ირაკლი კობახიძე - 8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა - ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება

8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია - ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ „არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები“.

„პატივს მივაგებთ 2008 წლის ომში დაღუპულთა ხსოვნას. 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აგვისტოს ომში, მათ შორის ჩვენი გმირი სამხედროები და ჯარისკაცები, რომლებმაც დაიცვეს ჩვენი სამშობლოს ღირსება. ბუნებრივია, ჩვენი ვალია ყოველ წელს და მუდმივად პატივი მივაგოთ თითოეული მათგანის, ჩვენი გმირის ხსოვნას. რაც შეეხება ზოგადად აგვისტოს ომს, 8 აგვისტო ტრაგიკული თარიღია - ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესების კარნახით და არა გარე ძალების კარნახით. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმისთვის, რომ არ გამეორდეს ასეთი დანაშაულები და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს მშვიდობა იმისთვის, რომ დაცული იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო აგვისტოს ომი, რითაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. „დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა მაშინდელმა რეჟიმმა, მათ შორის, ეს არის ტალიავინის დასკვნა, რომელიც მაშინ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა მოიწონა, სადაც საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. ასევე არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც მაშინ დამტკიცდა ევროპის საბჭოს მიერ, პრაქტიკულად, ერთსულოვნად, სადაც საუბარია იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო. ასევე ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთი საქართველოში. ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან. ეს დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა აგენტურულმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი, რითაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ეს არის ღალატი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ