ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ნარენდრა მოდის შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ნარენდრა მოდისთან მოლაპარაკებების დროს აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ნიუ დელის შორის ურთიერთობები განსაკუთრებული პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე ვითარდება.

„დღეს კარგი შესაძლებლობაა განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ძირითადი ამოცანები სხვადასხვა სფეროში“, - აღნიშნა პუტინმა.

თავის მხრივ, მოდიმ ხაზი გაუსვა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა აუცილებელია გლობალური სტაბილურობისთვის.

„ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, ინდოეთი და რუსეთი ყოველთვის მხარდამხარ მიიწევდნენ წი“, - აღნიშნა ინდოეთის პრემიერმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, თურქეთი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში განსაკუთრებული როლის შესრულებას გააგრძელებს.

„მადლიერები ვართ ჩვენი თურქი მეგობრების უკრაინის კრიზისის მოგვარების პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. მიმდინარე წლის მაისიდან სტამბოლის პლატფორმაზე უკვე გაიმართა რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების სამი რაუნდი, რამაც შესაძლებელი გახადა ჰუმანიტარული სფეროს რიგი პრაქტიკული საკითხების გადაჭრაში წინსვლა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ პუტინის თურქეთში ვიზიტს ელის და რომ შეთავაზება ძალაში რჩება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა