციის მიმართულებით”, - წერია რეკომენდაციებში.

“ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა მიიღოს, უზრუნველყოს მისი განხორციელებისთვის საკმარისი რესურსები და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნასა და სასამართლო გადაწყვეტილებებს; ცვლილებები უნდა შეიტანოს ანტიკორუფციულო ბიუროს შესახებ კანონში ვენეციის კომისიის ძირითადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი ანტიკორუფციულო ბიუროს ეფექტური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ფუნქციების შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით; პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს”, - ნათქვამია რეკომენდაციებში. ევროკომისიის წერილის ადრესატები, მაკა ბოჭორიშვილის გარდა, ასევე არიან: საქართველოს შსს მინისტრი, გელა გელაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ასევე, აღსანიშნავია, რომ “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიურის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ევროკომისიის მიგრაციის და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილის ასლს აქვეყნებს, რომლის ადრესატი ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილია. წერილების შინაარსი თითქმის იდენტურია, თუმცა მახარობლიშვილისთვის გაგზავნილ წერილში რეკომენდაციების შესრულების შესახებ კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდების “დედლაინად” მითითებულია აგვისტოს ბოლო. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ორ სცენარზე საუბრობს - ერთის მიხედვით, შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი 1-ელი სექტემბრიდანვე დაიწყოს, დაახლოებით 2 თვე გასტანოს და ნოემბერში გადაწყდეს, ან მომავალი წლის იანვრის დასაწყისში. ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ევროკავშირში აზრთა დიდი სხვადასხვაობაა, რომ ქართველი ხალხი უსამართლოდ არ დაასანქცირონ. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორ კახა გოგოლაშვილის აზრით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურას როგორც წესი, თვე-თვენახევარი სჭირდება იმისთვის, რომ გადაწყვეტილების პროექტი მომზადდეს და შემდეგ გავიდეს დასამტკიცებლად”, - დასძენს გამოცემა.

“ერთ-ერთი ვარიანტია, რომ შეიძლება მომავალი წლის იანვრის დასაწყისიდან შეგვიჩერონ, ან თუ “ქართულმა ოცნებამ” 1-ელ სექტემბრამდე არ შეასრულა მოთხოვნები, შეიძლება ოქტომბრიდანვე ამოქმედდეს. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა უნდა ემხრობოდეს იმ იდეას, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს. ერთი პერიოდი, ალბანეთს 9 თვით შეუჩერდა უვიზო მიმოსვლა. საბოლოო დასკვნას ევროპული საბჭო აკეთებს, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი ორგანოა, იქ კონსენსუსი საჭირო არაა და არა 27, არამედ 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ პროცესს შეიძლება დაახლოებით ორი თვე დასჭირდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 15 ივლისის შეხვედრამ მკაფიოდ აჩვენა, რომ გადაწყვეტილება საწყის ეტაპზე ნამდვილად მიიღეს, რომ საქართველოს მოსახლეობა უსამართლოდ არ დაასანქცირონ და ასეც გაგრძელდება. უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა, სხვა ქვეყნებიც წავიდნენ ამის წინააღმდეგ და აზრთა დიდი სხვადასხვაობა იყო, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ერთ თვეშიც და მომავალშიც ნამდვილად არ შეიცვლება. საქართველოს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ოფოციალურ წერილში არაა მითითებული 31 აგვისტო, როგორც ე.წ. დედლაინი, თანაც როგორც საქართველოში, ისე სხვა საპარლამენტო რესპუბლიკაში საკანონმდებლო ორგანო აგვისტოში ისვენებს. კაია კალასის ეს ზეპირი განცხადება ერთია და მეორეა რა წერია დოკუმენტში. დოკუმენტში ის მიუღებელი პირობები წერია, რომლის გამოც საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა “ქართული ოცნება” აირჩია, ესაა ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვნების დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან, სახელმწიფოს გარე ჩარევებისგან დაცვა და მრავალი სხვა”, - გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ლეგიტიმურ ხელისუფლებას თავისი წითელი ხაზები აქვს და იმის მცდელობა, რომ ესა თუ ის კანონი უსინდისოდ შეიცვალოს, ასეთი რამ შეუძლებელია. შემდეგშიც შეიკრიბებიან საგარეო საქმეთა მინისტრები და 15 ივლისის მსგავსად ცხარე დისკუსია იქნება. თუ “დამნაშავეა” “ქართული ოცნების” ხელისუფლება, დასანქცირდეს “ქართული ოცნების” ხელისუფლება და არა ხალხი. თუმცა, აქ სხვა მომენტია, თუ რატომ ხდება ე.წ. დამნაშავე ხელისუფლების მიერ ხალხის დასჯა უვიზო მიმოსვლის შეჩერებით? იმიტომ ხომ არა, რომ “ოცნება” ამ ხალხმა აირჩია, თუ მეორე, რომელიც უფრო რეალისტურად მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების როგორმე ხელშეწყობა, რათა საზოგადოება ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდეს იმის გამო, რომ ევროპაში თავისუფალი გადაადგილება შეეზღუდება? სწორედ აქეთკენ იხრება ევროკრატიის მზაკვრული გეგმები, რომ როგორმე არეულობა მოხდეს იმისთვუის, რომ ამით დესტრუქციულმა ძალებმა ისარგებლონ და ხელისუფლება მიიტაცონ, რომლებსაც ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ”,- ამბობს გია აბაშიძე.

“პროექტს კომისია ამზადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტიულებით, ოღონდ უბრალო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, შემდეგ, როცა კომისია მოამზადებს გადაწყვეტილებას, შეუძლია გაიტანოს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ისევ და იქ უკვე კვალიფიცური უმრავლესობოთ გადის, ანუ 15-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმაზე, რომ ძალაში შევიდეს. ვიზალიბერალიზაცია პირველ ეტაპზე 9 თვით ჩერდება, მალე 12-თვიანი გახდება, როცა ახალი რეგულაცია შევა ძალაში, მაგრამ ახლა 9 თვეა. ამის მერე შეიძლება შეჩერება ავტომატურად გაგრძელდეს, საკითხს ევროკომისია განიხილავს და შემდეგ წევრ ქვეყნებს დაეკითხება გააგრძელონ თუ არა ეს შეჩერება. ამ 9 თვის განმავლობაში კი ქვეყანასთან კონსულტაციები მიდის და ამის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი. მისი თქმით, ჯერ საკითხის დააინიცირებს ერთი, ან რამდენიმე ქვეყანა, ამას წევრი ქვეყნები განიხილავენ და თუ იდეას მინიმუმ 14 ქვეყანა უჭერს მხარს, შემდეგ კომისიას ავალებენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტი შეიმუშაოს. ამის შემდეგ, საკმარისია ეს პროექტი გავიდეს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე და კვალიფიციფიციურმა უმრავლესობამ, ანუ 15-მა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს და შეჩერება ძალაში შედის”, - წერს სტატიის ავტორი.

ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით საქართველოს პრობლემები თითქმის არ შეექმნება

“სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მშვიდობიან ფაზაში გადასვლის შემდგომ აზერბაიჯანი და თურქეთი ზანგეზურის დერეფნის გააქტიურებას გეგმავენ. ზანგეზურის დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით ექსპერტთა აზრი გაყოფილია. ნაწილი ფიქრობს, რომ აზერბაიჯანული პროექტი შუა დერეფნის ალტერნატივა ვერ იქნება, ნაწილი კი საპირისპიროს ამტკიცებს. როგორც “ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის” დირექტორმა თეიმურაზ ზაქრაძემ განაცხადა, ზანგეზურის დერეფანის ამოქმედება სანერვიულო არ არის, რადგან მისი განვითარებით აბრეშუმის გზა თავის დანიშნულებას და ფუნქციას არ დაკარგავს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნახიჩევანის გავლით ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით, ყველაზე მოგებული აზერბაიჯანი გამოდის, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, მას ეძლევა ნებისმიერი ტვირთნაკადის დივერსიფიცირების შესაძლებლობა. მას შეეძლება მისთვის მისაღები სატარიფო ინსტრუმენტების გამოყენებით, ტვირთნაკადი თავისი ტერიტორიის გავლით, მიმართოს შუა ან ზანგეზურის დერეფნით. ექსპერტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ ზანგეზურის პროექტი კონკურენციაში შევა შუა დერეფანთან, თუმცა სწორი ინვესტიციების მეშვეობით საქართველოს უპირატესობა ყოველთვის ექნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით საქართველოს პრობლემები თითქმის არ შეექმნება / “ჩვენი მიმართულება არის მულტიმოდალური, რაც გულისხმობს იმას, რომ გვაქვს საზღვაო პორტები, ამიტომ კონკურენცია ძალიან გაუჭირდებათ”

“პირველ რიგში, ზანგეზურის პროექტის განხორციელება სრულად დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესებზე. ვითარებას ტექნიკურად თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, ეს მარშრუტი იქნება გარკვეული ალტერნატივა და მას შეუძლია კონკურენცია გაუწიოს შუა დერეფანს, მაგრამ ჩვენ გვრჩება სხვადასხვა უპირატესობები, იმდენად, რამდენადაც ჩვენი მიმართულება არის მულტიმოდალური, რაც გულისხმობს იმას, რომ საზღვაო პორტებიც გვაქვს და ა.შ. აღნიშნულ დერეფანს კი აქვს მხოლოდ საავტომობილო და სარკინიგზო მიმართულება. აქედან გამომდინარე, სწორი ინვესტიციების მეშვეობით უპირატესობა ყოველთვის გვექნება... ამასთან გვაქვს ბევრი პრობლემა დაწყებული პორტების გამტარუნარიანობით, გაგრძელებული რკინიგზის გადაადგილების სიჩქარით და ა.შ. ასეთი სახის პრობლემები მნიშვნელოვან ინვესტორებას და გადაიარაღებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ რომ დავივიწყოთ ზანგეზურის დერეფანი და მისი განვითარება, ისედაც შეგვექმნება პრობლემები, რადგან ტვირთის გატარებას ჩვენი ინფრასტრუქტურა ვეღარ მოახერხებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.

“სწორი ინვესტირების პირობებში ჩვენი კოლიდორები უფრო მოდერტიფიცირდება უფრო ბევრი ტვირთის გატარებას შევძლებთ. აქედან გამომდინარე, საკითხი ასე სწორხაზოვნად არ დგას, რომ თუ ზანგეზურის დერეფანი ამუშავდება, დამთავრდება შუა დერეფნის ფუნქციობა. მთავარია, ჩვენ საპასუხოდ რა ნაბიჯებს გადავდგავთ”, - დაასკვნის პაატა ბაირახტარი. კიდევ ერთი ექსპერტი ნოდარ კაპანაძე ფიქრობს, რომ აზერბაიჯანული პროექტი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საქართველო ყურადღებით უნდა იყოს”, განაგრძობს გამოცემა.

“საერთოდ, საკითხავია, ზანგეზურის დერეფანი საქართველოს ალტერნატიული მარშრუტი რამდენად შეიძლება იყოს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს რეგიონი პირდაპირ ესაზღვრება ირანს. ზანგეზურის დერეფნის განვითარება ირანის და რუსეთის ინტერესში არ შედის. ეს შეიძლება შედიოდეს ჩინეთის და ევროპის ინტერესში, მაგრამ, პირველ რიგში, დაინტერესება აქვს თურქეთს, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, აზერბაიჯანი, მაგრამ სხვა ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ჰქვია გეოგრაფია. ზანგეზურის დერეფანი იმ რელიეფიდან გამომდინარე, სადაც უნდა გაიაროს, რამდენად შესაძლებელია იყოს საქართველოს ალტერნატივა, არ ვიცი. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის პოტენციალი იმდენად დიდია, რომ ის ერთდროულად ზანგეზურისა და საქართველოს მარშრუტების დაკმაყოფილებას თავისუფლად შეძლებს. მოკლედ რომ ითქვას, ჩვენ ამ ამბავს, როგორც დიდ საფრთხეს, არ უნდა ვუყუროთ, მაგრამ ყოველ მხრივ ყურადღებით უნდა ვიყოთ”, - დაასკვნის ნოდარ კაპანაძე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო