მოვუწოდებთ „ლელოს“, დაუბრუნდეს ერთობის რაციონალურ გზას, გამოუსვას ცელი ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც მას სტკივა, ხელი აიღოს ქართველი ხალხი მოტყუებაზე და რეჟიმის თანამზრახველობაზე ხალხის მოტყუებაში და დაუბრუნოს ღირსეული პასუხი იმით, რომ არჩევნებში არ შევა - თუ ამას გააკეთებს, მზად ვარ, 4 ოქტომბრამდე თავს არ დავესხა,- ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩერგოლეიშვილის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით, „ლელო“ „ოპოზიციურ საზოგადოებას გააერთიანებს“.
მისივე თქმით, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების: მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალება აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის 4 ოქტომბერს „არჩევნებადწოდებული ფარსის თუნდაც, მოჩვენებითი ლეგიტიმაცია“.
„ივანიშვილის დღევანდელი ჟესტით, კონკრეტულად პოლიტპატიმარ ხაზარაძის და პოლიტპატიმარ ჯაფარიძის შეწყალებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ივანიშვილისთვის 4 ოქტომბერს არჩევნებადწოდებული ფარსის თუნდაც, მოჩვენებითი ლეგიტიმაცია, თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილში. ამას ემსახურებოდა ხაზარაძის და ჯაფარიძის გამორჩევა, რომ შექმნას ისეთი წარმოდგენა, თუნდაც საზოგადოების მცირე ნაწილში, რომ რასაც 4 ოქტომბერს რეჟიმი ჩაატარებს, იმას არჩევნები ჰქვია.
ამიტომ, მიუხედავად იმ უდიდესი განსხვავებებისა, რაც „ფედერალისტებსა“ და „ლელოს“ შორის არის, მიუხედავად იმ უამრავი დაპირისპირებისა, რაც ჩვენ შორის ყოფილა, ჩვენ მოვუწოდებთ „ლელოს“, დაუბრუნდეს ერთობის რაციონალურ გზას, გამოუსვას ცელი ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც მას სტკივა და ცხადია, რომ მას სჭირდება თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული ფარსის ლეგიტიმაცია, ხელი აიღოს ქართველი ხალხი მოტყუებაზე და რეჟიმის თანამზრახველობაზე ხალხის მოტყუებაში და დაუბრუნოს ღირსეული პასუხი იმით, რომ არჩევნებში არ შევა. ამით გააერთიანებს ოპოზიციურ საზოგადოებას და ძალიან დიდ სიკეთეს მოიტანს.
თუ ამას გააკეთებს, მზად ვარ, 4 ოქტომბრამდე თავს არ დავესხა. თავდაუსხმელობას ხომ ითხოვენ და მზად ვარ, რომ 4 ოქტომბრამდე ეს ყველაფერი ავიტანო.
ჩანს, ამ ჟესტით ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი გაყიდა - მას ყველაზე ძალიან უნდა, 4 ოქტომბერს თუნდაც ლეგიტიმაციის მსგავსი მიიღოს, ამიტომ გაათავისუფლა. ეს არ არის ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ივანიშვილის თვითინტერესში გადადგმული ნაბიჯი, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიფორმოს რაღაც ვადით მიტაცებული ქვეყანა.
ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ახლა აქვთ შანსი, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგან ოპოზიციური ერთობისკენ და იმისკენ, რომ ჩვენ, რეჟიმის დელეგიტიმაციას მოვახდენთ ყველა დონეზე.
ვისაც ამის იმედი არ გაქვთ, გაიხსენეთ ბექა ოდიშარია, მისი ბანცალი და ყანყალი. ზუსტად ეგრე ყანყალებს რეჟიმი: სახედაკარგულია, დემორალიზებულია და ყველაზე მეტად მას სჭირდება ახლა თუნდაც ლეგიტიმაციის მსგავსის მიღება და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სწორად იმოქმედონ“,- განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ყაველაშვილმა მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მას სურს არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.
ასევე შეგახსენებთ, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო.
მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.