საქართველოს სახალხო დამცველი სლოვაკეთის რესპუბლიკის უფლებათა სახალხო დამცველს შეხვდა

17-18 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სლოვაკეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველს რობერტ დობროვოდსკის და მის დელეგაციას მასპინძლობს. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურის, მანდატისა და ძირითადი საქმიანობის შესახებ.

ისაუბრა საჩივრების ადმინისტრირების სისტემაზე, ინსტიტუციურ პრიორიტეტებსა და სამუშაო მიმართულებებზე, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობასა და დონორთა მხარდაჭერაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში განხორციელებულ ისეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მშვიდობიანი შეკრების უფლებების განხორციელების მონიტორინგზე.

„შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, ელენე ღუდუშაური და ირინე ჩიხლაძე.

მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რაც ორ ინსტიტუციას შორის მომავალი თანამშრომლობის განმტკიცებას ისახავს მიზნად.

ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობას, მათ შორის, სამართლებრივ ჩარჩოს, ინსტიტუციურ სტრუქტურას, პრევენციული ვიზიტების მეთოდოლოგიას, ანგარიშგებისა და შემდგომი რეაგირების მექანიზმებს. ისაუბრეს ასევე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის როლზე მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მიმართულებით დახურულ დაწესებულებებში და აპარატის სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციაზე.

სტუმრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებითა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევებით დაინტერესდნენ.

18 ივლისს დაგეგმილია დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობებისა და პატიმართა უფლებების დაცვის მდგომარეობის გაცნობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა