შს სამინისტრო ძალიან მაღალი სტანდარტით მუშაობს და როდესაც გვაქვს კონკრეტული შედეგები, ეს ყოველთვის არის შესადარებელი - ბოლო 3-თვიან პერიოდში, გელა გელაძის მინისტრად დანიშვნის დღიდან ცალსახად ვხედავთ, თუ რაოდენ ეფექტიანია მისი და იმ გუნდის საქმიანობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, პრემიერი მინისტრის მხრიდან შს დღევანდელი მინისტრის საქმიანობის მიმართ გამოხატული განსაკუთრებული კმაყოფილება და მისი მუშაობის შედეგების გასული წლის სტატისტიკასთან შედარება, რამდენად იყო წინა მინისტრის მუშაობით უკმაყოფილების ხაზგასმა, მიქანაძემ განაცხადა, რომ „შინაგან საქმეთა სხვადასხვა მინისტრების დროს რაღაც მოცემულობებები შესაძლოა შესადარებელია“.
მიქანაძის შეფასებით, შს სამინისტროს მუშაობის ეფექტიანობა საკმაოდ გაზრდილია და შედეგები არის თვალსაჩინო.
„პირველ რიგში, შემთხვევით ვისარგებლებ და ბატონ გელას დამსახურებულ წოდებას მივილოცავ!
ჩვენ ვნახეთ, რომ სამი თვის განმავალობაში მისი ხელმძღვანელობით შს სამინისტრომ კანონიერებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად არაერთი გახმაურებული ოპერაცია განახორციელა.
მართლა შთამბეჭდავია ციფრები, რომელიც წარმოდგენილია საზოგადოების წინაშე. კვირა არ გაივლის, რომ მასშტაბურ ოპერაციას არ ჰქონდეს ადგილი. რეალურად ვხედავთ, რომ ნარკორეალიზატორებს ძალიან დიდი დარტყმა მიადგათ, რაც პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების ინტერესებზეა ორიენტირებული.
ბატონი გელა არის ძალიან ღირსეული და წარმატებული მინისტრი. ბოლო 3-თვიან პერიოდში, მისი მინისტრად დანიშვნის დღიდან ცალსახად ვხედავთ, თუ რაოდენ ეფექტიანი მისი და იმ გუნდის საქმიანობა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.
შს სამინისტრო ძალიან მაღალი სტანდარტით მუშაობს და როდესაც გვაქვს კონკრეტული შედეგები, ეს ყოველთვის არის შესადარებელი.
ის მომენტი, რომ წინა მინისტრების დროს რაღაც არ კეთდებოდა, ვერ დაგეთანხმები, მაგრამ ვხედავთ, რომ ეფექტიანობა საკმაოდ გაზრდილია, შედეგები არის თვალსაჩინო. საზოგადოება ხედავს იმას, რომ ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რათა საზოგადოებრივი წესრიგი, თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს. ამ კუთხით შს სამინისტროს უდიდესი წვლილი მიუძღვის, რისთვისაც მინდა შევუერთდე პრემიერის მადლიერებას თითოეული პოლიციელის მიმართ და გამოვხადო პატივისცემა.
შინაგან საქმეთა სხვადასხვა მინისტრების დროს რაღაც მოცემულობები შესაძლოა შესადარებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში სამინისტროს საქმიანობა გამორჩეულად ეფექტიანია“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.