შალვა პაპუაშვილი დანიის პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილს ასაჯაროებს

ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების COSAC-ის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მოწვევაზე უარის თქმა საქართველოს პარლამენტის COSAC-ის შეხვედრაში მონაწილეობის უფლების დარღვევაა - საქართველოს მთავრობას არასდროს განუცხადებია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აჩერებს! პირიქით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა შეასრულოს კანდიდატი ქვეყნის წინაშე არსებული მოთხოვნები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დანიის პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილში წერს.

პაპუაშვილის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა დანიის პარლამენტის ევროპის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისგან მიიღო წერილი, რომლითაც იტყობინება, რომ არ გეგმავს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების მიწვევას ე.წ. COSAC-ის შეხვედრაზე

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, COSAC-ის რეგლამენტიდან გამომდინარე, დანიის პარლამენტს არა აქვს უფლება არ მიიწვიოს საქართველოს პარლამენტი მონაწილეობის მისაღებად, თუმცა “როგორც ჩანს, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ზოგისთვის, პოლიტიკურ გემოვნებაზე მორგებადი ტერმინია“.

პაპუაშვილის შეფასებით, ერთადერთი, რაც შეიძლება ამ განზრახვას ეწოდოს, არის თვითნებობა, ხოლო “საბაბად საქართველოს მთავრობის არარსებულ გადაწყვეტილებაზე მითითება, ევროკავშირში ინტეგრაციის თითქოს შეჩერებასთან დაკავშირებით, უბრალოდ დეზინფორმაციაა“.

პაპუაშვილის განცხადებით, “იქ სადაც თვითნებობა და დეზინფორმაციაა, ვერ იქნება ევროპა“.

“თქვენო აღმატებულებავ,

გწერთ, დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ქალბატონი ბრიჯიტ კლინცკოვ იერკელის წერილის საპასუხოდ. მან წერილი საქართველოს პარლამენტის ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონ ლევან მახაშვილს გაუგზავნა. ქალბატონი იერკელი წერილში აღნიშნავს, რომ ის, ასევე, წერს დანიის პარლამენტის საფინანსო და საგარეო პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეების სახელით.

წერილიდან ირკვევა, რომ დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აპირებს, რომ არ მოიწვიოს საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის (COSAC) შეხვედრებზე, იმ მოტივით, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.

გასაკვირია, რომ ეს საკითხი საქართველოს დელეგაციის არმოწვევის საბაბად გამოიყენება, რადგან საქართველოს მთავრობას არასდროს განუცხადებია, რომ აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. პირიქით, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა შეასრულოს კანდიდატი ქვეყნის წინაშე არსებული მოთხოვნები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

დანიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თავის წერილში აღიარებს, რომ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, “აქვს უფლება, მოწვეული იყოს COSAC-ის შეხვედრებზე”. მართლაც, COSAC-ის რეგლამენტის 3.2 მუხლი ადგენს, რომ “თითოეული კანდიდატი ქვეყნის პარლამენტის სამი წევრი მოწვეული უნდა იყოს დამკვირვებლის სტატუსით COSAC-ის პლენარულ და რიგგარეშე შეხვედრებზე” და არ შეიცავს არანაირ რეგულაციას მათ მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

ამრიგად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს დელეგაციის მოწვევაზე უარის თქმა საქართველოს პარლამენტის COSAC-ის შეხვედრაში მონაწილეობის უფლების დარღვევაა. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ დანიის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების მიერ COSAC-ის რეგლამენტის დარღვევა ეწინააღმდეგება, უკანასკნელ პერიოდში სერიოზული გამოწვევების წინაშე მყოფი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ნორმებსა და სულისკვეთებას, და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხელშეკრულებებში განსაზღვრულ ფუნდამენტურ საყრდენებს.

თქვენო აღმატებულებავ,

მტკიცედ მჯერა, რომ ევროპული ინტეგრაციის არსი დიალოგისა და მოსაზრებების გაცვლის ხელშეწყობაში მდგომარეობს, და არა მათ დაბლოკვაში, განსაკუთრებით კი წესების დარღვევით.

მზად ვართ მომავალი თანამშრომლობისა და დიალოგისთვის.

გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას.

შალვა პაპუაშვილი“, - წერს გაგზავნილ წერილში შალვა პაპუაშვილი.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია