„ქართულმა ოცნებამ“ საგამოძიებო კომისიის დასკვნით, ფაქტობრივად, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი. ეს არის ღალატის ქრონიკა, რომელიც თავისუფალ სასამართლოში მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაზა თავაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის იმ ნაწილზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მათი პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებას შეეხება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ შეცვლის შემდეგ, „ამ რეჟიმის მიერ ჩადენილი ქმედებების შესწავლა მოხდება“.
„წულუკიანის ე.წ. კომისიას ლეგიტიმურთან, მის არსთან არანაირი შეხება არ აქვს. ის ჩანასახშივე იყო კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის საფუძველზე შექმნილი. მას ჰქონდა ერთადერთი დაკვეთა, რომ ის ღალატის ქრონიკა, რომელსაც ახლა „ქართული ოცნების“ რეჟიმი ისტორიის უკუღმა გადაწერით ცდილობს, ისე გაკეთებულიყო, როგორც მათ ძირითადმა დამკვეთმა დაუკვეთა. მე როგორც ვხედავ და მოსალოდნელი იყო, საკმაოდ უნიჭოდ, საკმაოდ არაპროფესიონალურად არის შესრულებული ეს ყველაფერი, ჩვენდა საბედნიეროდ. მათ ამ დასკვნის გამოქვეყნებით და ამ დასკვნის მომზადებით, ფაქტობრივად, საკუთარ თავებსაც გამოუტანეს განაჩენი. როდესაც ეს რეჟიმი ამ ქვეყანაში დამარცხდება და იქნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ორგანოები, პროკურატურა, სასამართლო და რეჟიმის მიერ არ იქნება მიტაცებული ჩვენი საარჩევნო უფლება, ჩვენი თანამოქალაქეების ხმები, პარლამენტი იქნება ლეგიტიმურად არჩეული, ლეგიტიმურად შეიქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც აუცილებლად შეისწავლის რეჟიმის მიერ ჩადენილ ქმედებებს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ნაწილში. აუცილებლად მოუწევს თითოეულ მათგანს, ვინც ამ კომისიაში არის წარმოდგენილი, პასუხისგება ნამდვილი სასამართლოს წინაშე და პირველ რიგში, ნამდვილი კომისიის წინაშე მოუწევთ ჩვენების მიცემა. ეს მათ მიერ მიღებული დაკვეთა, ეს ღალატის ქრონიკა კი თავისუფალ სასამართლოში მათ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ფაქტობრივად, აიძულეს, რომ ამ კომისიაზე გამოცხადებისას ცრუ ჩვენება მიეცათ. მათაც მოეკითხებათ ეს აუცილებლად.
კონკრეტულად ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსების ეპიზოდს რაც შეეხება, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტი იქნა დაცული მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მიერ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა უწყებასთან ერთად. ნებისმიერი მცდელობა, გიორგი გახარიას მიმართ ამის ბრალად შერაცხვა, არის ფუჭი მცდელობა, უსუსური მცდელობა, არაპროფესიონალური მცდელობა იმის, თითქოს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ქვეყნის ინტერესების დაცვა იყოს ქვეყნის ღალატი. ქვეყნის ღალატი არის ის, რასაც ჩადის თითოეული წევრი და რასაც აიძულებენ სხვადასხვა უწყებებს, რომ სისხლის სამართლის საქმე შეკერონ გიორგი გახარიას წინააღმდეგ.
რაც შეეხება 20 ივნისს, 20 ივნისთან დაკავშირებით ბევრი რამ ითქვა და დაიწერა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ გიორგი გახარიას მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო სრულიად ლეგიტიმური, იყო კანონის ჩარჩოებში. ეს ასევე აღნიშნულ იქნა სტრასბურგის გადაწყვეტილებაში. როცა სახელმწიფო ინსტიტუციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა შტურმი, იქ იყო ცალკეული გადაცდომები, რომელთა დაკავშირებითაც როგორც სისხლის სამართლებრივი წესით, ასევე ადმინისტრაციული წესით, პასუხისგებაში იქნა მიცემული სხვადასხვა პირი. თვითონ გიორგი გახარიამ ჩვენება მისცა 20 ივნისთან დაკავშირებით. უბრალოდ, ჩემთვის გასაკვირი ის არის, რომ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად ერთი და იგივე არგუმენტებით, ერთი და იმავე ხმაში წარმოაჩენენ ამას, თითქოს, გახარიას ჰქონდა გადაცდომები. ვფიქრობ, რომ თვითონ გიორგი გახარიასაც არაერთგზის აქვს აღნიშნული თუ რა მოხდა რეალურად, რომ მას არ გაუცია არანაირი ბრძანება ე.წ. დათვის ტყვიებთან დაკავშირებით და საზოგადოებას ვისაც რეალობის აღქმა აქვს, კარგად ესმის რა მოხდა იქ რეალურად“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ მთავარ პოლიტიკურ კონკურენტად გიორგი გახარიას აღიქვამს.
„ოცნებას“ ჰქონდა განზრახული, რომ გახარიას პოლიტიკური საქმიანობისთვის მაქსიმალურად შეეშალა ხელი. ის პოლიტიკური სცენიდან გაენეიტრალებინა. გიორგი გახარიას საქართველოში დარჩენის შემთხვევაში ეს მიღწეულ იქნებოდა. მთავარ კონკურენტად, ყველანაირი შეფასებით, „ოცნების“ რეჟიმი გიორგი გახარიას აღიქვამს. შესაბამისად, ის იმყოფება გერმანიაში და იქიდან ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც პოლიტსაბჭოსთან, ასევე ჩვენი პარტიის წევრებთან ერთად არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. „ოცნებამ“ გიორგი გახარიას წინააღმდეგ, თავიანთი ზრახვების რეალიზება ვერ მოახდინა, მისი პოლიტიკურად განეიტრალების ნაწილში. ვფიქრობ, ეს სახეზეა. ნუ ინერვიულებენ გიორგი გახარიაზე, გიორგი გახარია ძალიან კარგად მართავს ჩვენი პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ პროცესებს...
სხვათა შორის, ეს წულუკიანი წლების წინ გამოდიოდა და ჩინჩალაძე-მურუსიძეს ასახელებდა ზუსტად ამ მართლმსაჯულების სისტემის, სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მთავარ დამაბრკოლებელ გარემოებად. რა მოხდა მერე? - მერე მოხდა ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელი ჩამოართვა ჩინჩალაძე-მურუსიძეს, გულში ჩაიხუტა, დაიქვემდებარა და გააუქმა სასამართლო ხელისუფლება, წულუკიანსაც მოუწია სხვანაირი ჭიკჭიკი და აჭიკჭიკება, რომელიც ასე ებრძოდა ჩინჩალაძე - მურუსიძეს“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ზაზა თავაძემ განმარტება გააკეთა გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ საპარლამენტო მანდატების დატოვება იყო შეცდომა და აღნიშნა, რომ მიუხედავად აღნიშნული პოზიციისა, პარტიის 12 ახალი წევრი, რომლის სადეპუტატო უფლებამოსილებაც პარლამენტმა გუშინ ცნო, საკანონმდებლო ორგანოში არ შევა.
„გიორგი გახარიას განცხადებაში სენსაციურს და ახალს ვერაფერს ვხედავ, უბრალოდ, ვხედავთ ისტერიკას ისევ ორ ხმაში, „ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან. აბსოლუტურად ერთი და იგივე შეფასება, რომ გიორგი გახარიას ახალი 12 დეპუტატი პარლამენტში...არანაირი პოლიტიკური ბოიკოტი, რომელიც ჩვენ თავის დროზე დავიწყეთ, არ შეწყდება. არანაირი აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა არ მოხდება „ოცნების“ რეჟიმის მიმართ. გიორგი გახარიამ თქვა ის, რომ თავის დროზე 61 დეპუტატი რაც იყო საერთოდ ოპოზიციურ კალათაში, ამ მანდატების ასე დაყრა და „ოცნებისთვის“ ჩუქება, იყო შეცდომა. როდესაც გვყავს 60 პატიმარზე მეტი, როცა თავპირი დაამტვრიეს ჩვენს თანამოქალაქეებს, დაარღვიეს მასობრივად ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, როდესაც იძალადეს, შესაძლოა, რომ ამ მანდატების ასე დაყრა და „ოცნების“ რეჟიმისთვის ხელში ჩაგდება ყოფილიყო შეცდომა. ამის გამოყენება შესაძლოა მომხდარიყო სხვანაირად, რეჟიმისთვის ხელის შეშლისთვის. არავინ აპირებს ბოიკოტის შეწყვეტას. არავინ არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ვერც „ოცნება“, ვერც „ნაციონალური მოძრაობა“, ვერც ვერანაირი გარე ძალა ვერ გვაიძულებს იმას, რომ რაიმე ქმედება განვახორციელოთ, რაც ჩვენ ნებას ეწინააღმდეგება და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ასე რომ, ჩვენ თავისუფალი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში. ჩვენ რეჟიმის შესუსტებისთვის და რეჟიმის დამარცხებისთვის გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ლეგიტიმურ საშუალებას. ასე რომ, ჩვენ თავს არ შევიზღუდავთ, არცერთ შემთხვევაში, არც „ნაცმოძრაობის“ და არც „ოცნების“ ისტერიკების გამო. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას და ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.