GNDEM - ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო სივრცის დახურვისა და მოქალაქე დამკვირვებლების საქმიანობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებს

ადგილობრივი არჩევნების დამკვირვებლების გლობალური ქსელი (GNDEM) კიდევ ერთხელ გმობს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო სივრცის დახურვის, ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვისა და მოქალაქე დამკვირვებლების საქმიანობისთვის ძირის გამოთხრის მუდმივ მცდელობებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც GNDEM-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„პროკურატურის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მინიმუმ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები გაყინა, მათ შორის GNDEM-ის წევრისა და მოქალაქეთა სადამკვირვებლო ორგანიზაციის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED). პროკურატურის ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ანგარიშსწორებას საზოგადოებრივი პროტესტის გამო, რომელიც დაიწყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილების შემდეგ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პროკურატურის ქმედებები, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის სხვა ქმედებები, ზღუდავს ლეგიტიმურ საზოგადოებრივ დისკურსს და ძირს უთხრის დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რითაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 17-ე და 22-ე მუხლებს, რომლებიც იცავდა მოქალაქეთა უფლებას, გამოთქვან საკუთარი აზრი და ასევე გაერთიანების თავისუფლებას.

GNDEM-ის მტკიცებით, ეს ქმედებები ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 19-ე და 20-ე მუხლებს და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის (ICCPR) 19-ე და 22-ე მუხლებს, რომლის ხელმომწერი საქართველოცაა.

GNDEM-ი ასევე აღნიშნავს, რომ პროკურატურის ქმედებები ხორციელდება 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ და ასევე მას შემდეგ, რაც ISFED-მა გააკეთა საჯარო განცხადებები, რომლებშიც ხაზი გაესვა, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, „რომელიც სარგებლის მომტანია მმართველი პარტიისთვის და რომ საქართველომ ვერ დააკმაყოფილა ვენეციის კომისიის სტანდარტები საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის შესახებ“.

ორგანიზაციის განცხადებით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, არ მოეწვია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

„პროკურატურის ქმედება აშკარად ძირს უთხრის ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალი არჩევნების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. მოქალაქე დამკვირვებლები, მათ შორის ISFED-ი, ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლისა და ვენეციის კომისიის მიერ აღიარებულები არიან ადამიანის უფლებათა დამცველებად, რომლებიც მოქალაქეთა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვას ემსახურებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სოლიდარობას უცხადებენ GNDEM-ის წევრებს საქართველოში და ყველა არაპარტიულ სამოქალაქო აქტორს, რომელთა აზრისა და გაერთიანების კონსტიტუციით გათვალისწინებული თავისუფლება საფრთხის ქვეშაა.

„ვაფასებთ ISFED-ის და სხვა დაზარალებული სამოქალაქო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს, გააგრძელონ თავიანთი მისიის შესრულება ქართველი ხალხის სამსახურში, საქართველოს მთავრობის რეპრესიული ქმედებებისა და იმ პოტენციური რისკის მიუხედავად, რაც პირადად ემუქრებათ. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას და სხვა ორგანოებს, შეწყვიტონ სამოქალაქო საზოგადოებაზე მუდმივი თავდასხმები, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულონ თავიანთი პასუხისმგებლობა, დაიცვან არჩევნების მოქალაქე დამკვირვებლები, როგორც ადამიანის უფლებების დამცველები, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ