შალვა პაპუაშვილი - კონსტიტუციის მიღების დღიდან, დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო - საქართველო შედგა როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა

დღეს საქართველოში დიდებული დღეა. დღეს ჩვენ გვაქვს პატივი ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუციის მიღების დღე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კონსტიტუციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, 1995 წლის 24 აგვისტო იქცა წყალგამყოფ თარიღად, როდესაც, ერთის მხრივ, დასრულდა საქართველოს მიერ სახელმწიფოებრიობის შექმნის მცდელობის საუკუნე და დაიწყო, დაიბადა ახალი რესპუბლიკა. შეიქმნა კონსტიტუცია, რომელიც საფუძვლად უნდა დადებოდა შემდგომი თაობების თავისუფალ ცხოვრებას.

მისი თქმით, კონსტიტუციის მიღება ყველა ერის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, თავისუფლების, ზრდასრულების და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნიშანსვეტი.

,,ზუსტად სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში, პარლამენტის დროებით დარბაზში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღეს საქართველოს კონსტიტუცია.

ბუნებრივია, რომ საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობის მტრები ვერ შეეგუებოდნენ ქვეყნის ახლიდან დაბადებას. სწორედ ამიტომ, კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში, 29 აგვისტოს, როდესაც უნდა გამართულიყო კონსტიტუციაზე ხელმოწერის ცერემონია, იმელის ეზოში აფეთქება გაისმა. იმ დღეს, 30 წლის წინ განგებამ დამოუკიდებელი საქართველო ახალ ქაოსს გადაარჩინა. ამ აფეთქებამ დაასრულა საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა პერიოდი საქართველოში, შიდა აშლილობა, სამოქალაქო ომი და ანარქია.

ამ დღიდან, დამარცხებულმა, დანგრეულმა, სეპარატიზმით გათიშულმა, ნაომარმა და დაღლილმა ქვეყანამ თავის ხელში მთელი ძალა მოიკრიბა და ახალი სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო.

კონსტიტუციის მიღება იყო ის ქვაკუთხედი, რომელზეც ახალი რესპუბლიკა დაშენდა. იმავე წლის შემოდგომაზე, ახალი კონსტიტუციით, ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები, შემოვიღეთ ეროვნული ვალუტა - ლარი, ავირჩიეთ პრეზიდენტი. ქვეყანამ დაიწყო ინსტიტუტების მშენებლობის, საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაციისა და განვითარების გრძელი და რთული გზა.

მიუხედავად უმძიმესი მოვლენებისა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ საქართველოში განვითარდა, მიუხედავად დაპირისპირებისა და ომისა, საქართველოს განახლებული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ისტორიაში დარჩა უპირველესად როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღმდგენი და გამომცხადებელი.

ისტორია ასევე მიუჩენს კუთვნილ ადგილს იმ დამსახურებისათვის, რაც მიუძღვის მეორე პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, კონსტიტუციის მიღებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისათვის. დამოუკიდებლობის იდეას და სურვილს აუცილებლად სჭირდებოდა მატერიალური ხორცშესხმა, სისტემის აგება და სიცოცხლისუნარიანობა. უმძიმეს პერიოდში ედუარდ შევარდნაძემ ამ ურთულეს ამოცანას გაართვა თავი.

30 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციამ მრავალი ცვლილება და შესწორება გამოიარა, მოუწია არაერთი უხეში ჩარევის ატანა.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო 2017 წლის კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც მოემსახურა კონსტიტუციის გასწორების, ჰარმონიზაციის, დახვეწის და სრულყოფის იდეას. ტექსტი დაიხვეწა, გამთლიანდა, სრულ იქმნა. ზუსტად ისე, როგორც ამოისუნთქა სახელმწიფომ და გახდა ადამიანზე ორიენტირებული.

საქართველოს კონსტიტუცია იქცა ქვეყნის ეროვნული ინტერესების გამომხატველ ფუძემდებლურ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მმართველობას, მის პრინციპებს, ჩარჩოებს და წესრიგს.

საქართველო შედგა როგორც კანონისა და სამართლის ქვეყანა, რაშიც ფუძემდებლური როლი სწორედ ჩვენს კონსტიტუციას ეკუთვნის”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის