ლევან სანიკიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ბოლომდე დასანგრევად - ყოველდღიურად ზრდიან ალბათობას, რომ ივანიშვილმა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა „წყალს გაატანოს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან სანიკიძის შეფასებით, ხელისუფლება ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებს ბოლომდე ანგრევს.

სანიკიძემ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება შეაფასა, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს „ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი“.

ლევან სანიკიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თითოეული ქმედება აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას და თითოეულ თანამოქალაქეს ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებს ჩვენს ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ბოლომდე დასანგრევად. ჩვენ საერთოდ არ დაგვაინტერესებდა საკითხი მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ რომ ეხებოდეს. როდესაც „ქართული ოცნება“ არის დე ფაქტო ხელისუფლება და 26 ოქტომბრის შემდეგ, მიტაცებული აქვს საქართველოს კონსტიტუცია, ქართული სახელმწიფო, ბუნებრივია, მათი თითოეული ქმედება აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზას და ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნის. იმის ალბათობას ყოველდღიურად უფრო და უფრო ზრდიან, რომ ივანიშვილმა მოახერხოს და 4 მილიონი ქართველი დაასანქციროს და უვიზო მიმოსვლის უნიკალური შესაძლებლობა, რაც მოგვეცა, ეს ყველაფერი „წყალს გაატანოს“. შალვა პაპუაშვილი, რომელიც ახლა დაკავებულია მხოლოდ და მხოლოდ ელჩების და არასამთავრობოების:“ფეისბუქ“ გვერდების „სტალკერობით“, ყველაფერს აკეთებს დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეობის გარდა - დაკავებულია იაფფასიანი ჭორაობით და სხვისი „დათაგული“ პოსტების გამომზეურებით. ეს არის მისი ძირითადი ფუნქცია. ძალიან კარგია, რომ გერმანელმა პარტნიორებმა ისეთი მკაფიო განცხადება გააკეთეს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ჯერჯერობით, მკაფიო პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ცნობისთვის, გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი.

„ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ დეზინფორმაციისა და განხეთქილების გამომწვევი ნარატივების გავრცელებით, ის აქტიურად უთხრის ძირს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს