თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ კვლავ „დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას“

თეონა აქუბარდია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "გახარია - საქართველოსთვის" პარტიულ სიაში იყო, აცხადებს, რომ ბრძოლას დამოუკიდებლად გააგრძელებს.

როგორც აქუბარდია წერს, მან "არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნების შემდეგ პარლამენტს არ მისცა ლეგიტიმაცია" და აღნიშნავს, რომ ოპოზიციაში "მთავარი შეცდომა არა პარლამენტში არ შესვლა, არამედ საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანი ხედვის არარსებობა და ურთიერთდაპირისპირებაა, როდესაც ქვეყანა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას".

"გიზიარებთ ჩემს გადაწყვეტილებას კვლავ დამოუკიდებლად გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, რის გამოც შევედი პოლიტიკაში 2020 წელს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გახლდით "გახარია საქართველოსთვის" პარტიულ სიაში უპარტიო წევრი და ვმუშაობდი ქვეყნის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების ინტერესების ირგვლივ.

მე, ისევე როგორც ჩემმა თორმეტმა თანაგუნდელმა არათავისუფალ და არასამართლიანად ჩატარებული არჩევნების შემდეგ არ მივეცით ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტს ლეგიტიმაცია.

ბუნებრივია რეჟიმის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის ამოტრიალების და მასობრივი რეპრესიების ფონზე ვიყავი და ვრჩები წინააღმდეგობაში.

ოპოზიციის შეცდომები დღეს აქტუალური თემაა და ამაზე ბევრი შეიძლება ითქვას, თუმცა მთავარი შეცდომა არა პარლამენტში არ შესვლა, არამედ საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანი ხედვის არარსებობა და ურთიერთდაპირისპირებაა, მაშინ როდესაც ქვეყანა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.

კვლავ მტკიცედ მჯერა, რომ ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ქვეყნის კონსტიტუციურ გზაზე დაბრუნება ვერ მოხდება.

ამიტომ, გავაგრძელებ ბრძოლას შესაძლებლობის ფარგლებში იმ მიზნისთვის, რასაც ერთიანი ევროპული საქართველო ჰქვია.

მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა ამ მიზნისთვის ბრძოლაში. მჯერა რომ ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ