გიორგი ბაჩიაშვილი - ქალბატონო თეა, ჩემი თხოვნა იქნება, ეგ თქვენი 400-გვერდიანი ნაშრომი, ეგებ რუსულად გამოსცეთ - „ქართული ოცნება“ ის ბოლო ტალახია, რომელიც საბჭოთა კავშირმა გვესროლა და ამ ტალახს სახელოვნად ჩამოვირეცხავთ

„ქართული ოცნება“ ის ბოლო ტალახია, რომელიც საბჭოთა კავშირმა გვესროლა და ამ ტალახს ქართველი ერი სახელოვნად ჩამოირეცხავს, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელსაც ის საპატიმროდან აქვეყნებს.

გიორგი ბაჩიაშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართველებს დაჭერით ვერ გააჩუმებენ.

„გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე იყო. ქვეყნის გაოფიციალურებული ღალატი პარლამენტის ტრიბუნიდან... საპატიმროში გაშვებული უამრავი ახალგაზრდა... ქალების მასიურად დაჭერაზე გადასული რეჟიმი და გაეროში გაგზავნილი ინციტატუსი... ქალბატონო თეა, სულ რომ მთელი ბიბლიოთეკა გადაწვათ და თავიდან გამოსცეთ, ახალგაზრდების გულიდან „ჯალათეას“ ვერ ამოშლით... ან რა უნდა დაწეროთ ახალ სახელმძღვანელოში? გამოგონილ „ომის პარტიას“ რომ ებრძოდით და ამ ბრძოლაში როგორ ასახიჩრებდით ქართველ ახალგაზრდებს? თუ სიხარბეს და ეჭვიანობას შეწირულ თანაგუნდელებს ორდენებს როგორ ურიგებდით? ჩემი თხოვნა იქნება, ეგ თქვენი 400-გვერდიანი ნაშრომი, ეგებ რუსულად გამოსცეთ. რით ვერ ხვდებით, რომ ქართველს დაჭერით ვერ გააჩუმებთ, სტალინმა საქართველო ვერც დაჭერით, ვერც დახვრეტით და ვერც გადასახლებით ვერ გააჩუმა. ასს დაიჭერთ ? ზღვა გამოვა!“ - აღნიშნავს გიორგი ბაჩიაშვილი.

ამასთან, წერილში ის პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ გაერთიანდნენ, რადგან ქართველ ხალხს ერთობა სჭირდება.

„მსურს, ასევე მივმართო ყველა პოლიტიკოსს, ვისთვისაც საქართველოს ბედი არ არის სულ ერთი, ქართველ ხალხს სჭირდება ერთობა. ერთობა იმ მთავარ მიზანში, რასაც საქართველოს ცივილურ ორბიტაზე დაბრუნება ჰქვია. მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და ნუ ვუღალატებთ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს. მივიდეთ ყველანი 4 ოქტომბრის არჩევნებზე და შემდეგ ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი, ამით ერთმანეთს მხოლოდ გავაძლიერებთ. ჩემი სრული და გულითადი მხარდაჭერა ყველა მამაც და საამაყო ახალგაზრდას, ყველა პოლიტპატიმარს, მათ ოჯახებს და ჩვენი ქვეყნის ყველა ნამდვილ პატრიოტს. ბრძოლა გრძელდება... „ქართული ოცნება“ ის ბოლო ტალახია, რომელიც საბჭოთა კავშირმა გვესროლა და ამ ტალახს ქართველი ერი სახელოვნად ჩამოირეცხავს. გახსოვდეთ, ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არ აქვთ - ჩვენ გვაქვს სიყვარული“, - აღნიშნავს გიორგი ბაჩიაშვილი წერილში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში