შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო

შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

როგორც ისინი აცხადებენ, ოფიციალური მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, რომელიც 47 ათას ლარს შეადგენს.

ამასთან, „ბათუმელებში“ მიიჩნევენ, რომ ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს.

„პირველ ივლისს „ბათუმელებს“ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ ვალი გვაქვს, რომელიც 5 დღეში უნდა გადავიხადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებენ და დაიწყება აღსრულება. ანუ აღსრულების ეროვნული ბიურო „ბათუმელების“ ქონებას გაყიდის. საუბარია რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობასა და ოფისზე.

ამ ეტაპზე „ბათუმელების“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე – ძირი თანხა არის 47 ათასი ლარი [თვის დასაწყისში იყო 136 ათასი ლარი და გადავიხადეთ]. ასევე გვერიცხება სხვა თანხაც – საურავი 126 ათასი ლარი და ჯარიმა – 109 ათასი ლარი. „ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად. ინკასოს მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად ჩვენთვის შემოეთავაზებინათ გრაფიკი. ამას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. უარი გვითხრეს.17 ივლისს კი, „ბათუმელების“ ანგარიშებს დაადეს ინკასო.

დღეს, 21 ივლისია და მზია ამაღლობელის ბოლოს წინა პროცესი იმართება სასამართლოში. შესაბამისად, ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედია ორგანიზაციის გასანადგურებლად.

ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი“. ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული მიზანი არასდროს არ უნდა იყოს მედიის მოგუდვა, გაჩერება. წესით მისი მიზანი უნდა იყოს ნებისმიერი ბიზნესის განვითარება, რათა გადასახადების გზით მიიღოს შემოსავლები და იზრუნოს სახელმწიფოს განვითარებაზე. მით უფრო, რომ სიტყვის თავისუფლება დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და მისი გაუქმება სახელმწიფოს გაუქმების ტოლფასია”,- ნათქვამია „ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის