მარკ რუტე ვლადიმერ პუტინს - შეწყვიტეთ ომი უკრაინაში, შეწყვიტეთ მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დარღვევა და იცოდეთ, დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსეთიდან წამოსულმა მრავალმა დრონმა დაარღვია, ჩვენი საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა და ნატო-ს ტერიტორიის დაცვა წარმატებით უზრუნველყო, რაც მათი დანიშნულებაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პოლონეთთან ერთად ჩართული იყო რამდენიმე მოკავშირე, მათ შორის პოლონური F16-ები, ნიდერლანდური F35-ები, იტალიური AWACS-ები, ნატო-ს მრავალფუნქციური ტანკერული ტრანსპორტი და გერმანული Patriot-ები.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭო დღეს დილით შეიკრიბა და განიხილა სიტუაცია პოლონეთის მიერ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად კონსულტაციების ჩატარების მოთხოვნის გათვალისწინებით. მოკავშირეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს პოლონეთს და დაგმეს რუსეთის უგუნური საქციელი. ინციდენტის სრული შეფასება მიმდინარეობს. ცხადია, რომ გუშინ ღამით მომხდარი დარღვევა არ არის იზოლირებული ინციდენტი“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი.

„ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ, ჩვენი საჰაერო თავდაცვა მუდმივად მზადყოფნაშია. ეს მხოლოდ აძლიერებს ნატოს მნიშვნელობას და იმ გზას, რომელზეც მოკავშირეები შეთანხმდნენ წელს ჰააგაში ჩვენს სამიტზე. ჩვენ მეტი უნდა ჩავდოთ ჩვენს თავდაცვაში, გავზარდოთ თავდაცვის წარმოება, რათა გვქონდეს ის, რაც გვჭირდება შეკავებისა და თავდაცვისთვის და უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რომლის უსაფრთხოებაც ჩვენს უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ საშიშ ომს აწარმოებს და მუდმივად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

„მოკავშირეებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის ესკალაციის კამპანიის ფონზე“, - აღნიშნა რუტემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა ალიანსს აღნიშნული ინციდენტის წინასწარი შეფასება : იყო ეს განზრახ თავდასხმა, განზრახ შეჭრა თუ შეცდომა, რუტემ უპასუხა:

„სრული შეფასება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, განზრახ იყო ეს თუ არა, უგუნური საქციელია. ეს აბსოლუტურად საშიშია. მაგრამ, როგორც ვთქვი, სრული შეფასება მიმდინარეობს“.

ამასთან, კითხვაზე, გაქვთ რაიმე კონკრეტული გზავნილი რუსეთისთვის პრეზიდენტ პუტინისთვის ამ ინციდენტთან დაკავშირებით, მარკ რუტემ უპასუხა :

„პუტინისთვის ჩემი გზავნილი ნათელია: შეწყვიტეთ ომი უკრაინაში. შეწყვიტეთ ომის ესკალაცია. შეწყვიტეთ მოკავშირეთა საჰაერო სივრცის დარღვევა და იცოდეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, ფხიზლად ვართ და რომ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს“.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე