ირაკლი კობახიძე - საქართველო არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რეგიონში - მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ

მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და გავაძლიეროთ ქვეყნის სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიულად აქვს საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია და აღნიშნული როლი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი გარშემო მიმდინარე რთული მოვლენების ფონზე.

„საქართველოს ისტორიულად აქვს საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ისტორიულად ვაკავშირებდით ერთმანეთთან დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას და, დღეს, ეს როლი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი იმ რთული მოვლენების ფონზე, რაც ჩვენს გარშემო ვითარდება. არაერთი კონფლიქტია ჩვენს გარშემო. ამ პირობებში, საქართველო არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რეგიონში და შესაბამისად, საქართველო დღესაც ასრულებს განსაკუთრებულ როლს დაკავშირებადობის კუთხით. მომავალში კიდევ უფრო შეუძლია ქვეყანას ამ როლის გაძლიერება. ამისათვის ჩვენ ვაღრმავებთ პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან და მოგეხსენებათ, არაერთი ვიზიტი შედგა, მათ შორის, ჩემი მონაწილეობით ამ მიზნით. ასევე, ეკონომიკის მინისტრს გასული ერთი თვის განმავლობაში, არაერთი ვიზიტი ჰქონდა რეგიონის ქვეყნებში. სწორედ, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა ყველა ეს ღონისძიება და ინიციატივა. მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას იმისათვის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ. მათ შორის, დიდი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, პორტები, აეროპორტები და ა.შ. ყველა მიმართულებით, მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად გავუძლიეროთ მისი სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით“, - აღნიშნა პრემიერმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ