ევროკავშირის ლიდერები - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უკრაინისა და ევროპის ინტერესები უნდა დაიცვას

ჩვენ, ევროკავშირის ლიდერები, მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომის დასრულებისა და უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიმართულებით, - ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპელი ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოიტანს, უნდა იცავდეს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და იმას, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს.

„უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში შეიძლება წარიმართოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს უფრო ფართო შედეგები მოაქვს ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

„ვიზიარებთ იმ რწმენას, რომ დიპლომატიურმა გადაწყვეტამ უნდა დაიცვას უკრაინისა და ევროპის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესები. ევროკავშირი, აშშ-სთან და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან კოორდინაციით, გააგრძელებს უკრაინისთვის პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის გაწევას, რადგან უკრაინა ახორციელებს თავდაცვის თანდაყოლილ უფლებას. ის ასევე გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაცვას და დაწესებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი სამომავლო უსაფრთხოების გარანტიის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს ის, რომ უკრაინამ ეფექტურად შეძლოს თავის დაცვა.

„ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები მზად არიან, შემდგომი წვლილი შეიტანონ უსაფრთხოების გარანტიებში მათი შესაბამისი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გარკვეული წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სრული პატივისცემით და ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით ხელი მხოლოდ უნგრეთმა არ მოაწერა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ