სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია “თამარის” რიგით მეოთხე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული სამეცნიერო პრემია „თამარი“ კონკურსის წესით გაიცა.
I ხარისხის პრემიის მფლობელი სოფიო რიგვავა გახდა;
II ხარისხის პრემიის მფლობელი მაგდა თორთლაძე გახდა;
III ხარისხის პრემიის მფლობელი კი ნინო მინდიაშვილი გახდა.
ასევე, გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში - „გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისთვის“ - ჟენევაში მოღვაწე ქართველი კარდიოქირურგი, თორნიკე სოლოღაშვილი და „ახალგაზრდა მეცნიერი“ - შენგელი კიკილაშვილი.
გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო და მოოქროვილი მედლები გადაეცათ.
“უკვე რვა წელია, რაც პრემია “თამარი”არსებობს. როგორც წესი, ჩვენ გამოვარჩევთ ჩვენს უნივერსიტეტში მოღვაწე განსაკუთრებული შედეგების მქონე მეცნიერებს და ასევე, საქართველოში მცხოვრებ ან საქართველოს გარეთ მცხოვრებ მეცნიერს, რომელთაც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ შედეგებს მიაღწიეს. აღნიშნულ დაჯილდოებას ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეს არის ჩვენი მეცნიერების დაფასება და ამ პრემიის მიღების შემდეგ, მათ სტიმული ეძლევათ, რომ გაორმაგებით იმუშაონ და მოღვაწეობა გააგრძელონ.
ასევე, საზოგადოებაში წვლილის შეტანის მხრივ მეცნიერების ხელშეწყობა უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა. ჩვენს უნივერსიტეტში ამას ყოველთვის დიდი ყურადღება ექცევა და ყოველთვის მეცნიერების განვითარების ავანგარდში ვდგავართ”, - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახა კორძაიამ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის, სესილი გოგიბერიძის თქმით, თამარ მეფის სახელობის სამეცნიერო პრემია მეცნიერებისთვის სტიმულის მიმცემია.
“ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ჩვენი მეცნიერებისთვის ეს არის სტიმული და მათი შრომის დაფასება. ამასთან, აღნიშნული პრიზი ხელს უწყობს მეცნიერებს, რომ სამეცნიერო ჰორიზონტი გაიფართოვონ. სტატისტიკის მიხედვით, რვა წლის წინ კანტიკუნტად გვყავდა ისეთი მეცნიერები, რომლებიც Scopus-ისა და Web of Science Core Collection-ის ბაზებში, ინდექსირებულ ჟურნალებში სტატიებს ბეჭდავდნენ”, - აღნიშნა სესილი გოგიბერიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა, აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
ინფორმაციისთვის, პრემია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2017 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს სამეცნიერო საქმიანობის სტიმულირებასა და სამეცნიერო პერსონალის მიერ გაწეული შრომის ღირსეულად დაფასებას.
პრემიას სახელწოდება კავკასიაში პროგრესული და ჰუმანური პოლიტიკის გამტარებლის, ინტელექტუალთა და ხელოვანთა მფარველის, საქართველოს მეფის, თამარის საპატივსაცემოდ მიენიჭა.
გარდა ამისა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცნობით, გასული რვა წლის განმავლობაში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევით აქტივობაში: საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნდა 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მათ შორის 114 - Scopus-ისა და Web of Science Core Collection-ის ბაზებში; უნივერსიტეტის აფილირებულმა პერსონალმა მონაწილეობა მიიღო 130-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; 40-ზე მეტი კვლევა განხორციელდა საერთაშორისო მეცნიერებთან თანამშრომლობით; მოპოვებულია საგრანტო დაფინანსება წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტებიდან, მათ შორის: „ჰორიზონტი ევროპა“, CIF, DAAD; ბოლო სამ წელიწადში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსებში გაიმარჯვა 14 პროექტმა, მათ შორის არის 5 საგრანტო პროექტი ფუნდამენტური კვლევებისთვის; დაარსდა უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც უკვე ინდექსირებულია ERIH PLUS-ისა და Index Copernicus-ის სამეცნიერო ბაზებში.
მათივე ინფორმაციით, წლების განმავლობაში პრემია „თამარი“ მიენიჭა გამოჩენილ ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის სამეცნიერო პროგრესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.