მეუფე იაკობი - რუსები თუ ტერიტორიით გვემუქრებიან, უცხოეთი ან ევროკავშირი - ვიზებს ჩამოგართმევთო - თქვე დალოცვილებო, ვერ გაგვიცანით, ვინ ვართ ქართველები? არც რუსის გვეშინია, არც თქვენი გვეშინია

რუსები თუ ტერიტორიით გვემუქრებიან, უცხოეთი ან ევროკავშირი - ვიზებს ჩამოგართმევთ და მერე წამოსვლის პროცესს გაგირთულებთო - თქვე დალოცვილებო, ვერ გაგვიცანით, ვინ ვართ ქართველები? არც რუსის გვეშინია, არც თქვენი გვეშინია და არც არავის გვეშინია! - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ფერისცვალების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

„ხან რომელი დამპყრობელი დაგვიპყრობს ხოლმე, ხან რომელი გვიტევს, ხან რა ჩამოვარდება და ახლაც თუ შევხედავთ, მაგალითად, ჩვენი ტერიტორიის 20% რუსებს დაპყრობილი აქვთ, თითქოს მიწები არ ჰყოფნიდეთ, ცოტა ჰქონდეთ. 20% იმათ აქვთ დაპყრობილი და რა მდგომარეობაში ვართ - ელოდებიან, რაღაც ნაბიჯი გადადგა, რომ უფრო მეტზე წამოიწიონ, თუ მთლიანად არა, კიდევ მეტზე წამოიწიონ.

მეორე ალტერნატივა, რა გვაქვს - ნატო და ევროპისკენ მივდიოდით, გაცხადებული იყო, კონსტიტუციაშიც ჩაიწერა და სანაცვლოდ, რას ვიღებთ? რუსები თუ ტერიტორიით გვემუქრებიან, უცხოეთი ან ევროკავშირი - ვიზებს ჩამოგართმევთ და მერე წამოსვლის პროცესს გაგირთულებთ, რომ შემოიტანთ ან მოგცემთ, ან არაო. იქეთ მიწები, აქეთ უვიზო მიმოსვლა. არც მიწებს დავთმობთ, კარგად იცოდნენ, და აუცილებლად დავიბრუნებთ მიწებს!

ოჯახური ღირებულებები რად გინდაო, მარტივად რომ ვთქვათ, მაგის პრობლემა არ გიდგათ ქართველებსო. უმცირესობის პროპაგანდა იყოს, მაგაში საშიშროება არ არისო, მაგაზე დაგვიჯერეთ და ვიზებს არ წაგართმევთ, ვიზები გექნებათო. დამეხმარება მაგით ღმერთისკენ სიარულში? აი, მაგაზე დავფიქრდეთ. ჩვენი ერისთვის სიკეთე გვინდა და ხალხისთვის რაც უფრო იოლი იქნება ცხოვრება, ოღონდ არა იმის ხარჯზე რომ ღმერთს უღალატო... თქვე დალოცვილებო, ვერ გაგვიცანით, ვინ ვართ ქართველები? არც რუსის გვეშინია, არც თქვენი გვეშინია და არც არავის გვეშინია!

თუ უარს ვიტყვით ოჯახურ ღირებულებებზე, ბავშვების დაცვაზე პროპაგანდისგან, ქრისტეს და ღმერთის მცნებების წინააღმდეგ წავალთ, ხომ?! კონკრეტულ შემთხვევაში „არა იმრუშოთ“ მცნების წინააღმდეგ წავალთ“. ჩვენ ხომ არავის ვეუბნებით, „ასე იცხოვრე, ისე იცხოვრე“, შენც ნუ მახვევ თავზე, ვიღაც იმას. მე თუ უნდა მოვუსმინო უმცირესობას, ქართველი ერი უმცირესობაშია მსოფლიოში, ერთადერთი ერი ვართ, რომელიც ამას ვიცავთ, კბილებით გაგვაქვს და არ დავთმობთ. ჩვენი ისტორია ამას უყურებს, ამიტომ კეთილი ინებეთ და თუ გინდათ ჩვენთან, ნაღდი, ჭეშმარიტი ურთიერთობები გქონდეთ, ჩვენც გვექნება, ჩვენც ვიცით ადამიანების დაფასება. რაც კარგია თქვენთან, მივიღებთ. რაც ჩვენთან კარგია, გაგიზიარებთ, ცუდს არ მივიღებთ არც თქვენგან და არც არცერთი დამპყრობლისგან ვიღებდით, საერთოდ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ყველას ერთმანეთი სჭირდება მსოფლიოში.

„ჩვენ არ გვინდა ან ავღანელებივით სასტიკ პირობებში მოვხვდეთ, ან უკრაინელებივით. „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის“ და არ გვინდა ვიღაცებმა გვიწყვიტონ საქმე. ღმერთმა ყველა ერი დალოცოს, მშვიდობა იყოს მსოფლიოში და ერთს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ - ვინც ჩვენ წინააღმდეგ წავიდა, გადახედოს, როგორ არიან ის ქვეყნები. გადახედონ და არავის არ ვურჩევ! ჩვენ არ ვართ შურისმაძიებელი, ღმერთს უფრთხოდნენ, შეეშვან ღმერთის ერს, ახალ ისრაელს შეეშვან!“-განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ყველგან ომია და „წესიერად რომ მოვიქეცით, დაგვიცვა, [ღმერთმა]“.

„ყველგან ომია და მაინც დაგვიცვა, როგორადაც აურიონ, მაინც ვერ ურევენ. საწყალი, ჩვენთანაც, ვინც თანამოაზრეები ჰყავთ, სანამ ყველას, ალბათ, ან ციხეში არ ჩააჯენენ... ჩვენც, რა ვიცი, ჩვენც რას გვიპირებენ ახლა, ვერ გავიგე და მაინც ყველაფერი კარგად იქნება ღვთის შეწევნით. მე ვფიქრობ, უნდა მივხვდეთ ქართველები, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება არ შეიძლება, სულელების როლში ნუ გამოვალთ და ვიღაცების სათამაშოები ნუ გავხდებით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა და დასძინა, რომ „ძველად, თუ რუსების მონობა უნდოდათ, დღეს კიდევ ჩვენ, არავის მონობა არ გვინდა“.

მისივე თქმით, ქართველები არავის სათამაშოები არ გახდებიან.

„ძლიერ იმპერიებთან რატომ მინდა ურთიერთობა? იმიტომ, რომ ჩემი თვითმყოფადობა დავიცვა და დამეხმაროს და დანარჩენი, რაც ზოგადსაკაცობრიოა, ერთად ვიშრომოთ. მშვიდობისთვის ერთად ვიზრუნოთ, მაგრამ თქვენი, არავის სათამაშო არ გავხდებით ქართველები. ვინც სათამაშოები არიან, პოლიტიკოსები თუ ახალგაზრდობა, მე ვთხოვ, რომ დაუფიქრდნენ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია