სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”
“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში
მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“
“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”
ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”
“ბოლო დროს სამხრეთ კავკასიაში პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება, ბევრი რამ ისე იცვლება, რომ თვალის მიდევნებაც კი გვიჭირს. აშკარად ჩანს, რომ რუსეთის გავლენა აზერბაიჯანსა და სომხეთში მნიშვნელოვნად სუსტდება, თუმცა ამაში კრემლის მეტი დამნაშავე არავინ არის. ჯერ იყო და, ყარაბაღის ბოლო ომისას სრულად მიატოვეს სომხეთი, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებისა და რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელთა დარბევითა და მკვლელობით კი ალიევს უბიძგეს ფორსირებულად ემოქმედა რუსეთის საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანზე აშშ-ის კონტროლის დამყარებას, ეს ძალიან კარგია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობითაც. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს დერეფანი საკმაოდ სპეციფიკური ტერიტორიაა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რისთვის უნდა მოემზადოს საქართველო უახლოეს წლებში?!
“ბევრისგან მოვისმინე უკვე, რომ თურმე ეს არის საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კრახი, რომ ამით ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია იკლებს და ა.შ. მე ამას ვერაფრით გავიზიარებ. ვიცნობ იმ ტერიტორიას, გამივლია ზანგეზურის დერეფანი მანქანით და შემიძლია გითხრათ, რომ იქ დიდი რაოდენობით ტვირთების გადასაზიდად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას დიდი დრო და თანხები დასჭირდება. ეს არის მთიანი საკმაოდ რთული რელიეფი. შესაბამისად, სატრანზიტო-სახმელეთო მოძრაობა ძნელი იქნება, თუ საერთოდ შეუძლებელი არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, აზერბაიჯან-სომხეთის, მეორე მხრივ, სომხეთ-თურქეთის საზღვრების გახსნა ბევრ რამეს შეცვლის, თუმცა თავდაპირველად ეს ვერ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ამას დრო დასჭირდება, თუ გვინდა ამ პერიოდისთვის მზად ვიყოთ, სასწრაფოდ უნდა გავააქტიუროთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის გაყვანა, ასევე დროულად უნდა დაიწყოს ანაკლიის პორტის მშენებლობა. მართალია, ჩვენი პორტები ჯერ უძლებენ მნიშვნელოვნად გაზრდილ ტვირთბრუნვას, მაგრამ მალე ნაკადები შესაძლოა ისეთი მასშტაბური გახდეს, რომ ამას ვეღარ აუვიდნენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“აქვე მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება - აშშ-ის მიერ ზანგეზურის დერეფნის გაკონტროლებაზე შეთანხმებამ პირდაპირ გააცოფა რუსი პროპაგანდისტები. მათი მტკიცებით, სომხეთმა დაკარგა ზანგეზურის დერეფანი. სხვები უფრო შორსაც წავიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ლამის სუვერენიტეტი დაკარგა ქვეყანამ. სამწუხაროდ, ამავე შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ ქართული სახელისუფლებო მედიისგანაც, რაც სამარცხვინო ხომ არის, მაგრამ, რაც მთავარია, ტყუილია. არანაირი დერეფანი და სუვერენიტეტი სომხეთს არ დაუკარგავს, ზანგეზური რჩება სომხეთის იურისდიქციაში და ამის გარანტორი თვით ამერიკის შეერთებული შტატებია, ისევე როგორც მთელი ამ სამშვიდობო შეთანხმებების შესრულების. დამერწმუნეთ, აშშ სომხეთის ინტერესებს იოტისოდენადაც არ შელახავს ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის უძლიერესი და უმდიდრესი სომხური დიასპორის გამო, განსაკუთრებით, ლოს-ანჯელესში”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩვენი მთავრობა პრორუსული კი არა, მშიშარაა. რასაც ისინი აკეთებენ, მშიშარა კაცის მოქმედებაა. როგორც კი რუსეთში ვითარება შეიცვლება, რაც დიდი ხნის ამბავი აღარ მგონია, საქართველოც ძირფესვიანად შეცვლის თავის პოლიტიკას... ვინმემ ამიხსნას, რა არის ეს "დიპ სტეიტი"! ყველაფერს აქვს საზღვარი, პირდაპირ რუსული პროპაგანდის გზავნილებს იმეორებს ჩვენი ხელისუფლება, თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობები არ ჰყოფნით ახლის მოსაფიქრებლად. რუსეთი რომ საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, თვითონ პუტინმა აღიარა, მან პირდაპირ თქვა, რომ საქართველოსთან ომისთვის მზადება მისი განკარგულებით ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. მე უფრო შორსაც წავიდოდი - როდესაც საქართველოდან რუსული ბაზები უმტკივნეულოდ გაიყვანა კრემლმა, აი, მაშინვე უნდა გვეფიქრა, თუ რა იდგა ამის უკან. აშკარა იყო, რომ გაცილებით უფრო მზაკვრული და სახიფათო გეგმა ჰქონდა პუტინის რეჟიმს. ისტორია ნელ-ნელა ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს. არა აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს ერთი თუ მეორე მთავრობა. ცხადია, ეს ომი რუსეთის ინსპირირებული იყო, იმ შემთხვევაშიც კი, სააკაშვილს რომ გაესროლა პირველად”, - განმარტავს ექსპერტი.
“მზია ამაღლობელის განაჩენი ყოვლად უსამართლო და მიუღებელია. ისე როგორ უნდა დაეცეს ქართველი კაცი, რომ ქალს ჯერ სახეში შეაფურთხოს, შემდგომ სილა მიიღოს და მერე ამის გამო უჩივლოს. მერე კიდევ დაჯდება სუფრასთან და მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს იტყვის, საქართველოსა და მანდილოსნებს გაუმარჯოსო... ფუი, ასეთ ქართველს! ქალბატონი მზიას გამძლეობა და ბრძოლის უნარი კი ნამდვილად სამაგალითოა, მე მისი სოლიდარული ვარ და მოვითხოვ მის გათავისუფლებას. რაც შეეხება ახობაძის ვერდიქტს, სამართლიანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი ბრალდება ჰქონდა წაყენებული, რომლის თანახმადაც, აქტივისტს, რომელიც აქციიდან ბრუნდებოდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკი უნახეს. გამოდის, მას არ ჰქონია ნარკოტიკი. მაშ, საიდან გაჩნდა ის და საერთოდ, როგორ შეიკერა ეს საქმე? ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. პირადად მე მოსამართლის ადგილას იმავე სასამართლოს სხდომაზე მოვითხოვდი იმ პოლიციელების დაკავებას, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებდნენ სასამართლოს სხდომებზე, რომ ახობაძეს ნარკოტიკი ჰქონდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, მგონი, მოსამართლეები ნელ-ნელა ფხიზლდებიან და იწყებენ ზრუნვას საკუთარ მომავალზე უკვე პოსტივანიშვილის ეპოქაში”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.
“რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს აუცილებელია ოპოზიციამ გამოკვეთოს ლიდერი, რომელიც თბილისში მაინც შეძლებს სერიოზული ბრძოლის გამართვას. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნების ბოიკოტი შეცდომა იყო, მაგრამ შეცდომის შემთხვევაშიც კი აუცილებელი იყო ერთიანობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბისმარკის სიტყვებს, რომ “თანმიმდევრული პოლიტიკა, თუნდაც მცდარი, ყოველთვის იმარჯვებს”. არ შეიძლება ასე ლერწამივით რყევა. მოსახლეობას სჭირდება დადებითი და მდგრადი კურსის ჩვენება. არადა, ერთიანი, ძლიერი კანდიდატის შემთხვევაში შესაძლებელია თბილისის მოგება... ჩემი შეხედულებით, ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი, აპოლიტიკური და პატიოსანი ადამიანი. აქედან გამომდინარე, დასახელებული კანდიდატებიდან ჩემთვის ყველა მიუღებელია. განსაკუთრებით მერაბ სეფაშვილის დასახელება იყო მოულოდნელი, ლაპარაკიც არ მინდა ამაზე. ბარემ ლელა კაკულია ხომ არ დაგვესახელებინა? მერაბი კარგი ადამიანი და საუკეთესო მომღერალია, მაგრამ ის არ არის იმ წონის ფიგურა, ვინც მოსალოდნელ მძიმე ბრძოლას მოიგებს. მოგეხსენებათ, "ქართულმა ოცნებამ" ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ თბილისის მერობის კანდიდატად კვლავ კახა კალაძე დაასახელა. ახლავე გეტყვით, რომ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”.
“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში
“ორშაბათს, მმართველი პარტია მთელი ქვეყნის მასშტაბით წარადგენს მერობის კანდიდატებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე კი აცხადებს, რომ მოქმედი მერების დაახლოებით ნახევარი შეიცვლება. ანალიტიკოსები ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, მათ შორის არის საკადრო წმენდის გაგრძელება. “ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბუნებრივი მოვლენა და ასევე, საკადრო წმენდის გაგრძელება წინა პრემიერის, ღარიბაშვილის დროინდელი კადრებისგან”, - ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ მერების ნაწილის შეცვლა რეგიონებში ირაკლი კობახიძის გუნდის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ირაკლი კობახიძემ 7 აგვისტოს, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენისას განაცხადა, რომ ორშაბათს მერებს დაასახელებენ, რომლებიც უმეტესად ახალი სახეები იქნებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში.
“მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულებულია და სავარაუდოდ ორშაბათს ერთიანად წარვადგენთ მერობის კანდიდატებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. არსებობს 2 კლასიკური კრიტერიუმი, ეს არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება. თითოეული მერობის კანდიდატი შეირჩევა სწორედ ამ კრიტერიუმებით. ჩვენ გვჭირდება ეფექტიანი მმართველობა. ხშირ შემთხვევაში მოქმედი მერები რჩებიან საკუთარ პოზიციებზე. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა გვეყოლება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი სახეები, ახალი კანდიდატები. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ 63-ვე რეგიონულ მუნიციპალიტეტში მოიგებენ ჩვენი კანდიდატები”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ მმართველი პარტია უახლოეს დღეებში წარადგენს მუნიციპალიტეტებში მერების კანდიდატებს და თქვა, რომ მერების ნახევარი შეიცვლება. ანჯაფარიძე ვარაუდობს, რომ ქვეყნის მასშტაბით შეფასდა მერების მუშაობის ხარისხი და ამის მიხედვით მიიღო “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვეტილება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ამის მიზეზი შეიძლება იყოს ბუნებრივი მოვლენა და ასევე, საკადრო წმენდის გაგრძელება წინა პრემიერის, ღარიბაშვილის დროინდელი კადრებისგან. ორივე მათგანს აქვს არსებობის უფლება. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ეს მერები მუშაობდნენ, მოხდა მათი მუშაობის შეფასება კრიტიკული კუთხით და შესაბამისად, შესაძლოა მიღებულ იქნება გადაწყვეტილება, რომ ის მერები, რომლებიც “ოცნების” ხელმძღვანელების აზრით, არასათანადოდ უძღვებოდნენ დაკისრებულ მოვალეობებს, ან ვერ მოახერხეს დავალებების შესრულება, რასაც მმართველი პარტიიდან ღებულობდნენ, მიიღეს გადწყვეტილება რაღაც ნაწილის შეცვლის თაობაზე. ალბათ გახსოვთ, რომ მანამდე საპარლამენტო არჩევნები იყო და ამ არჩევნებში ქალაქის მერებს ეკისრებოდათ გარკვეული როლი ამომრჩევლების მობილიზაციის თვალსაზრისით. ამის გარდა, შეიძლება არსებობდეს ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზეზი, მათ შორის ორგანიზაციული, ტექნიკური, ან თუნდაც სამუშაოს შესრულების ხარისხის მიხედვით, რამაც მიაღებინათ გადაწყვეტილება, რომ ის მერები, რომლებიც ამ მხრივ ვერ აკმაყოფილდებდნენ მათ სტანდარტებს, შეეცვალათ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“ეს ყველაფერი, ზოგადად, უკავშირდება ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციებს. მათ ქალაქებში ისეთი მერები სჭირდებათ, რომლებიც ყველანაირად იქნებიან გადამოწმებული და ასევე, ექნებათ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომ ადგილზე სიტუაციას გაუძღვნენ ისე, რომ “ოცნებამ” ამომჩეველი შეინარჩუნოს. მერის მუშაობაზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, მათ შორის ელექტორალური კუთხითაც. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ჩაბარებულ ქალაქზე იზრუნონ, არამედ ისიც, რომ უზრუნველყონ იქ “ქართული ოცნების” პოზიციების განმტკიცება. როგორც ჩანს, ყველა მერი ამას სათანადო დონეზე ვერ ახერხებდა”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“აქ არავითარი ბუნებრივი მოვლენა არ არის. ბუნებრივი სიტუაციები ხდება დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც გარკვეული პოლიტიკური ცვლილებები ხდება და შესაბამისად რეაგირებაც. აქ არის შემდეგი რაც მოსალოდნელი იყო, რომ ძლიერდება კობახიძის გუნდი ივანიშვილის კარზე. ამ ფონზე აშკარად იგრძნობა, რომ მოდის კობახიძის გუნდი. ეს ყველაფრით მტკიცდება და სწორედ არის ის მომენტი, რასაც საკრებულოებში ვხედავთ. მათ დაუთმეს თბილისი კალაძეს, ანუ კალაძე ცალკეა. როგორც ჩანს, სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან შეიძლებოდა ამას დაძაბულობა გამოეწვია. თუმცა, სამაგიეროდ,კობახიძე იღებს დანარჩენ საქართველოს. სამწუხაროდ, ოპოზიციას ეს საკითხები არ ესმის და სიტუაციას სულ სხვანაირად მართავენ. ჩვენ ალბათ ვნახავთ, რომ კობახიძის გუნდი დაწინაურდება რეგიონებში”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“
დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” ვაშინგტონში მიმდინარე პროცესებმა დააბნია და შეაშფოთა, რამაც აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტის განვითარებისთვის ექსკლუზიური უფლება მისცა. პროექტს “ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (თღIPP) ეწოდა. ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს. ასეთი მასშტაბის პოლიტიკური კონტროლის ცვლილება ამიერკავკასიასა და მასზე მიბმულ ჩრდილოეთ წინა აზიაში, რომელიც ისტორიულად ერთ გეოპოლიტიკურ არეალს წარმოადგენდა, ბოლო 100 წლის განმავლობაში მხოლოდ 6 ან 7-ჯერ თუ მომხდარა. დღეს საქმე გვაქვს ამერიკის პოლიტიკური კონტროლის მკაფიო ინტერვენციასთან”, - აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“.
“დიდი მიამიტობა იქნება, თუ ამ პროცესში კონსტრუქტორის როლში მოვიაზრებთ აზერბაიჯანს, სომხეთს ან თუნდაც თურქეთს და მათ ელიტებს მივაწერთ მიღწევებს. არ უნდა დაგვავიწყდეს დრამატული ტრანსფორმაციის ციკლი, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განვითარდა. ზანგეზურის კორიდორი, რომელიც ახალი პოლიტიკური კონტროლის ერთგვარი “პირმშოა”, თავდაპირველად რუსული გავლენის ობიექტად მოიაზრებოდა. ეს განისაზღვრა იმ შეთანხმებით, რომელიც 2020 წელს გაფორმდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როდესაც კორიდორის კონტროლი და მენეჯმენტი რუსეთის ხელში უნდა ყოფილიყო. შემდეგ თურქულ-აზერბაიჯანულმა ტანდემმა სომხების აქტიური მონაწილეობით რუსები ამოაგდეს პროცესიდან და საქმეების განმკარგველად თურქეთი ჩადგა. ახლა კი ირკვევა, რომ ამერიკელებმა თამაშიდან თავად თურქეთიც ამოაგდეს და “ტრამპის კორიდორად” მონიშნეს. ეს ნიშნავს გლობალურ, ტოტალურ რენოვაციას არსებული სიტუაციისას. ჩემი ინფორმაციით, თურქული ელიტა კატასტროფულად იმედგაცრუებულია, მაგრამ ტრამპს ვერ ედავებიან. შეთანხმების თანახმად, ეს ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო სტამბოლში, ერდოღანის მონაწილეობით. თუმცა ბოლო კვირების დრამატული ტრანსფორმაციის შედეგად, მოცემულობა სრულად შეიცვალა", აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“ ეს ყველაფერი ჩვენს ინტერესებში ჯდება, იმიტომ, რომ რუსეთის დასუსტებისა და რეგიონის რუსეთისგან გათავისუფლებით შექმნილ ვაკუუმს ავსებს არა თურქეთი, არამედ ამერიკა. რეგიონში ახალ პოლიტიკურ კონტროლს საქართველოს ხელისუფლება ვერ აღუდგება წინ. ეს იმდენად თვალში საცემი რეალობაა, რომ ყველაზე მიამიტი დამკვირვებელიც მიხვდება - ამერიკის ინტერესებს საქართველო კი არა, რუსეთიც ვერ აღუდგება წინ. ჩვენი რეგიონით ამერიკის ელიტის დაინტერესება ახალი ამბავი არ არის. უბრალოდ, ახლა ზანგეზურის დერეფნის კონტექსტში ამ ინტერესმა სამართლებრივი ინსტიტუციონალიზაცია მიიღო. ფაქტობრივად, ამერიკის ელიტა ახლა თითქმის საუკუნოვან პოლიტიკურ პლაცდარმს იკეთებს. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ ამ პროცესს თავი ავარიდოთ და ჩავიკეტოთ რუსეთთან ერთად, აბსურდია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“საქართველო ამ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების მონაწილე უნდა იყოს, თავის ინტერესებზე უნდა იფიქროს და კონკრეტული შედეგი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მძიმე შედეგს, რომლის გამოსწორებასაც ათწლეულები დასჭირდება. უნდა შევხედოთ ფართო სურათს: რუსეთი პოლიტიკური გავლენის თითქმის ყველა სივრციდან ამოაგდეს - სამხრეთ სუდანიდან, ლიბიიდან, სირიიდან, შუა აზიიდან, უკრაინიდან და სხვა რეგიონებიდან, სადაც “ვაგნერი” რუსეთის სახელით აქტიურობდა. გამოდის, რუსეთს მხოლოდ საქართველო რჩება? ისტორიაში არსებობდა იმპერია, რომელსაც მხოლოდ ერთი კოლონია ჰქონდა? პატარა საქართველო ვერ იქნება ერთადერთი კოლონია, რომლის საფუძველზეც რუსეთის იმპერია საბჭოთა კავშირის აღდგენას მოახერხებს. ამას გარდა, სად არის გარანტია, რომ ამერიკის ელიტა შეეგუება საქართველოს ხელისუფლების რუსეთისადმი სატელიტურ განწყობებს? ხედავთ ამის ნიშნებს?” - ამბობს ანალიტიკოსი.
“დროა სიმართლე ვთქვათ - ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვუყურებდით პოლიტიკურ ფარსს. რეალურად საქართველოს არასოდეს ჰქონია ამერიკელებთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა - არც მაშინ, როცა ავღანეთსა და ერაყში ჯარს გზავნიდა და არც მას შემდეგ. პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებებს ასეთი ფარსის მოწყობა შეეძლოთ მანამდე, სანამ ამერიკა რეგიონში არ იყო აქტიურად შემოსული. ახლა, როცა ამერიკა შემოდის, ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისთვის ანტიამერიკული კურსის გატარება გაცილებით სარისკოა, ვიდრე ადრე იყო. მაგალითისთვის ავიღოთ არაბული სამყარო: რამდენად არის შესაძლებელი რომელიმე არაბული სახელმწიფოსგან ანტიამერიკული კურსის გატარება, როცა თითქმის ყველა მათგანში ამერიკული სამხედრო ბაზებია? ამიტომ ინგრევა წინა აზიაში თითქმის ყველა ანტიამერიკული სახელმწიფო. ამერიკა იქ უკვე მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ ფაქტორად იქცა. მალე აქაც ასე იქნება და ჩვენი პოლიტელიტისთვის ანტიამერიკული კურსის არჩევა იმდენად დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული, რომ გამორიცხულია რაიმე გაბედონ. უბრალოდ, მათ არ სჯეროდათ, რომ ამერიკა რეგიონში რეალურად შემოვიდოდა”, - დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.
“რუსეთმა იცის, რომ ამიერკავკასიას და, შესაბამისად, საქართველოსაც, უპირობოდ კარგავს. ამიტომ ცდილობს გააცოცხლოს ძველი იდეა, რომლის მიხედვითაც საქართველო უნდა დარჩეს პოლიტიკური კონფედერაციის ფორმატში, სადაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მნიშვნელოვანი ავტონომიური გავლენა ექნება. მე მაქვს ამ ხელშეკრულების წინასწარი ტექსტი წაკითხული და ვიცი, რაც წერია - ფაქტობრივად, საქართველო უნდა გადაკეთებულიყო სამ რესპუბლიკად - ოსეთის, აფხაზეთის და საქართველოს კავშირად, რომელსაც სამხრეთი კავკასია დაერქმეოდა, მართვის ბლოკი კი ამ ავტონომიების გავლით სრულად უნდა გადასულიყო რუსეთის ხელში. ახლა რუსები ცდილობენ ასეთი მეთოდით დაეწიონ რეგიონულ მატარებელს, რომელიც უკვე ჰორიზონტიდან ეკარგებათ და საქართველოს ხელისუფლებაც ჩაითრიონ სრულ აბსურდში. სისულელე იქნება, რომ ამ სატყუარების სანაცვლოდ ვაღიაროთ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს თანატოლად. სანაცვლოდ რას მივიღებთ? აბსოლუტურად არაფერს! ჩვენ ახლა მშვიდად უნდა დაველოდოთ რუსეთის ამიერკავკასიიდან წასვლას და მისი დაუძლურების გარდაუვალ პროცესს. აფხაზებს და ცხინვალს კი მაშინ უნდა მივხედოთ, როცა რუსეთს ჩვენთვის ზიანის მოყენების შესაძლებლობა აღარ ექნება” , - დასძენს მირიანაშვილი.
“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”
“ნაცმოძრაობამ” საარჩევნო ნომერი დაკარგა, პარტია 20 წელზე მეტია ყველა არჩევნებში N5-ით გამოდის და ფაქტიურად, ეს თავის ერთგვარ ბრენდადაც აქცია. რამდენიმე დღის წინ ენმ-მ და “კოალიციამ ცვლილებებისათვის”, რომელთაც 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის ბოიკოტი აქვთ გამოცხადებული, ცესკოს ოფიციალურად მიმართეს საარჩევნო ნომრები შენარჩუნების თხოვნით, თუმცა, 9 აგვისტოს ცესკო-მ მათი ნომრები ლოტოტრონის პრინციპით გაანაწილა და სხვა პარტიებს მიაკუთვნა. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით მსგავსი რამ 13 წლის წინ თავად ხელისუფლებაში მყოფმა ენმ-მ გაუკეთა “ქართულ ოცნებას”. ანალიტიკოსთა შეფასებით, ნომრის ჩამორთმევა ამომრჩეველთა იმ ნაწილში შეიტანს დაბნეულობას, რომლებიც არ არიან ინფორმირებულები, თუ ვინ იღებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა. კონსტიტუციონალისტების თქმით კი, კანონი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და ამ პარტიებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისას ნომრების დაბრუნების საშუალება მიეცემათ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”.
“ცესკო-მ შაბათს გამართულ სხდომაზე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. საარჩევნო ნომრები ასევე დაკარგეს “სტრატეგია აღმაშენებელმა” (N1) და „ევროპულმა საქართველომ“ (N2). როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის არ მიუმართავთ. თვითმმართველობის არჩევნებზე, ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ნომრები შეუნარჩუნდათ “პატრიოტთა ალიანსს”, “ძლიერ საქართველოს”, პარტიას “გახარია საქართველოსთვის”, “გირჩსა” და “ქართულ ოცნებას”. ამავე დღეს გამართული წილისყრის საფუძველზე, 4 ოქტომბრის არჩევნებზე N5-ით “ჩვენი გაერთიანებული საქართველო” მიიღებს მონაწილეობას, ხოლო N4-ით - “ქართველ ერთობა”. ენმ-ში ნომრების დაკარგვას არასამართლიანად მიიჩნევენ, თუმცა დასძენენ, რომ “როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება”, ნომრები “პატრონებს” დაუბრუნდებათ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო ბლოკს “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება” თავის ნომრად “7” ჰქონდა არჩეული. მათ სწორედ ამ ნომრით დაიწყეს საარჩევნო კამპანია, დაბეჭდეს შესაბამისი ბუკლეტები და პლაკატები, დაარიგეს მაისურები და ა.შ. თუმცა, მაშნდელმა ცესკო, 2012 წლის 20 აგვისტოს “ოცნებას” საარჩევნო ნომრად მიენიჭა “41”. მაშინდელი ცესკო-ს განმარტებით, “იმისთვის, რომ საარჩევნო ბლოკს დაეტოვებინა მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი (7), ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონოდა მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განსაზღვრულიყო წილისყრით”. “ქართულ ოცნებაში” ცესკოს ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და საარჩევნო კანონის ინტერპრეტირებაშიც დასდეს ბრალი. დღევანდელი ცესკო-ს მიერ 9 აგვისტოს სხდომასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგისტრაციის ნომერი მხოლოდ ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას შეუნარჩუნდა, დანარჩენებს კი წილისყრით მიენიჭათ”, - განაგრძობს გამოცემა.
„4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მომართა - 17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, სათანადო პროცედურის დაცვით, ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება, ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება ელექტორატის დასაბნევად. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კი მიიჩნევს, რომ კანონი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რის მიხედვითაც, თუ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა, მისი ნომერიც მოხვდება გათამაშებაში და შესაძლოა მათი ნომრებიც ჩაიყაროს გათამაშებაში, ვინც კონკრეტულ არჩევნებში არ მონაწილეობს”, - დასძენს გამოცემა.
“ეს არის არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ნომერი 5 “ნაცმოძრაობასთან” ასოცირდება. ამას “ქართული ოცნება” მარტივი მიზეზის გამო აკეთებს - რომ დაბნეულობა შეიტანოს ამომრჩეველში. იქნება ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც არჩევნებზე მივა და თუ არის “ნაციონალების” მხარდამჭერი, ის ყველა ვარიანტში N5-ს შემოხაზავს. რაიმე სერიოზული სამართლებრივი საფუძველი ამ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა არ აქვს. უფრო ლაპარაკია გაუთვითცნობიერებელ ამომრჩეველზე, რომლამდეც ხმას ენმ ვერ მიაწვდენს. ეს ძალიან მარტივი გადასამოწმებელი იქნება, რადგან შედეგების მიხედვით გამოჩნდება ამ ახალმა “N5”-მა ხმების რა რაოდენობა აიღო. არც ვიცი ვინ არიან და არ მგონია, რომ საქართველოში ვინმემ იცოდეს იმ პარტიებზე, რომელსაც “4” და “5” მიენიჭა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“პარტიას უფლება აქვს შეინარჩუნოს თავისი ნომერი, ან აირჩიოს ისეთი, რომელიც ჯერ განაწილებული არ არის. არჩევანის უფლება კი განისაზღვრება შემდეგი რიგითობით - ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით ვინც ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღო, მერე ამ დაფინანსებაში მეორე ვინ იყო, მესამე და ა.შ. ასევე წერია, რომ თუ რომელიმე პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა, მაშინ მისი ნომერი გათამაშებაში მოხვდება. როგორც ჩანს, აქ ხდება ინტერპრეტირება იმისა, რომ თუ პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდა, ესე იგი არჩევნებში ეს პარტია არ მონაწილეობს და მისი ნომერიც შეიძლება გათამაშედეს. ამ შემთხვევაშიც კი, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ამ ორ პარტიას უფლება ექნება მოითხოვონ თავიანთი ნომრები, რადგან ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგები”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.
"ბოლო არჩევნების შედეგები საეჭვო კია, მაგრამ ეს შედეგები ისეთია, რომ ამ ორ პარტიას საარჩევნო ზღურბლი აქვს გადალახული, მათ დაფინანსების უფლება მიიღეს, თუმცა უარი თქვეს დაფინანსებაზე. აქ ისევ ინტერპრეტაცია დაიწყება, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ პარტიამ მიიღო დაფინანსების უფლება, ეს უკვე მას საშუალებას აძლევს, რომ ნომერი აირჩიოს. ჩვენთან ნომერს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რადგან უფრო ადვლი დასამახსოვრებელია, ვიდრე პარტიის სახელი, თორემ თუ პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს, მაშინ ის ნომერი, რომელიც მას ჰქონდა, რატომ უნდა ჰქონდეს საშვილიშვილოდ რომელიმე კონკრეტულ პარტიას? სიმართლე გითხრათ, ამას ამხელა მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, თუმცა ფსიქოლოგიური მომენტი არის ის, რომ უფრო ადვილად დამახსოვრებადია. საპარლამენტო არჩევნების დროს მათ უფლება ექნებათ კვლავ თავისი ნომერი მოითხოვონ, რადგან ნომრის არჩევის პრივილეგია განისაზღვრება საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით. ანუ ამ არჩევნებში ამ ნომრით მიიღებს მინაწილეობას ის, ვინც წილისყრის დროს ეს ნომერი ამოიღო, მაგრამ ისინი ამ ნომერს ვერ შეინარჩუნებენ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დროს, თუ ამ ორმა პარტიამ (ენმ და “კოალიცია ცვლილებებისათვის”) თავისი ნომრის შენარჩუნება მოინდომა”, - დასძენს ხმალაძე.
ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”
“6 აგვისტოს სასამართლოში ორი ფაქტი მოხდა: პირველი - გიორგი ახობაძე გაათავისუფლეს და მეორე - მზია ამაღლობელის მუხლი გადააკვალიფიცირეს და 2 წელი მიუსაჯეს. ეს ორი ფაქტი მნიშვნელოვანია დასკვნების გამოსატანად. ავტორიტარული რეჟიმები ძალიან ხისტები არიან და მანევრირების ნაკლები უნარი აქვთ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ავტორიტარულ სისტემაში, სადაც ყველაფერი ერთ პირზეა ჩამოკიდებული, ამიტომ ეს ორი ფაქტი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთი მედლის ორი მხარე. საერთაშორისო ზეწოლიდან და ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამომდინარე, “ოცნება” ცდილობს სასამართლოს სახე შეუნარჩუნოს. ამისთვის აუცილებელი იყო ასეთი გამამართლებელი ნაბიჯის გადადგმა. გიორგი ახობაძის საქმე არ ეხებოდა ადამიანის უფლებებს, ის არც მედიის და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია, არც პოლიტიკური ფიგურა. ახობაძის სისხლის სამართლის საქმე ნარკოდანაშაულთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მისი გამართლება “ოცნებას” ნაკლებ ზიანს მოუტანდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”.
“იმავეს ვერ გააკეთებდნენ მზია ამაღლობელის საქმეზე - თუ მზიას გაათავისუფლებდნენ, ეს ჩაითვლებოდა, რომ მოხდა ზეწოლა ხელისუფლებაზე, მან უკან დაიხია. რაც ასეთ ვითარებაში გამოიწვევს ვერტიკალის რღვევას, რასაც ემყარება “ოცნების” ხელისუფლება. ახობაძეს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს იმის საჩვენებლად, რომ სასამართლო მუშაობს. მზიას საქმეშიც ფაქტობრივად იგივე მოხდა, გადაუკვალიფიცირდა, შეუმსუბუქდა მუხლი, მაგრამ ციხეში დატოვეს. არც ის მეგონა, რომ გიორგი ახობაძეს გაათავისუფლებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, რომ დემოკრატობანა ეთამაშათ და ეს გამოსავალი მოძებნეს. “ქართულ ოცნებაში” მშვენივრად იციან, უკვე უკან დახევა მთლიანად სისტემას ჩამოშლის. გულუბრყვილო უნდა იყო, დაიჯერო, რომ მართლა მოსამართლეებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილებები. ეს ფაქტი რეზონანსს გამოიწვევს სახელისუფლებო წრეებშიც. ახლა, რასაც “ოცნება” კორუფციასთან ბრძოლას უწოდებს, მარტო იმისთვის არ არის, რომ პარტიას ფული შემოაკლდა, აქ მეორე ფაქტორია - იმ ხალხმა, ვინც ამ საქმეებში გარეულია, მათ შორის მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, უნდა იცოდეს, რომ თუ რაღაცას ისე არ გააკეთებენ, როგორც საჭიროა, მათაც მოუძებნიან საფუძველს და შეიძლება მათზეც აღძრან სისხლის სამართლის საქმეები.”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ეს რეპრესიები ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ორლესული მახვილივითაა - ერთი მხრივ, ეს დაშინებაა, ჩუმად იყავით, თორემ პასუხს აგებთო; მეორე მხრივ, არის ფული. რატომაც არა, სჭირდებათ! აი, ეს არის დღეს “ოცნების” მთელი პოლიტიკა. მზიას გათავისუფლებას არავინ, არც ხელისუფლების მხარდამჭერები და არც ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა, არ აღიქვამდა, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს იქნებოდა ნიშანი, რომ ხელისუფლება ზეწოლის გამო იძულებული გახდა უკან დაეხია, მით უმეტეს, როდესაც 24 დიპლომატი პროტესტს გამოთქვამს და ითხოვს ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ასეთ ვითარებაში “ქართულ ოცნებას” და, საზოგადოდ, ავტოკრატიულ რეჟიმებს, არა აქვთ ხოლმე რესურსი, ამიტომაც ყოველთვის მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ფაქტია, რეჟიმმა შეარბილა დამოკიდებულება და გადააკვალიფიცირა მუხლი. 8 თვე უკვე გასულია, მას შემდეგ, რაც მზია დააპატიმრეს, წელიწად-ნახევარი დარჩა. ამას შესაძლოა კიდევ რაღაცები გამოაკლდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს პრეზიდენტმა ყაველაშვილმა შეიწყალოს ყველა დაპატიმრებული. ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება დამოკიდებულება იმ ახალგაზრდების მიმართ, რომელთა სასამართლო პროცესებიც ახლა მიმდინარეობს. აქაც პრობლემა აქვს “ქართულ ოცნებას”, ძალიან მძიმე დღეშია და რა გამოსავალს იპოვის, არ ვიცი. ალბათ, სასამართლო პროცესები გაჭიანურდება და 4 ოქტომბრის შემდეგ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას, ან ამნისტიას გამოსცემენ, ან პირდაპირ პრეზიდენტი შეიწყალებს. თუმცა შესაძლოა შერჩევითად გაათავისუფლონ. ახლა “ოცნების” ამოცანაა სრული ბატონობის მოპოვება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“მოსამართლემ მზია ამაღლობელს მიმართა, შეგიძლია შეწყალების თხოვნით მიმართო პრეზიდენტსო. რა თქმა უნდა, მზია არ მიმართავს, მაგრამ პრეზიდენტს ეს არ სჭირდება, ისედაც შეუძლია შეიწყალოს ეს ხალხი. ის, რომ გიორგი ახობაძის მსგავსად, შეიძლება კიდევ ვიხილოთ დარბაზიდან გათავისუფლებული სინდისის პატიმრები, ამის მიზერული შანსია. შეიძლება საპატიმრო მუხლები გადაუკვალიფიცირდეთ და სასჯელი შეუმსუბუქდეთ. ვნახეთ პროპაგანდისტული მესიჯები - იქ, სადაც გამოძიებამ ვერ დადო უტყუარი მტკიცებულებები, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილებაო. ახლა ხელისუფლება შეეცდება საზოგადოებრივი აზრი შეისწავლოს, თუ როგორი განწყობა გააჩინა ახობაძის გათავისუფლებამ საზოგადოებაში. თუ ეს აღიქმება როგორც ხელისუფლების უკან დახევა, არ გამოვრიცხავ, რომ სააპელაციო სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ ყველა პატიმარი გამოვა, ერთხანს იქნება ეიფორიული განწყობა, ყველა გამოვა ქუჩაში, მაგრამ არის მეორე ვარიანტიც - თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, მაშინ შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“თუმცა ამას ვერ გააკეთებს ხელისუფლება. მაშინ ამას უნდა მოჰყვეს სამთავრობო ცვლილებები, ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩაატაროს - ეს საკითხი ხომ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან?! არჩევნების ჩატარების შემთხვევაში რა შანსი აქვს ხელისუფლებას? რა თქმა უნდა, საკმაო რაოდენობის წარმომადგენლობა ეყოლება პარლამენტში, მაგრამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, რაც ნიშნავს, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, მისთვის კი ძალაუფლებაა მთავარი. ამ კრიზისიდან გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა. - ივანიშვილის კი არა, ის არსად არ წავა, მთავრობის წევრებს ვგულისხმობ. ახალი გუნდი უნდა ჩამოყალიბდეს და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, შეწყვიტონ “დიპ სტეიტზე~ ლაპარაკი და ევროპული კურსი დააბრუნონ - აი, ეს განმუხტავდა სიტუაციას. თუმცა ამის გამკეთებელი “ქართული ოცნება” არ არის. ჩემთვის ძალიან კრიტიკულია 4 ოქტომბერი, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ოპოზიციაზე, თუ სისულელეებს არ ჩაიდენს”, - ამბობს რესპონდენტი.
“იმედია, დემოკრატიის ნაცვლად დიქტატურას არ მივიღებთ - ესეც ოპოზიციაზეა დამოკიდებული. ოპოზიცია მთავრობის მშვიდობიან დამხობას აანონსებს და თანაც 2003 წელი მოჰყავს მაგალითად. ასეთი ზოგადი პარალელების გავლება არ შეიძლება, არ დაგვაყენებს ეს სწორ გზაზე... “ოცნებას” ეშინია დასავლეთის ზეწოლის, უვიზო მიმოსვლის გაუქმების, “მეგობარი აქტის”. როდესაც პროცესები დაიწყება, ეს ხალხში გამოიწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას. დღეს რეალობა ასე ყალიბდება - თუ არა ვართ ევროპასთან, მაშინ ვართ რუსებთან. არანაირ ნეიტრალიტეტზე საუბარი არ შეიძლება. როგორც არ უნდა დასრულდეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, მას აუცილებლად ექნება გაგრძელება “ცივი ომის” სახით. ჩვენი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ ქვეყანაში ელემენტარული დემოკრატიული სივრცეები შეიქმნას”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელს ჰქონდა ფურცელი წარწერით “სილა რეჟიმს”... - პასუხობს:
“ქართული ოცნება” არ ელოდებოდა მზია ამაღლობელისგან ასეთ ქმედებებს. ფიქრობდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ მზიას რაღაცაზე დაითანხმებდნენ, თუნდაც იმაზე, რომ ის პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვდა, მაგრამ მან არ გადადგა ასეთი ნაბიჯი. ეს მართლაც სილაა რეჟიმისთვის, გაცილებით მეტიც, ვიდრე სილის გაწვნა, იმიტომ, რომ ამას მოჰყვა რეზონანსი მთელ ცივილიზებულ სამყაროში და ჩვენი პარტნიორები ახლა მზიას შესახებ ყველგან საუბრობენ. შესაბამისად, გაძლიერდა ზეწოლა ხელისუფლებაზეც. საბოლოოდ რა შედეგი იქნება, ვერ გეტყვით, ვფიქრობ, 4 ოქტომბრამდე არც არაფერი, მაგრამ არჩევნების შემდეგ აუცილებლად იქნება ცვლილებები”.